საქართველო - ევროპის ორმაგი ჩემპიონი! [VIDEO]

AutoSharing Option
19 დეკემბერი ქართული ძიუდოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღად დარჩება, ქართულმა კლუბებმა წარმატებით იჭიდავეს ევროპის საკლუბო პირველობაზე: "მებრძოლმა" ვენაში გამართული "ოქროს ლიგა" მოიგო, "საგარეჯომ" კი თბილისში პირველ ლიგაში იმარჯვა. მასთან ერთად "ოქროს ლიგის" საგზური "შევარდენმაც" მიიღო მესამე ადგილზე გასვლით.

ამდენად, გაისად ევროპის საკლუბო პირველობის უმაღლეს დივიზიონში - "ოქროს ლიგაში" 8-დან 3 გუნდი ქართული იქნება. ამდენივე ეყოლებათ რუსებსაც: სანკტ-პეტერბურგის "იავარა-ნევა", გროზნოს "ედელვაისი" და ნალჩიკის "მწვანე გორა". ამათ გარდა, იქ გერმანული "აბენსბერგი" და ქართველებით გაძლიერებული პორტუგალიური "სპორტინგ ლისაბონიც" იასპარეზებენ.

ასეთმა წარმომადგენლობითობამ თავისთავად წარმოშვა იდეა,
რომ გაისად "ოქროს ლიგა" თბილისში ჩატარდეს. ამასთან, ჩვენებს მსოფლიოს პირველი საკლუბო პირველობის მასპინძლობაც სურთ, ხოლო ორივე ტურნირი რომ დაგვითმონ, ცოტა საეჭვოა და თან ფინანსურადაც ძვირი სიამოვნებაა.

თუმცა, როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, იმის თქმა დანამდვილებით შეიძლება, რომ ამ ორი დიდი ტურნირიდან ერთ-ერთი ნამდვილად თბილისში ჩატარდება და ძიუდოს ქომაგი მორიგ ზეიმს მიიღებს.

"მებრძოლს" ბრძოლა დასჭირდა
მოულოდნელად, "მებრძოლს" ცხარე ბრძოლების გადატანა დასჭირდა ვენაში. არა, იქ ჭიდაობა იოლი რომ არ იქნებოდა, კი ვიცოდით, მაგრამ ჩვენმა კლუბმა სამივე შეხვედრა 0:1 ჩამორჩენით დაიწყო, პირველ ორში კი სულაც 0:2 ამოქაჩა.

66 კილოგრამში სამივე პაექრობა დავთმეთ - ფრანგულ "სენტ ჟენევიევ სპორტთან" და ფინალში გერმანულ "აბენსბერგთან" ვაჟა მარგველაშვილი დამარცხდა, ნახევარფინალში პორტუგალიელებთან კი - ამირან პაპინაშვილი.

პირველი ორი პაექრობა ნუგზარ ტატალაშვილმაც (73) წააგო, ხოლო მესამეში ევროპული თამაშების ფინალში მარცხისთვის რევანში აუღო ებრაელ საგი მუკის.

სამაგიეროდ, ყველასთვის მოულოდნელად, დომინიკ რესელთან წააგო ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81).

საბედნიეროდ, მეგობარი კარგად დააზღვიეს ვალერი ლიპარტელიანმა (90) და ადამ ოქრუაშვილმა (+90). არადა, არც ერთ მათგანს წაგების უფლება არ ჰქონდა, რადგან კლუბი ისედაც 1:2 აგებდა.

აღსანიშნავია, რომ ოქრუაშვილმა სამივე პაექრობაში გამოჭედა გამარჯვება, თუმცა ნახევარფინალში მანაც ბეწვის ხიდზე გაიარა უკრაინელთა ევროპისა და მსოფლიოს წლევანდელ მესამეპრიზიორ იაკიმ ხამოსთან - ვაზარსა და იუკოს აგებდა, თუმცა შებოჭა. მას წაგების უფლება არც იქ ჰქონდა, რადგან ანგარიში 2:2 იყო. ფინალშიც ძალიან კარგი შეხვედრა მოუგო გერმანელთა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ დმიტრი პეტერსს.

ლიპარტელიანმა პორტუგალიელებთან შეხვედრა გამოტოვა, სადაც ზვიად გოგოჭურმა იმარჯვა. თუმცა, ჩვენი ნაკრების ლიდერებმა ვერ დატოვეს მთლად დამაჯერებელი შთაბეჭდილება, ოღონდ მთავარ მიზანს მაინც მიაღწიეს - ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ნაახალწლევს ისინი უკვე სანაკრებო მზადებაზე გადავლენ და, იმედია, მდგომარეობაც გამოსწორდება.

ოქროს ლიგა
მებრძოლი: 3:2 სენტ ჟენევიევს სპორტი (საფრანგეთი)
მებრძოლი: 3:2 ლისაბონ სპორტინგი (პორტუგალია)
მებრძოლი: 2:3 აბენსბერგი (გერმანია)

ვაჟები
1. მებრძოლი (საქართველო)
2. აბენსბერგი (გერმანია)
3. სპორტინგ-ლისაბონი (პორტუგალია), იავარა-ნევა (რუსეთი).

ქალები
1. რსკ ჩამპინგი (საფრანგეთი)
2. კორტალოიდი (შვეიცარია)
3. ვენა სამურაი (ავსტრია), ძიუდო-სპეიერი (გერმანია).

საგარეჯოდან ჩემპიონობამდე
პირველ ლიგას თბილისის ახალმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა. ამ რანგის შეჯიბრებას პირველად ვუმასპინძლეთ, რაც საკლუბო ძიუდოს განვითარებას მეტ სტიმულს მისცემს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თბილისში "საგარეჯო" თავიდანვე ფავორიტი იყო და გაამართლა კიდეც იმედები. თან ჩვენებმა სამივე პაექრობა რუსებთან ჩაატარეს. მათ იოლად გროზნოელებს მოუგეს - 4:1, ნახევარფინალში კი ეკატერინბურგის "რატიბორეცთან" და ნალჩიკელებთან კი ლევან მატიაშვილის ვაჟკაცობით იმარჯვეს 3:2-ზე.

არადა, ნახევარფინალში საქმე აქამდე არ უნდა მისულიყო, უშანგი მარგიანს (81) მოულოდნელად რომ არ წაეგო სერგეი რიაბოვთან. ჩვენებურმა ფეხიც იტკინა და ფინალში თამაზ კირაკოზაშვილმა შეცვალა, თუმცა მწვრთნელთა იმედი ვერც მან გაამართლა.

ამ კლუბში სამი ლიდერი მოგვევლინა - ლაშა შავდათუაშვილი, ბექა ღვინიაშვილი და მატიაშვილი, რომლებმაც არა მარტო უდანაკარგოდ იჭიდავეს, კრიტიკულ მომენტებშიც იმარჯვეს.

ოლიმპიურ ჩემპიონს სამივე შეხვედრაში დასჭირდა უმცროსი ძმის დაკარგულის გამოსწორება, თუმცა ფინალში სპორტული გმირობაც ჩაიდინა, როცა ჯანმრთელობაც კი შეაგდო სასწორზე და მართლაც რომ გამოუვალი მტკივნეულიდან დაუძვრა ნალჩიკელ ოლეგ ბაბგოევს. სამწუხაროდ, ხელიც იტკინა და ბოლოს საჩემპიონო თასი ცალი ხელით შემართა.

ისე, დაჯილდოებამდე, ლანჩოთახში მდგარი ეს თასი ვიზუალურად იმდენად მოეწონა, იხუმრა, ჩვენ თუ მოვიგეთ, გავიტაცებო, მაგრამ სად ჰქონდა ამის თავი - გაქცევა კი არა, ხელს საერთოდ ვერ ამოძრავებდა. აკი აღნიშნა კიდეც, უცხოეთში რომ ყოფილიყო ეს შეხვედრა, მეტოქეს აუცილებლად დავურტყამდი ხელს დანებების ნიშნად, მაგრამ აქ ამის უფლება არ მქონდაო.

უფლება რა - ამისთვის ტყვიას არავინ ესროდა, მაგრამ ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა და თავს ამის უფლება არ მისცა, რადგან ეს "საგარეჯოს" წაგებას უდრიდა - ანგარიში 0:2 გახდებოდა ყაბარდოელთა სასარგებლოდ. საბედნიეროდ, ლაშამ ტკივილს გაუძლო და გაფრთხილებით მოიგო, რითაც საერთო ანგარიშიც გაათანაბრა.

ღვინიაშვილმა სამივე მეტოქე - იური პანასენკოვი, ადლან ესკირხანოვი და სამირ გუჩაპშევი იპონით დაამარცხა. ილეთებსაც კარგად აკეთებდა და შებოჭვაც გვაჩვენა. მისი ჭიდაობა იმდენად გამორჩეულია და მისი ფაქტორი იმდენად დიდია, რომ თურმე სოციალურ ქსელში "ედელვაისის" ქომაგმა დაწერა, მხოლოდ ერთი შეხვედრა წავაგეთ ბექა ღვინიაშვილის გუნდთანო.

მატიაშვილმა გუნდი ყველა კრიტიკულ ვითარებაში იხსნა, ფინალში კი უმშვენიერესი გვირგვინი დაიდგა. მან "ედელვაისთან" ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი ტამერლან ბაშაევი, ხოლო "რატიბორეცთან" სტეფან სარქისიანი გამეტებით ახათქუნა ვაზარ-იპონებზე, ფინალში კი გვირგვინი დაადგა კლუბის გამოსვლას, როცა ნალჩიკელი არტურ ხარცევი დასაკლავი გოჭივით დადო ბეჭებზე - მცირეხნიანი ჯაჯგურით ყურადღება მოადუნებინა მას და ჩინებულად გამოცერა.

მართალია, თვითონ კი ამბობდა, გამომივიდა ასეო, მაგრამ ჯერ ერთი, აშკარად ჩანდა, როგორ ამზადებდა ამ მოძრაობას და მეორეც: თუნდაც ასე იყოს, კარგად კი გამოუვიდა და!

"შევარდენმა" კამარა შეკრა
ეს კლუბი საგანგებოდ ამ ტურნირისთვის შეაკოწიწეს, თუმცა "ოქროს ლიგაში" მაინც გაინავარდეს. მათ ქართული ძიუდოს მართლაც კარგი თაობა წარმოაჩინეს (საინტერესოა, რომ სამივე კლუბის შემადგენლობაში 66 კილოგრამში შეხვედრები მხოლოდ მისმა წევრებმა მოიგეს), თუმცა რიგ ეპიზოდებში ახალგაზრდული ასაკი მაინც იჩენდა თავს.

მაგალითად, გელა კელიხაშვილმა (66) ოთხივე ბრძოლა მოიგო და კარგადაც იჭიდავა, მაგრამ ქომაგმა ძალიან ცუდად მიიღო მისი ქცევა, როცა ერთ შეხვედრაში გონწასულ მეტოქეს ყურადღება არ მიაქცია და მოგების სიხარული ღიად გამოხატა. არადა, იმავე "შევარდენთან" იყო, როცა ანალოგიურ ვითარებაში ჩვენს ფალავანს პირველი დახმარება მეტოქემ გაუწია. იმედია, კელიხაშვილი ასაკთან ერთად მეტოქის პატივისცემასაც ისწავლის, თორემ ძალიან ნიჭიერია.

ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ფრიდონ გიგანმა (73), რომელმაც ოთხი პაექრობა მოიგო. ასევე - თორნიკე ნაგლიაშვილმა (66), რომელმაც თავისი ერთადერთი შეხვედრა კი წააგო, მაგრამ ეს უფრო ახალგაზრდული სიფიცხით მოუვიდა, თორემ ჭიდაობით აჯობა გამოცდილ რუს დენის ლავრენტიევს.

მძიმე წონა ამ კლუბსაც საიმედო გვირგვინად ედგა თავზე - ონისე ბუღაძემ ხუთიდან ოთხი შეხვედრა მოიგო. მათ შორის - პრინციპულიც ფრანგ ადრიენ პინთან, 2:2-ზე. ურიგოდ არც გიორგი გველესიანს (90) უჭიდავია, თუმცა გამოჩნდა, რომ ის და ონისე სანებლიძე (90) ჯერ უფროსებთან საჭიდაოდ მზად არ არიან.

ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კლუბმა პატარა გმირობა ჩაიდინა, რადგან "რატიბორეცთან" კაცნაკლულმა გაიმარჯვა - ანზორ ბიბილაშვილმა (81) ტრავმის გამო ვერ იჭიდავა, მწვრთნელებმა კი ტაქტიკური მოსაზრებით ცვლილება არ გააკეთეს.

გოგონების დებიუტი
თურქულ "ტრაბზონსპორს" ორი ქართველი ლეგიონერი გოგონა ჰყავდა - მარიამ ჯანაშვილი (52) და ელენე ქებაძე (+70). მათ რიგებში მზია ბებოშვილსაც (52) უნდა ეჭიდავა, მაგრამ კუნთი აქვს გაწყვეტილი და მკურნალობს.

ჩვენებმა ორ-ორი შეხვედრა ჩაატარეს და თითო მოიგეს, "ტრაბზონსპორი" კი მეხუთეზე გავიდა.

I ლიგა
შევარდენი: 3:2 სუსი ჯუდო (საფრანგეთი)
შევარდენი: 4:1 ნიუ სტრიმ ტიუმენი (რუსეთი)
შევარდენი: 4:1 ნორდ-ოოსტი (ჰოლანდია)
შევარდენი: 4:1 სარტორვილი (საფრანგეთი)
შევარდენი: 4:1 რატიბორეცი

საგარეჯო: 4:1 ედელვაის გროზნო (რუსეთი)
საგარეჯო: 3:2 რატიბორეცი (რუსეთი)
საგარეჯო: 3:2 მწვანე გორა (რუსეთი)

ვაჟები
1. საგარეჯო (საქართველო)
2. მწვანე გორა (რუსეთი)
3. შევარდენი (საქართველო), ედელვაის-გროზნო (რუსეთი)

ქალები
1. ნორდ-ოსტი (ჰოლანდია)
2. შაბოლოვკა (რუსეთი)
3. დინამო-რნო ალანია (რუსეთი), ლიმოჟი (საფრანგეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თქვენ გაგიმარჯოთ ღმერთმა, ვამაყობთ, ვამაყობთ, ვამაყობთ!!!
ორთაჭლელი
13:17 21-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული