ანტალიის ტურნირი: ქართველი ჭაბუკების ჩინებულად ჩაბარებული გამოცდა

AutoSharing Option
ფოტოზე: ეთერ ლიპარტელიანი
ქართველმა ჭაბუკმა ძიუდოისტებმა ამ უქმეებზე ძალიან დიდი წარმატებით იჭიდავეს ანტალიაში ჩატარებულ თანატოლთა ევროპის თასზე. თანაც, ბიჭების გარდა, გოგოებმაც შესანიშნავად იასპარეზეს. ჩვენი გაერთიანებული გუნდის საერთო მონაგარი 24 მედალია - 6-6 ოქრო-ვერცხლი და 12 ბრინჯაო. ამავე სინჯის მედლისთვის კიდევ ხუთმა მოზარდმა იჭიდავა, თუმცა დამარცხდნენ და მეხუთეზე დარჩნენ.

ამ მედლებიდან 18 ჯილდო - 3 ოქრო, 5 ვერცხლი და 10 ბრინჯაო ბიჭების მონაგარია, გოგოების ანგარიშზე კი 6 მედალია - 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

ორივე ნაკრებმა თავის სქესში გაიმარჯვა
გუნდურ ჩათვლაში და, ცხადია, საქართველო საერთო გუნდურ ჩათვლაშიც ჩემპიონი გახდა. შედარებისთვის - მეორეზე გასული აზერბაიჯანის ანგარიშზე მხოლოდ 9 მედალია: 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

არადა, ჩვენი გუნდები ნამდვილად "სუფთა" ასაკით ჭიდაობენ, აზერბაიჯანის და ზოგიერთი სხვა გუნდის შემადგენლობაში კი რამდენი გადაზრდილი იყო, ღმერთმა უწყის. თან, არანაკლებ აღსანიშნავია ჩვენი სპორტსმენების - როგორც ბიჭების, ასევე, გოგოების ჭიდაობის მაღალი ხარისხი - თანამედროვე ძიუდოს ჭიდაობდნენ, ავლენდნენ ძალიან კარგ ფიზიკურ, ტექნიკურ თუ ტაქტიკურ მომზადებას და რაც მთავარია, ძალზე სანახაობრივად ირჯებოდნენ.

ბიჭებში 73 კილოგრამში უაღრესად სასიამოვნო ფაქტი მოხდა - კვარცხლბეკის ოთხივე მონაწილე ქართველი იყო. კიდევ ორ წონაში - 66-სა და 81-ში სამ-სამი მედალოსანი გვყავდა. ისიც საინტერესოა, რომ ბიჭები უმედლოდ არც ერთ წონაში არ დარჩენილან. რა გასაკვირია, ჩვენი გუნდების კარგი გამოსვლა ევროპული ფედერაციის საიტმაც თუ აღნიშნა.

ანტალიაში ჩემპიონები ეთერ ლიპარტელიანი (57), სალომე მჭედლიშვილი (70), სოფო სომხიშვილი (+70), თორნიკე გვიჭიანი (73), გიორგი ჩიქოვანი (90) და ამირან წიქორიძე (+90) გახდნენ, მეორეზე ნინო მგელაძე (52), გიორგი თუთაშვილი (55), ლევან გუგავა (66), ბაჩანა სარქისაშვილი (73), გოჩა ღვაჩლიანი (81) და ომარ საური (90) გავიდნენ, მესამეზე კი - ნატალია ყიფშიძე (48), მარიამ ჭანტურია (63), ლაშა ნადირაძე (50), ლაშა ბექაური (60), შალვა გაზაშვილი, ალეკო მამიაშვილი (ორივე - 66), გიორგი გელაშვილი, ტატო გრიგალაშვილი (73), მიხეილ ბექაური, ნოდარ ბერიაშვილი (81), ნიკა დონღვანი და ლევან ჭელიძე (+90).

ამ ტურნირს ორივე გუნდისთვის საევროპოდ შესარჩევი დანიშნულება ჰქონდა, თუმცა განსხვავებული ამოცანების გადაჭრა უწევდათ - გოგოებში კონკურენცია ჯერ კიდევ სუსტია და მწვრთნელებს არსებული კონტინგენტის მაღალ დონეზე მომზადება უწევთ. მათ ამორჩევის იმდენად დიდი საშუალება ჯერ კიდევ არ აქვთ, ბიჭებში კი ბევრად უფრო ვრცელი გეოგრაფია და ძლიერი კონკურენციაა. ამიტომ ირაკლი ცირეკიძემ იქ საქართველოს თითქმის ყველა მედალოსანი, 31 კაცი წაიყვანა, მხოლოდ მძიმე წონის ჩემპიონი გელა ზაალიშვილი დაასვენა, გოგოებში კი მთავარმა მწვრთნელმა გია თენაძემ სულ 14 შეგირდი გააგზავნა კახა მოცრაძის ხელმძღვანელობით.

ბიჭებს გაფართოებული შემადგენლობიდან აქ უნდა დაეკონკრეტებინათ ის ძირითადი ბირთვი, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის გააგრძელებს მზადებას. როგორც გითხარით, ჩვენები ყველაზე მეტი წარმატებით 73 კილოგრამში გამოვიდნენ, თუმცა ტურნირმა ყველაზე მეტი ინტრიგაც აქ დატოვა: ანტალიაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალი განმეორდა, ოღონდ ამჯერად საპირისპირო შედეგით დასრულდა - თორნიკე გვიჭიანმა რევანში აუღო ბაჩანა სარქისაშვილს.

ამ ბიჭებმა საქართველოს ჩემპიონატზეც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, ხოლო ფინალს კარგა ხანს გვიჭიანი იგებდა, ვიდრე ბოლოს შეცდომაზე არ მოჰყვა. ვფიქრობთ, ასეთ საორჭოფო წონებში მომდევნო შეჯიბრებებიც ძალიან ბევრს გაარკვევს.

თავდაყირა დადგა კონკურენცია 66-შიც, სადაც ჩვენგან ყველაზე უკეთ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გუგავა გამოვიდა, ჩემპიონი მამიაშვილი კი მესამეზე გავიდა. ამ წონაში თურქი მუჰამედ ილდირიმი მოუშორებელ თავის ტკივილად გვექცა - ქვეჯგუფში მამიაშვილი დაგვიმარცხა, ნახევარფინალში - გაზაშვილი, ფინალში - გუგავა.

კიდევ უფრო აიწეწა ვითარება 81-ში, სადაც საქართველოს ფინალისტებს ბრინჯაოსმედალოსანმა ღვაჩლიანმა აჯობა. ანალოგიური ვითარებაა 90-შიც, სადაც კონკურენტებს ასევე ქვეყნის ბრინჯაოსპრიზიორმა ჩიქოვანმა აჯობა, თუმცა ღვაჩლიანისგან განსხვავებით, მან ფინალშიც იმარჯვა.

მძიმე წონაში ზაალიშვილის არყოფნაში წიქორიძემ თავისი შანსი სრულად გამოიყენა. 55-ში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონმა თუთაშვილმა სერიოზული განაცხადი გააკეთა პირველ ნომრობაზე, ხოლო 50-ში ქვეყნის ჩემპიონმა ნადირაძემ პირადი შეხვედრა ისევ მოუგო ვიცე-ჩემპიონ სანდრო ძამაშვილს.

გოგოების ამ ნაკრებს ბოლო წლებში სერიოზული ლიდერები აკლდება, რადგან ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში დაკარგა ევროპის ჩემპიონები - შარშანწინ მარიამ ჯანაშვილი, შარშან კი მზია ბებოშვილი (ორივე - 52), რომლებიც ახალგაზრდებში გადავიდნენ, თუმცა, ისე ეტყობა, ამით ბევრი არ აკლდება, რადგან ახალი ლიდერები ჩნდებიან, რაც მწვრთნელთა დამსახურებაა (ნაკრებისაც და პირადებისაც).

მაგალითად, მწვრთნელები ხშირად ამბობდნენ, რომ მგელაძე ბებოშვილზე ნაკლები ტალანტი არაა - ეტყობა, ალღო არც ამჯერად ღალატობთ. ასევე ძალიან აქებენ მჭედლიშვილსა და სომხიშვილსაც, რომლებმაც სრულად გაამართლეს ავანსები.

სასიამოვნოა, რომ ისევ გაიბრწყინეს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონმა ლიპარტელიანმა, ბრინჯაოსმედალოსანმა ყიფშიძემ და ევროპის მესამეპრიზიორმა ჭანტურიამ. ანტალიაში მოპოვებული მედლებით მათ პირველი სერიოზული ნაბიჯი გადადგეს ევროპის ჩემპიონატისკენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გვიჭიანი,გუგავა და ჩვენი ეთო, ჩემი პატარა ლენტეხის საამაყო შვილები, ღმერთმა ჯამრთელობა, სიკეთე, სიხარული,წარმატებები დაგაბედოთ. საქართველოს ყველა წარმომადგენელს ულოცავ გამარჯვებას
სვეტლანა
17:12 10-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული