თბილისის გრან-პრი: ირაკლი უზნაძის რჩეულები და სტუმრები 73 ქვეყნიდან

AutoSharing Option
მოახლოვდა თბილისის გრან-პრი ძიუდოში, რომელსაც 25-27 მარტს სპორტის ახალი სასახლე უმასპინძლებს.

ჩვენი ვაჟთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ დაასახელა იქ გასაყვანი შემადგენლობა, რომელიც თითქმის ოპტიმალური იქნება: მასპინძელთაგან მას მხოლოდ ორი ლიდერი, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და ევროპის ორგზის გამარჯვებული, მსოფლიოს ფინალისტი ვალერი ლიპარტელიანი (90) დააკლდება, დანარჩენები კი უკლებლივ ისპარეზებენ.

ამასთან, უზნაძე სრულად იყენებს მასპინძლისთვის განკუთვნილ მაქსიმალურ კვოტას და ყველა წონაში 4-4 სპორტსმენით, ანუ ჯამში 28 კაცით ვიქნებით წარმოდგენილნი.

თუმცა უზნაძის გუნდში ბლომად საკადრო გადაადგილებაა. ამ ტურნირისთვის
მთავარი შესარჩევი შეჯიბრება საქართველოს ჩემპიონატია და მისი მედალოსნები ჭიდაობენ. უზნაძე ახლაც დიდწილად ამ სიას დაეყრდნო, თუმცა რამდენიმე მათგანი მაინც დატოვა შემადგენლობის მიღმა.

უმეტესად ეს ნაკრების ლიდერთა გუნდში ჩართვამ გამოიწვია - ვაჟა მარგველაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე - 73), ბექა ღვინიაშვილი (100), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე - +100). ისინი გათავისუფლებულნი იყვნენ ქვეყნის ჩემპიონატისგან და წინასწარი მონაცემებით, ზოგიერთ მათგანს მწვრთნელი არც თბილისში უპირებდა გამოყვანას, თუმცა საბოლოოდ შინაური ტურნირის ფაქტორმა მაინც გადაწონა.

თან ბევრ მათგანს სალიცენზიო ქულები სჭირდება - ზოგს რეიტინგში წინ წაწევისა და უკეთესი განთესვისთვის, მარგველაშვილს - სალიცენზიო 22-კაციან ზონაში პოზიციების გასამყარებლად, ხოლო ბექა ღვინიაშვილსა და, ზოგადად, 100 კილოგრამის ფალავნებს - საგზურის ზონაში შესასვლელად. ამ ამოცანების გადასაჭრელად კი საშინაო ტურნირი ბევრად ეფექტური გზაა, ვიდრე - უცხოეთში გამოსვლა.

ოღონდ არის ცოტა გაურკვეველი ცვლილებებიც. მაგალითად, ზოგიერთ წონაში უმედლოდ დარჩენილებიც დააყენეს, 66-სა და 100-ში არ არიან საქართველოს ჩემპიონები, შესაბამისად, თორნიკე თათარაშვილი და ლაშა გურული, 81-ში კი ქვეყნის პირველობაზე მეშვიდეზე გასული ლევან გუგავაა შემადგენლობაში. თუმცა გუგავა ახალ თაობაში ერთ-ერთი გამორჩეულია და თანატოლებში უცხოური ჯილდოებიც მოეპოვება, თათარაშვილისა და გურულის დატოვების მიზეზი კი, შესაძლოა, ის გახდა, რომ მათ უცხოეთში რამდენიმე შანსი ვერ გამოიყენეს. თუმცა ამაზე თავს ვერ დავდებთ.

ქალთა ტრიო
თბილისის ტურნირზე ქალთა შორის სამი მონაწილით ვიქნებით წარმოდგენილნი, რადგან მთავარმა მწვრთნელმა გია თენაძემ სხვების დაყენება არ მიიჩნია მიზანშეწონილად, მათ შორის - არც ძველი თაობის სპორტსმენებისა.

მონაწილეთა შორის იქნებიან ესტერ სტამი (70), ვინც ჯერ ისევ ხვდება რეგიონულ კვოტაში და ახალგაზრდებში მსოფლიოს ფინალისტი მარიამ ჯანაშვილი (52).

73 ქვეყანა გვეწვევა
წინასწარი მონაცემებით, თბილისის წლევანდელი ტურნირიც ძლიერი უნდა გამოდგეს. მოგეხსენებათ, ის სალიცენზიო სტატუსისაა და თან მის ქულებს ოლიმპიადამდე განახევრება-ცვლილება არ ემუქრება. ამიტომ მოსალოდნელია, რომ აქ ყველა ის სპორტსმენი ჩამოვა, ვისაც კი რეიტინგში ქულები სჭირდება.

თან, სალიცენზიო ტურნირებიც მთავრდება, უკვე ბევრიც აღარ დარჩა (ჩვენი ჩათვლით, 3 "დიდი პრიზი", 1 "დიდი მუზარადი" და მასტერსი), ამ შეჯიბრებას კი ერთ კვირაში სამსუნში მოსდევს ანალოგიური რანგის ღონისძიება. აქ ჩამოსულები ერთობლივ ვარჯიშებზეც დარჩებიან და მერე სამსუნში გადავლენ, ანუ ორ ტურნირს ერთ კომპლექტში იჭიდავებენ.

თბილისის "დიდ პრიზზე" დარეგისტრირებულია 73 ქვეყანა. აქედან ვაჟებში 62 გუნდი გამოდის. ვაჟთა შორის 272 მონაწილეა აღრიცხული, ქალებში - 179. მართალია, წინა წლების გამოცდილებით თუ ვიხელმძღვანელებთ, ეს სია ტურნირამდე კიდევ შეიცვლება, მაგრამ არსებითად - არა.

სამწუხაროდ, არ ჩამოდიან იაპონელები, კორეელებს კი მხოლოდ 4 ქალი ეყოლებათ, სხვა ძლიერი ქვეყნები კი გვეწვევიან: ჰოლანდია, საფრანგეთი, იტალია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, რუსეთი, ბრაზილია, მონღოლეთი, სომხეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ესპანეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ეგვიპტე, აშშ და სხვები...

თუმცა ფრანგები ვაჟებში სულ 3 მონაწილით იქნებიან, ძირითადი აქცენტი კი ქალთა 12-წევრიან გუნდზე აქვთ გადატანილი. მონაწილეთა შორის იქნებიან ისეთი შორეული და ძიუდოსთვის ჯერ კიდევ უცხო ქვეყნები, როგორებიცაა ავსტრალია, ახალი ზელანდია, განა, კამერუნი, კაბო ვერდე, გვინეა-ბისაუ, იორდანია, საუდის არაბეთი, ფილიპინები, ბურუნდი, ჩრდილოეთი კორეა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და სხვები.

აფრიკელების მსგავსად, ვრცლად იქნება წარმოდგენილი ლათინური ამერიკაც: ბრაზილია, ჩილე, ვენესუელა, პუერტო რიკო...

საკმაოდ წონადია მონაწილეთა სახელობითი სიებიც: აზერბაიჯანიდან მსოფლიოს პრიზიორი ორხან საფაროვი, მონღოლთა მსოფლიოს ჩემპიონი ბოლდბაატარ განბატი და ყაზახთა მსოფლიოს ფინალისტი რუსტამ იბრაევი, ფრანგი ევროპის ჩემპიონი სოფიენ მილუ, ევროპის პრიზიორები - ჰოლანდიელი ჟეროენ მოორენი და ებრაელი არტიომ არშანსკი (ყველა - 60), ჰოლანდიელი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ორგზის ფინალისტი დექს ელმონტი, უნგრელი ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი მიკლოშ უნგვარი, ბელგიელთა ევროპის ჩემპიონი დირკ ვან ტიხელტი, ჩრდილოკორეელი მსოფლიოს ფინალისტი კუკ ჰიონ ჰონი (73), ბერძენთა ევროპის, მსოფლიოს სამგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ილიას ილიადისი, ბრაზილიელი მსოფლიოს ჩემპიონი ტიაგო კამილო, შვედი ევროპის ჩემპიონი მარკუს ნიმანი (90) და სხვები...

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია დარეგისტრირებული სახელოვანი ძიუდოისტებისა, ყველას ჩამოთვლა კი შორს წაგვიყვანს.

საქართველოს ნაკრები
ვაჟები
60 კგ. ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი, ივანე ჯავახიშვილი, ირაკლი კუპატაძე
66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი, ბექა შავდათუაშვილი, გიორგი გუგულაშვილი, გელა კელიხაშვილი
73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ფრიდონ გიგანი, გიორგი კაციაშვილი
81 კგ. უშანგი მარგიანი, ზებედა რეხვიაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ლევან გუგავა
90 კგ. ზვიად გოგოჭური, პაატა ღვინიაშვილი, თორნიკე ჯუღელი, არჩილ გოგოლაშვილი
100 კგ. ბექა ღვინიაშვილი, ალექსანდრე მსხალაძე, გურამ თუშიშვილი, ლაშა ტაველური
+100 კგ. ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი, გიორგი ლაზუაშვილი, ონისე ბუღაძე

ქალები
52 კგ. მარიამ ჯანაშვილი
57 კგ. სალომე აბაშიძე
70 კგ. ესტერ სტამი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული