თბილისის გრან-პრი: ბოლო და სოლიდური

AutoSharing Option
მოახლოვდა "დიდი პრიზის" ტურნირი ძიუდოში, რომელსაც 25-27 მარტს თბილისის ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

ამ რანგის შეჯიბრებები ისედაც პრესტიჟულია, რადგან სხვებზე მეტ (რამდენიმე გამონაკლისის გარდა) სალიცენზიო ქულებს და ფულად პრემიებს იძლევა, თუმცა ამჯერად ოლიმპიური წელიწადის ფაქტორიც ემატება: აქ მოპოვებულ ქულებს თამაშებამდე განახევრება-განულება არ ემუქრება, ანუ ბოლომდე უცვლელად შერჩებათ. თან ბევრი აღარც სალიცენზიო შეჯიბრებები დარჩა და ამიტომ აქ ყველა ჩამოვა, ვისაც კი რეიტინგში ქულები სჭირდება.

წინასწარი მონაცემებით, ტურნირი საკმაოდ ძლიერი უნდა გამოდგეს. სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ბოლო დღეებში მონაწილეთა რაოდენობა ცოტათი
შემცირდა, მაგრამ სადღეისო მონაცემებით, თბილისში 71 ქვეყნის ნაკრებები უნდა ჩამოვიდნენ, აქედან ვაჟთა შორის 60 გუნდი გამოვა. მონაწილეთა მთლიანი ოდენობა 431 ძიუდოისტია, საიდანაც 261 ვაჟია და 170 - ქალი.

სამწუხაროდ, არ გვეწვევა ძიუდოში სიძლიერის საზომად მიჩნეული იაპონიის ნაკრები, მეორე აზიური გიგანტი - სამხრეთ კორეაც მხოლოდ ქალთა 4-კაციანი გუნდით ჩამოდის, თუმცა მსოფლიოს სხვა წამყვანი ძლიერი ქვეყნები ნამდვილად ჩამოდიან. მათ შორის - ოლიმპიადის მასპინძელი ბრაზილიაც, რომელიც ლამის ოპტიმალური შემადგენლობით გვეწვევა, რამდენადაც ამის საშუალებას კვოტირების სისტემა აძლევს.

ჩვენი ვაჟთა ნაკრები საშინაო შეჯიბრებაში სრულად გამოიყენებს წონების მიხედვით მასპინძლისთვის განკუთვნილ 4-კაციან კვოტას და საკუთარი მაყურებლის წინაშე 28 კაცით წარდგება. თუმცა მათ შორის არ იქნება გუნდის ორი გამოკვეთილი ლიდერი, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ფინალისტი ვალერი ლიპარტელიანი (90) - ისინი ოლიმპიადისთვის საგანგებო განრიგით ემზადებიან.

ჩვენი ნაკრების სხვა ლიდერები: ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი ამირან პაპინაშვილი (60), ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი და ევროპის ორგზის ფინალისტი ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე - 73), ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (+100), უშანგი მარგიანი (81), ბექა ღვინიაშვილი, გურამ თუშიშვილი (ორივე - 100) და სხვები იჭიდავებენ.

ბევრად მცირერიცხოვანი გვეყოლება ქალთა ნაკრები, სადაც სულ ოთხი მონაწილეა, თუმცა იქაც მატებაა - მარიამ ჯანაშვილის (52), მარიამ ციხელაშვილისა (57) და ესტერ სტამის (70) სამეულს მძიმე წონაში ელენე ქებაძეც დაემატა.

ჩვენთვის ყველა წონა საინტერესოა, მაგრამ ახლა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ორი იძენს ვაჟებიდან - 66 და 100, რადგან აქ ჯერ ისევ ლიცენზიების ძიებაში ვართ. შეგახსენებთ, რომ 100-ში ჯერ კიდევ არა ვართ სალიცენზიო 22-კაციან ზონაში. 66-ში ვაჟა მარგველაშვილი კი შედის ამათ შორის, თუმცა პოზიციების გამყარება მართებს.

არანაკლებ საინტერესოა ქალთა 70 კილოგრამი, სადაც ჰოლანდიიდან გადმობირებული სტამი თავისი ქულებით თუ შეაღწევს სალიცენზიო 14-კაციან ზონაში, მაშინ 100 კილოგრამის ფალავნებს გზას გაუხსნის რეგიონული კვოტისკენ, რომელსაც დღეს თვითონ ფლობს.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ტურნირით მთავრდება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციასთან დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ჩვენს ტურნირს "დიდი პრიზის" კატეგორია მიეკუთვნა. ახლა დასადებია ახალი ხელშეკრულება, თუმცა საქართველოს ძიუდოს ფედერაცია იმედოვნებს, რომ თანამშრომლობის გაგრძელებას საფრთხე არ ემუქრება.

თბილისის გრან-პრი 2016. განრიგი
25 მარტი
ვაჟები: 60, 66 კგ
ქალები: 48, 52, 57 კგ

26 მარტი
ვაჟები: 73, 81 კგ
ქალები: 63, 70 კგ

27 მარტი
ვაჟები: 90, 100, +100 კგ
ქალები: 78, +78 კგ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
"ქალთა 4-კაციანი გუნდი"
ქუთაისელი
11:41 23-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული