ოქროს დასაწყისი: ვაჟა მარგველაშვილი - ევროპის ახალი ჩემპიონი [VIDEO]

AutoSharing Option
ყაზანში 21 აპრილს დაწყებულ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატში წარმატებით ჩაება საქართველოს ვაჟთა ნაკრები - ოქროს მედალი მოიპოვა.

22 წლის ვაჟა მარგველაშვილმა (66) თავისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, როგორც ამ რანგის შეჯიბრებაზე პირველი, და საქართველოს დროშის ფრიალით გაუჩინარდა გასახდელში. მედლამდე ერთი მოგება დააკლდა ამირან პაპინაშვილს (60) და მეხუთეზე დარჩა.

მარგველაშვილმა ძალიან მაღალი დონის, გამართული, ტექნიკური და ლამაზი ჭიდაობა გვიჩვენა.

- დავით ქევხიშვილის ემოციები ვაჟა მარგველაშვილის გამოსვლის დროს [VIDEO]

წინა ტურნირებთან შედარებით, ის ახლა კიდევ უფრო ძლიერად ასპარეზობდა და ლამის ყველა კომპონენტში (ფიზმომზადება, ტაქტიკური
ხედვა, სუნთქვა-გამძლეობა) დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

ევროპის ახალი ჩემპიონი უშიშრად ერთვებოდა ბრძოლებში და ერთგვარი აზარტითაც კი მიდიოდა შეტევაში. ამ ყველაფერს კარგ ტექნიკურ არსენალსაც უხამებდა, ჭიდაობდა ორივე მხარეს, გააკეთა რამდენიმე ილეთი და მისი გამარჯვება სავსებით კანონზომიერია.

- ვაჟა მარგველაშვილი: დღე რომ გათენდა, მინდოდა ჩემპიონი გავმხდარიყავი [VIDEO]

პაპინაშვილი კი ახალ თაობასთან დამარცხდა, რადგან 20 წლის მოზარდებმა, ჯგუფში ფრანგმა ვალიდე ხიარიმ, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი იტალიელმა ელიოს მანზიმ მოუგეს.

დილის ქრონიკა
გუშინ ჩვენგან ტატამზე პირველად ოლიკო ალადოშვილი გავიდა 48 კილოგრამში, რომელიც, გარდა იმისა, რომ ამ რანგის შეჯიბრებების დებიუტანტია, ასაკითაც პატარაა. ის მწვრთნელებმა გამოცდილების მისაღებად წაიყვანეს, მაგრამ ამ პატარა გოგომ იქით ჩაუტარა სამაგალითო გაკვეთილი სლოვენიელ კრისტინა ვრსიჩს - მეტოქეს დაბლაჭიდში ჭიდაობიდან დაუძვრა, როცა მის შებოჭვას ცდილობდა და სულ რაღაც ერთ წუთში იქით შებოჭა.

თუმცა გუშინ ჩვენგან გზამკვლევის ტვირთი გოგოებს ხვდათ წილად - ვაჟებამდე მათ მოითავეს პირველი წრე. ოღონდ, ჩვენდა სამწუხაროდ, მარიამ ჯანაშვილი (52) და სალომე აბაშიძე (57) მეტოქეებთან ვერაფერს გახდნენ. ჯანაშვილმა, არსებითად, რეალური ვერაფერი დაუპირისპირა უნგრელ კატინკა საბოს.

სამწუხაროა, რომ ჯანაშვილმა სალიცენზიო ქულების შევსების შანსი ვერ გამოიყენა.

ამ შეხვედრას აბაშიძის წაგება მიჰყვა ბულგარელთა მომავალ ფინალისტ იველინა ილიევასთან ასევე სარეკორდოდ მოკლე დროში - მეტოქემ ორჯერ ჩაუხვია შიგნიდან ფეხი სავაზარედ და გამოცელა.

ამის შემდეგ ისევ ალადოშვილი გავიდა ტატამზე, რომელიც მეორე წრეში ბოლო თვეებში კარგად მოჭიდავე რუმინელ მონიკა უნგურეანუს შეხვდა, თუმცა ბევრიც არ დასცალდა. ალადოშვილი უშიშრად კი გავიდა ტატამზე, მაგრამ მეტოქემ მალევე მტკივნეულზე დაუჭირა ხელი და ისიც დანებდა... ისე ჩანდა, რომ ჩვენებურმა გვარიანად იტკინა ხელი - მას ექიმის შესვლაც კი დასჭირდა ტატამზე.

ქალებს ვაჟები მიჰყვნენ
ჩვენი ვაჟები მხოლოდ ამის შემდეგ ჩაებნენ ჩემპიონატში. ამ დუეტიდან თავდაპირველად ამირან პაპინაშვილი გავიდა და ფინელ იუჰო რაინვალის შავი დღეც აყარა - მაჯებიდან ჩავლებით იუკოზე დაიქნია, სამჯერაც გააფრთხილებინა და მშვენიერი ვაზარიც აართვა, როცა კარგად შეეკრა და წელში გამართული დგომიდან გადააგდო. რაც მთავარია, მისი ჭიდაობა გაფრთხილებებზე კი არ იყო აგებული, არამედ შემტევი, აქტიური სტილისა იყო და ამ ფონზე მსაჯებს ფინალის საერთოდ მოხსნაც შეეძლოთ, მაგრამ აშკარად დაინდეს.

სამწუხაროდ, პაპინაშვილმა ახალგაზრდებში ფრანგთა ევროპის ჩემპიონ ხიარისთან ამგვარი შემართული ჭიდაობა ვერ აჩვენა - ფრანგმა ამის საშუალება არ მისცა. პაპინაშვილი ნამდვილად ცდილობდა შეხვედრის სცენარის შეცვლას, მაგრამ ვერაფერს გახდა, ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ დგომში ილეთის მორიგი მცდელობისას მეტოქემ კონტრშეტევით ტატამზე დააგდო და შებოჭა.

ჩვენი ფალავანი ასე დასანანად გამოეთიშა ჩემპიონატს, სადაც გამარჯვების დიდი შანსი ჰქონდა, რამეთუ არ გამოდიოდა მისთვის უხერხული მეტოქე, რუსთა ევროპის სამგზის ყაბარდოელი ჩემპიონი ბესლან მუდრანოვი.

პაპინაშვილის წაგება ძალიან სამწუხარო იყო, მაგრამ კიდევ კარგი, გუნება ვაჟა მარგველაშვილმა გამოგვიკეთა, რომელიც ამათი შეხვედრის ბოლო წუთებზე ჩაერთო ტურნირში და მალევე პორტუგალიელ პედრო სოარესს ისეთი ამოუსვა და დაარჭო ტატამზე, თქვენი მოწონებული.

მეორე გამარჯვებაც ფრიად ეფექტური გამოდგა თურქ სინან სანდალთან - წელში შეეკრა და გარეფეხზე საიპონედ გადაჩეხა. თუმცა ეს ორთაბრძოლა საკმაოდ დაძაბულიც იყო და ჩვენებურმა იუკოც დაკარგა, თუმცა იმ მომენტში გადარჩა კიდეც, უფრო მაღალი სინჯის გდება რომ არ გაუშვა, თურქმა ისეთ კისრულზე გადმოიღო.

საკმაოდ დაძაბული გამოდგა მეოთხედფინალიც რუსთა ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონ არსენ გალსტიანთან. დაძაბული და თან საინტერესოც. გალსტიანი თვითონაც ტექნიკური მოჭიდავეა, არაა "ჩაკეტილი" და კარგადაც აჰყვა ჩვენებურს, მაგრამ რაც მარგველაშვილმა დამართა, ამას ძნელად წარმოვიდგენდით - პირდაპირ გააბითურა ეს ამხელა ოლიმპიური ჩემპიონი.

ყოველ შემთხვევაში, პირველ ნახევარში - ნამდვილად, ვიდრე ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყებდა ზრუნვას. დასაწყისში მართლაც საცოდავ დღეში ჩააგდო გალსტიანი, რაზეც ანგარიშიც მიუთითებს: იუკო, ვაზარი და სამი გაფრთხილება.

არადა, პორტუგალიელთან შეხვედრის შემდეგ ქართველს მალევე მოუწია გალსტიანთან საჭიდაოდ გასვლა, მეტოქემ კი უფრო მეტი დაისვენა და იყო შიში, ვაითუ, ფიზიკურად ვერ გაუძლოსო, იმის მიუხედავად, რომ ამ კომპონენტში ცუდად არ გამოიყურებოდა.

საბედნიეროდ, ეს შიში უსაფუძვლო გამოდგა - მარგველაშვილი ჯიქურ გაუხტა მეტოქეს, არც მის ტიტულებს დაერიდა, არც - მასპინძლობას, უშიშრად დაეძგერა და ჰაერში აფრიალა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით: სულ მალე გადავლებიდან ჰაერში ასწია, როგორღაც დაატრიალა და ისე დაანარცხა, მაგრამ არცთუ ბოლომდე სუფთად და მხოლოდ იუკო მისცეს.

შეტევები არც ამის შემდეგ შეუნელებია და მალევე ახლა უკვე მეორე მხარეს გადააგდო, როცა მის შეტევას კონტრილეთი დაუპირისპირა.

აი, ამის შემდეგ დაიწყო ანგარიშის შენარჩუნებაზე ფიქრი, რაც, ვგონებთ, ცოტა ადრე მოუვიდა. მეტოქემ იუკოც მიითვალა და თან ჩვენი ფალავანი სამჯერ გააფრთხილეს, მაგრამ საქმე მოგებამდე და ნახევარფინალამდე მაინც მიიყვანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საღამოს მედლები
საღამოს ბლოკში ჯერ პირველად პაპინაშვილი გავიდა საჭიდაოდ სანუგეშო წრეში, სადაც კიდევ ერთხელ დაამარცხა აზერბაიჯანელი ევროპისა და მსოფლიოს მესამეპრიზიორი ილგარ მუშკიევი. მას კარიერაში უკვე მეშვიდედ მოუგო, თუმცა ამჯერად ყველაზე დრამატული ბრძოლა გადახდა.

ბრინჯაოსთვის შეხვედრაში პაპინაშვილი გაფრთხილებებით დამარცხდა იტალიელ ელიოს მანზისთან, თუმცა უნგრელი რეფერის, ოლიმპიადის მონაწილე ერთადერთი არბიტრი ქალბატონის - ანამარია ფრიდრიხის მისამართით, სულ მცირე, კითხვები ჩნდება.

ჩნდება იმასთან დაკავშირებითაც, რამდენად სამართლიანად დასაჯა ჩვენებური ორჯერ, მაგრამ უფრო მეტად იმაზე, იტალიელისადმი ზედმეტად ლმობიერი ხომ არ იყო და ერთზე მეტად რატომ არ გააფრთხილა?

სხვათა შორის, პაპინაშვილი-მუშკიევის პაექრობაც ფრიდრიხმა იმსაჯა!

მარგველაშვილის საფინალო იპონი
მარგველაშვილმა ნახევარფინალში გაცილებით ფრთხილი ტაქტიკა აირჩია ბელორუს დმიტრი შერშანთან, გაფრთხილებებზე ჭიდაობდა, თუმცა ყრუ დაცვაში არ ჩამდგარა და ილეთები საბოლოოდ არ დაუვიწყებია.

უბრალოდ, ისე დიდი ძალებით აღარ უტევდა და, ალბათ, არც გაემტყუნება - მას ხომ პირველად მიეცა ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლის შანსი. ამ მიდგომამ ლამის ბოლომდე ახეირა - მეტოქე გააფრთხილებინა და მთელი შეხვედრა იგრძნობოდა მისი უპირატესობა, თუმცა ისევ ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყო ჭიდაობა, ხოლო დასრულებამდე 3-ოდე წამით ადრე ჩავარდა კიდეც და გაფრთხილებითაც დასაჯეს. სამაგიეროდ, დამატებით დროში სწრაფად მოუთავა ხელი იუკოთი.

ფინალში მას ბრიტანელი ევროპის პრიზიორი კოლინ ოუტსი დახვდა, რომელსაც წლეულს დიუსელდორფში მოუგო. სამწუხაროდ, ჩვენებურმა დასაწყისშივე ხელი იტკინა, რაც დაღად აჩნდა მის ჭიდაობას, ჩავლებას ვერ იღებდა, ხელსაც ვერ იყენებდა სათანადოდ, თუმცა ჯერ გააფრთხილებინა, დასრულებამდე 1.10 წუთით ადრე კი უზადო მოგვერდით წამოიღო იპონზე და კარიერაში პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თუმცა ეს პირველხარისხოვან შეჯიბრებებზე - ევროპისა და მსოფლიოს პირველობა, ოლიმპიადა მისი პირველი მედალია. ვუსურვოთ, აღებული ტემპი არც რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე დაეგდოს.
იხილეთ მარგველაშვილის დაჯილდოების ვიდეო
Sportall.Ge


დღეს, 22 აპრილს ყაზანის "ტატარნეფტ არენაზე" ჩვენგან ევროპისა და ოლიმპიადის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, ევროპის ორგზის ფინალისტი ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე - 73), ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და ქალთა შორის ესტერ სტამი (70) იჭიდავებენ. ვაჟებში პირველ წრეში სამივე ჩვენებური ისვენებს, 73-ში კი ჩვენები ერთ ჯგუფში არიან. შეხვედრები 14:00 საათზე დაიწყება.

ვაჟები
60 კგ
1. ვალიდე ხიარი (საფრანგეთი), 2. ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი), 3. ელიოს მანზი (იტალია), ჰოვჰანეს დავითიანი (სომხეთი), 5. ამირან პაპინაშვილი (საქართველო).

66 კგ
1. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო), 2. კოლინ ოუტსი (ბრიტანეთი), 3. ფაბიო ბასილე (იტალია), არსენ გალსტიანი (რუსეთი).

ქალები
48 კგ
1. ჩარლინე ვან სნიცკი (ბელგია), 2. ევა ჩერნოვიცკი (უნგრეთი), 3. დილარა ლოკმანეკიმი (თურქეთი), მონიკა უნგურეანუ (რუმინეთი).

52 კგ
1. მაილინდა კელმენდი (კოსოვო), 2. პრისცილა გნეტო (საფრანგეთი), 3. ანდრეა ჩიტუ (რუმინეთი), იულია რიჟოვა (რუსეთი).

57 კგ
1. აუტომნე პავია (საფრანგეთი), 2. იველინა ილიევა (ბულგარეთი), 3. ნორა ჟაკოვა (კოსოვო), ტიმნა ნელსონ ლევი (ისრაელი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
რუსეთის ჯარისკაცები საქართველოს ჰიმნის და დროშის წინ "ჩესტზე" დადგნენ. მადლობა ვაჟას და გილოცავთ!!!
tngh
10:47 22-04-2016
0
ირაკლი, ოზლუ არ გამხდარა ბრინჯაოს პრიზიორი. ვუყურე აშკარად და დავთიანთან წააგო მესამე ადგილისთვის შეხვედრა და დავიჯერო მე მეშლება რამე?
fraternity
10:53 22-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული