ძიუდო. ევროპის ჩემპიონატი: ქართველთა აღლუმი რუსეთში [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 7 მედლით დაამთავრა გამოსვლა ყაზანში, ევროპის ჩემპიონატზე პირად პირველობაში და გაიმარჯვა გუნდურ ტურნირში.

პირადში ჩვენებმა 2-2 ოქრო-ბრინჯაო და 3 ვერცხლი მოიპოვეს. ამათგან ერთი ვერცხლი ქალთა გუნდის მონაგარია, დანარჩენი - ვაჟების. ვაჟა მარგველაშვილის (66) შემდეგ ევროპის ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანიც (90) გახდა, ვინც უკვე მესამედ მოიპოვა ეს ტიტული. ვერცხლს ლაშა შავდათუაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და ქალებიდან ესტერ სტამი (70) დაეუფლნენ, ბრინჯაოს - ნუგზარ ტატალაშვილი (73) და ლევან მატიაშვილი (+100).

საერთო-გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები მეორეზე გავიდა, მხოლოდ ფრანგებმა გაგვისწრეს
ქალების ხარჯზე, სამაგიეროდ, ვაჟებში ჩვენებმა გაიმარჯვეს.

რვაგზის საქართველო
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები მერვედ გახდა ევროპის ჩემპიონი - მორიგ წარმატებას მათ გუშინ, 24 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე ყაზანში მიაღწიეს. თუმცა გამარჯვებას ორმაგი ფასი შესძინა იმან, რომ ჩვენებმა ფინალში რუსებს მოუგეს - 3:2.
იხილეთ ვიდეო
ფინალი - საქართველო VS რუსეთი


ჩვენები ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე რეკორდს უახლოვდებიან - მათ მხოლოდ საფრანგეთი (14 მოგება) და უკვე წყალგაღმა გასული ყოფილი საბჭოთა კავშირი (12) უსწრებენ, მდევრები კი ბევრად ჩამორჩებიან ჩვენებს - მეოთხეზე რუსეთია 3 ჩემპიონობით.

ამჯერად გუნდში ლიდერის ტვირთი მთლიანად იტვირთა ევროპაში უკვე მესამედ გაჩემპიონებულმა ვალერი ლიპარტელიანმა (90), რომელმაც პირადში მოპოვებული მერვე მედლის შემდეგ საქართველო გუნდურში მერვედ გააჩემპიონა. მან ყველა შეხვედრაში იასპარეზა, ყველა მოიგო და ძალიან მაღალი ხარისხის ჭიდაობა აჩვენა. თან რუსებთან ვადამდელი გამარჯვებაც მოგვიტანა, როცა სასწაული პაექრობა შემოუბრუნა რუსთა ახალწვეულ საიდ ემი ჟამბეკოვს.

ლიპარტელიანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რაოდენ მაღალი დონის სპორტსმენია, ბოლო წამებზე მკლავი კარგად დაუჭირა და მოგვერდით ტატამზე გაშხლართა.

შეხვედრა კი მოულოდნელი სცენარით დავიწყეთ - ყაზანში მშვენივრად მოჭიდავე ევროპის ახალი ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი (66) ვერაფერს გახდა ანზაურ არდანოვთან და ვაზარით დამარცხდა.

მდგომარეობა ტრავმირებულმა და თავშეხვეულმა ნუგზარ ტატალაშვილმა (73) გამოასწორა, ვინც ზელიმხან ოზდოევი იუკოთი დაამარცხა და ანგარიში გაათანაბრა: 1:1.

ავთანდილ ჭრიკიშვილმა ბერძენ რომან მასტოპულოსთან შეხვედრაში ნაწვნევი მარცხის რეაბილიტაცია სტანისლავ სემენოვთან შესრულებული ორი უმაგრესი გდებით შეძლო: პირველად კისრულით ვაზარზე გადმოიღო, მეორედ კი ამოსმულით იპონზე დააგდო და წინ გავედით: 2:1.

ლიპარტელიანზე უკვე ვთქვით და ლევან მატიაშვილს (+90) შეეძლო, თავი არც გამოედო ადლან ბისულთანოვთან, თუმცა ბოლომდე ებრძოლა. უფრო აქტიურიც იყო, მაგრამ დამატებით დროში, თითქოს მსაჯი მიზეზს ეძებდა, ერთი ჩავარდნა არ აპატია: 3:2 ჩვენს სასარგებლოდ.

იხილეთ ვიდეო
ყაზანში ზეაღმართული საქართველოს დროშა და აჟღერებული ჰიმნი
Sportall.Ge

ლიპარტელიანი: პროფესორი-ანაკონდა
ვალერი ლიპარტელიანზე ისევ გავიმეორებთ ადრე დაწერილს: დღევანდელ მოჭიდავეებში (არა მხოლოდ ძიუდოში) თუ ვინმეს ეკუთვნის ჭიდაობის პროფესორის წოდება, უპირველესად - მას! შესაშურია მისი სტაბილურობა - ზედიზედ მერვე ევროპის ჩემპიონატი და ზედიზედ მერვე მედალი! აქედან 3 ოქროა, 4 - ვერცხლი და 1 - ბრინჯაო. თან ბოლო ოთხი სეზონია, ოქრო-ვერცხლს ერთმანეთს უნაცვლებს. ისიც საინტერესოა, რომ იმ 3 ოქროდან 2 რუსეთშია მოპოვებული - 2012 წელს ჩელიაბინსკში.

ყაზანში ჭიდაობა მან თავიდან ცოტა არაეფექტურად დაიწყო, ეტყობა, ძალებს იზოგავდა, თუმცა ესეც პირობითია: ვერ მოიგო სწრაფად, ეფექტურად, იპონებით და უზადო გდებებით, თორემ არ გეგონოთ, გაუჭირდა: პირველივე შეხვედრაში სლოვაკ მილან რანდლის ვაზარით აჯობა და თან სამჯერაც გააფრთხილებინა (თუმცა თვითონაც ამდენივე მიიღო), სლოვენიელ მიიკლ ჟანკს კი მხოლოდ გაფრთხილებებით მოუგო.

სამაგიეროდ, მეოთხედფინალიდან აიწყვიტა და ამოსმულ-მოგვერდებით სულ ტყაპატყუპით აბერტყა ტატამზე ჯერ უკრაინელი ქუანჯაუ ნჰაბალი, ნახევარფინალში "პოლონურ სასწაულად" ქცეული პიოტრ კუჩერა (ქვეჯგუფში მან ფრანგ აქსელ კლერჯეს, ბერძენთა ქართველყოფილ მსოფლიოს სამგზის, ევროპის ორგზის და ოლიმპიურ ჩემპიონ ილიას ილიადისს და შვედთა ევროპის ჩემპიონ მარკუს ნიმანს მოუგო), ფინალში კი დამთავრებამდე 1.10 წუთით ადრე უზადო მოგვერდზე წამოიღო უნგრელი კრისტიან ტოტი.
იხილეთ ვიდეო
ლიპარტელიანის ულამაზესი გდება ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში
Sportall.Ge

იხილეთ ვიდეო
ლიპარტელიანის ულამაზესი გდება ევროპის ჩემპიონატის ფინალში
Sportall.Ge

ჩვენებურმა ტექნიკურად ძლიერი და ტაქტიკურად კარგად გააზრებული, შეიძლება ითქვას, ინტელექტუალური ჭიდაობა აჩვენა, სადაც არაფერი იყო ზედმეტი, გაუაზრებელი. შესაბამისად, არც "ბეწვის ხიდზე" გაუვლია ოდესმე, ყველა შეხვედრას თავიდან ბოლომდე აკონტროლებდა.

ახლა ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, როგორ ფორმაში შეხვდება "პროფესორი" ოლიმპიადას, სადაც გამოკვეთილ ფავორიტად ჩავა.

შავდათუაშვილი VS ორუჯოვი
ამ წონაში ბლომად დახვავდა ჩვენთვის საინტერესო ამბები, თუმცა შავდათუაშვილის ფინალით დავიწყებთ, სადაც აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვთან მხოლოდ 30 წამი დააკლდა ჩემპიონობამდე.

თავის კარიერაში ის მეშვიდედ შეხვდა ორუჯოვს და ზედიზედ მეექვსედ დამარცხდა, თუმცა მათი ახლანდელი პაექრობა პრინციპულად განსხვავდებოდა ადრინდელებისგან - ამჯერად შავდათუაშვილმა პირწმინდად დაჩაგრა ის, მაგრამ ვერ აჯობა მსაჯს. მათ ბოლო რამდენიმე დაპირისპირებაში იყო შეხვედრები, როცა გარკვეულ მომენტებში ჩვენებური უპირატესობას ფლობდა, ილეთებსაც აკეთებდა, მაგრამ ბოლომდე ვერ ინარჩუნებდა მას, ორუჯოვი საბოლოოდ მაინც ახერხებდა ინიციატივის აღებას, ახლა კი მსგავსი არაფერი ყოფილა, ლაშა მთელი თავით მაღლა იდგა მასზე და დამსახურებულად აუღო ვაზარი.

სხვათა შორის, შეხვედრის დაწყებისთანავეც დააგდო და არბირტმა მაშინაც ვაზარი მისცა, მაგრამ გააუქმებინეს. ესეც ცოტა საკამათოა - ორუჯოვი ისე დაეცა, იქნებ ვაზარი არ იყო, მაგრამ მთლად შეუფასებლობაც გასაკვირია. თან ვარდნის შემდეგ ლაშაც ცოტა დაყოვნდა და მერე გადააგორა.

თუმცა მთავარი ამბები შეხვედრის ბოლო 30-წამიან მონაკვეთში მოხდა, როცა არბიტრმა ჩვენებურს 3 გაფრთხილება მისცა და რაკი ერთი მანამდეც ჰქონდა, ლამის გაჩემპიონებული კაცი მოხსნა და გამარჯვება ორუჯოვს გადააბარა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ვერ ვიტყვით, რომ ამის პრეცედენტი არ არსებობს, მაგრამ ძალიან იშვიათად კი ხდება, როცა ვაზარით დაწინაურებულ კაცს გაფრთხილებებით ხსნიან. თან - ოლიმპიურ ჩემპიონს, მაგრამ ჩვენ ვერაფერმა გვიხსნა.

თუმცა ჩვენმა ფალავანმაც ნაადრევად დაიწყო ანგარიშის შენარჩუნებაზე ჭიდაობა. ალბათ, აჯობებდა, როცა მეტოქე მორალურად გატეხილი იყო და არაფერი გამოსდიოდა, ცოტა უფრო მყარად დასდგომოდა და ისე არ გაჰქცეოდა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ორუჯოვთან რამდენიც სცადა შენარჩუნებაზე ჭიდაობა, ყოველთვის წააგო.

სამწუხაროდ, ანგარიშის შენარჩუნებაზე, დროის გაყვანაზე ჭიდაობა ჩვენებისთვის კვლავაც "აქილევსის ქუსლია" და კიდევ ერთხელ გვიწევს იმის გამეორება, რომ ეს არ ნიშნავს ბრძოლიდან გაქცევას. 30 წამი არაა იმდენად დიდი დრო, მეტოქე ვერ შეაკავო. ჩვენებურს მესამე გაფრთხილების შემდეგ მართებდა ცოტა მეტი აქტიურობა, რადგან უკან დასახევი გზა მოჭრილი იყო. ამ დროს მორიგი გაფრთხილება წაგებას უდრიდა, დრო კი მხოლოდ 11 წამი რჩებოდა...

მსაჯს იოტისოდენა მიზეზიც არ უნდა მისცე, თორემ... აგერ, მატიაშვილი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ გააფრთხილეს ნახევარფინალში ტედი რინერთან. ეტყობა, შავდათუაშვილზეც იმდენად იმოქმედა ამ ლამის ისტორიული მოგების შანსმა, რომ ამ სურვილმა ყველაფერი გადაფარა.

თუმცა ამ ერთი შეხვედრით კარიერა არ მთავრდება. მთავარია, ბოლოს და ბოლოს, გასაღები მოუძებნა ამ უხერხულ მეტოქეს, მაგრამ ძალზე დასანანია ასეთი შანსის ხელიდან გაშვება. შავდათუაშვილს ბოლო შეჯიბრებებზეც ეტყობოდა, რომ დაამთავრა ახალ წონასთან ადაპტაცია, რაც ყაზანში კიდევ უფრო დიდი კოზირით დაადასტურა - 73-ში პირველი მედალი მოიპოვა და თან ამ დონეზე გაანეიტრალა მისთვის უხერხული ორუჯოვი..

ტატალაშვილი VS შავდათუაშვილი
ამ წონაში მძაფრი შიდა კონკურენცია ისევ გრძელდება თანაქალაქელებსა და მეგობრებს - ტატალაშვილსა და შავდათუაშვილს შორის. მათი გზები მეოთხედფინალში გადაიკვეთა და, როგორც გითხარით, შავდათუაშვილმა გაფრთხილებით მოიგო. ამით ურთიერშეხვედრებში ისევ დაწინაურდა - 3:2 მის სასარგებლოდ.

სამაგიეროდ, ტატალაშვილი რეიტინგში უსწრებს, თუმცა უსაშველოდაც - არა. ვფიქრობთ, ევროპის ჩემპიონატმა ამ კონკურენციაში ბევრი სიახლე ვერ შეიტანა - ტატალაშვილი შედეგით კი ჩამორჩა, მაგრამ კვლავაც აგრძელებს პროგრესს და ახლა წინა შეჯიბრებებთან შედარებით, კიდევ უფრო დახვეწილი და ძლიერი გამოჩნდა, ეტყობოდა წინსვლა მთელ რიგ კომპონენტებში. მას თამამად შეუძლია ჭიდაობა წონის ნებისმიერ ლიდერთან. თან ტაქტიკას სულ უფრო კარგად უხამებს ტექნიკას.

ეს მის სტატისტიკასაც ეტყობა - ბერძენი გეორგიოს აზოიდისი ვაზარის შემდეგ დააიპონა, ჩერნოგორიელი ნიკოლა გარდასევიჩიც ვაზარიზე დააგდო, გერმანელი იგორ ვანდტკე - იუკოზე, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი იმდენად დამაჯერებლად გაანეიტრალა და ისე აუღო ორი ვაზარი რუსთა ლიდერ დენის იარცევს, არც მას და არც მსაჯებს იოტისოდენა შანსიც არ მისცა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატიაშვილი VS რინერი
სამწუხაროდ, ყაზანში მსაჯების უსამართლობის კლასიკურ მაგალითად მატიაშვილი იქცა - როცა ნახევარფინალში ფრანგთა უძლეველ ტედი რინერთან შეტევის შემდეგ მეორე გაფრთხილება მისცეს, დარბაზი სტვენითა და უკმაყოფილო შეძახილებისგან აგუგუნდა. როგორი საქმეა - რუსეთში ქართველს რუსებმაც კი დაუჭირეს მხარი.

ტატამზე იმდენად უნიჭო სპექტაკლი გაჩაღდა, ალბათ, ძიგორო კანო საფლავში შეწრიალდა მის მიერ შექმნილი სპორტის სახეობის ასეთი "გაუპატიურებისთვის".

სამსუნის ტურნირის შემდეგ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა მსაჯები მართლაც ძლიერ ფრანგს მატიაშვილთან ასე დაუმსახურებლად მიცემული გაფრთხილებით ეხმარებიან. სავსებით გასაგებია ჩვენი ნაკრების თავკაც ირაკლი უზნაძის ირონიული სიცილი და ხელების გაშლა - ცოცხალი რომ ყოფილიყო, ალბათ, მას ძიგორო კანოც კვერს დაუკრავდა.

ისე, მატიაშვილი გუნდურის ფინალშიც დაუმსახურებლად გააფრთხილეს რუს ადლან ბისულთანოვთან დამატებით დროში - ერთი ჩავარდნა არ აპატიეს იმის მიუხედავად, რომ უფრო მეტს უტევდა და მეტოქე გასავათდა, ისე მოქანცა და დაღალა. თუმცა მაშინ გუნდური გამარჯვება გარანტირებული გვქონდა და ამას საერთო შედეგზე არ უმოქმედია.

მატიაშვილი რინერს ამჯერად ბევრად უფრო თავისუფლად ეჭიდავა და ზედა ჩავლებაც არ ააღებინა, რასაც, ჩვეულებრივ, კოზირად იყენებს ფრანგი. რამდენჯერმე ჩვენებურმა ილეთზე წამოღებაც რეალურად დაუპირა, რაც რინერისთვის კარგა ხანია, არავის უკადრებია. აი, სწორედ ამ მცდელობების დროს გააფრთხილეს მატიაშვილი, რინერმა კი, აქაოდა, ეს რა მაკადრესო და უხეშობას მოუხშირა, აშკარად შეეტყო გაბრაზება.

თუმცა რაც შეხვედრის დასრულებამდე 1 წამით ადრე იკადრა, ეს არ ეკადრებოდა - მიმავალ მატიაშვილს ზურგიდან წამოეპარა, დაქაჩა და იპონზე დააგდო. აქაოდა, გაფრთხილებით მოგება არ იკადრა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იმ მომენტში ჩვენებურიც შეგუებული იყო მარცხს და ამიტომ აქცია ზურგი ისე უყურადღებოდ. თან არც პროტესტი გამოუხატავს, თუმცა მას მადლობის მეტი არაფერი ეკუთვნის - ტურნირზე ბოლომდე იბრძოლა და სამსუნთან შედარებით, კიდევ უფრო უკეთესად გამოვიდა. ცოტა წონასაც თუ დაიკლებს, მთლად უკეთესი, ამ ბრინჯაოთი კი რეიტინგში გადაუსწრო ადამ ოქრუაშვილს. თან ოქრუაშვილის მომგები უკრაინელი ალექსანდრ გორდიენკოც (ჩვენებური პირველივე ბრძოლაში დამარცხდა მასთან) პირწმინდად დაჯაბნა - ვაზარიც აუღო და ბოლოს გაფრთხილებებით მოახსნევინა. არადა, გორდიენკო ერთ-ერთი მზარდი სპორტსმენია ამ წონაში.

მატიაშვილმა მანამ სერბი ზარკი ცულუმიც დაამარცხა იუკოთი, ბრინჯაო კი უნგრელ ბარნა ბორს აართვა გაფრთხილებებით.

ჭრიკიშვილის მოულოდნელი მარცხი
მსაჯს ჭრიკიშვილის ფინალზეც შეგვიძლია, მივედავოთ, როცა ხალმურზაევი არ გააფრთხილა, მაგრამ ჩვენებურსაც მეტი მართებდა - მეტოქეს ვერ აუღო ჩავლება და იმ ავბედით ეპიზოდშიც თავად მოადუნა ყურადღება, როცა მეტოქემ გარედან გამოჰკრა სავაზარედ. სხვათა შორის, საყრდენ ფეხზე გამოჰკრა, ოღონდ გარედან შიგნით და არა პირიქით, რაც დასაშვებია. თან ამ შეცდომით მას ადრეც წაუგია...

ფინალამდე მას სერიოზული კონკურენტი არც ჰყავდა და იოლად მიფერთხა ყველა - ავსტრიელი მარსელ ოტი, თურქთა ქართველი ემირან იუცელი, მოლდოველი ვალერიუ დუმინიკა, შვედი რობინ პაჩეკი. ზოგი გაფრთხილებით გააგდო, ზოგი კი მრავალფეროვან ილეთებზე დაანარცხა, მაგრამ შედარებით ძლიერ ხალმურზაევთან ნაკლოვანებებიც გამოაჩნდა.

დამაფიქრებელია, რაც გუნდურზე დაემართა ბერძენთა ქართველ რომან მასტოპულოსთან, როცა ბოლო წამებზე მეტოქემ იუკოზე ჩაატრიალა და თან აიძულა, ხელიც დაერტყა დანებების ნიშნად.

სტამის პირველი საქართველოს
ჰოლანდიიდან გადმოსულმა ესტერ სტამმა (70) პირველი ევროპული მედალი მოიპოვა, რაც საქართველოსთვისაც ამ მასშტაბის პირველი ჯილდოა ქალთა საჭიდაო სახეობებში. ამიტომ სავსებით გასაგებია მისი სიხარული ნახევარფინალში ფრანგთა შარშანდელ მსოფლიოს მესამე პრიზიორ ფანი ესტელა პოსვიტესთან.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სტამმა საოცარი გარდასახვა გვაჩვენა და ბლომად ილეთებს აკეთებდა. ბოლოდროინდელი ჩავარდნის შემდეგ მისგან ასეთ პროგრესს ვერ ვიფიქრებდით. არც იმ ბადის გავლისა გვჯეროდა, რომელშიც აღმოჩნდა, მაგრამ იყოჩაღა. ბელგიელი როქსანე ტაიმანსი იმ კომპანიაში ყველაზე სუსტი იყო და სუფთადაც მოუგო, აი, მერე კი გერმანელი მსოფლიოსა და ევროპის ფინალისტი ლაურა ვარგას-კოხი შეხვდა. პირველი სენსაციაც მასთან შემოგვთავაზა, როცა ორჯერ ვაზარი აართვა, უნგრელ ევროპის პრიზიორ საბინა გერშაკს კი გაფრთხილებით გასცდა.

სამწუხაროდ, ფინალში მეორე ფრანგს, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ოლიმპიურ პრიზიორსა და ევროპის ბოლო სამი პირველობის მომგებ (ყაზანში მეხუთედ გახდა ევროპის ჩემპიონი) ჟევრის ემანეს ვერ გადაახტა, თუმცა შეხვედრის დასაწყისში ხელიც იტკინა.

მარცხის მიუხედავად, სტამიც მხოლოდ ქებას იმსახურებს. მას სალიცენზიო ზონაში შესასვლელად რამდენიმე ქულა სჭირდება და თუ ამას მოახერხებს, რეგიონული კვოტისკენ გზას გაუხსნის ბექა ღვინიაშვილს (100).

შაბათ-კვირას ჩვენებიდან ყველაზე დასანანად სწორედ ღვინიაშვილი გავარდა - ჰოლანდიელთა მომავალ ჩემპიონ ხენკ ხროლთან ორი ვაზარი გაუშვა. თან - ლამის იდენტური შეცდომებით.

ამ წაგებამ მისი სალიცენზიო ამბიციებიც შეარყია, რადგან სხვა კონტინენტების პირველობებმა რეიტინგზეც მოახდინა გავლენა, თუმცა ჩვენებურს მდგომარეობის გამოსასწორებლად ტურნირები და შანსები კიდევ რჩება.

ევროპის ჩემპიონატი. ინდივიდუალური შეჯიბრი
60 კგ
1. ვალიდე ხიარი (საფრანგეთი), 2. ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი), 3. ელიოს მანზი (იტალია), ჰოვჰანეს დავითიანი (სომხეთი), 5. ამირან პაპინაშვილი (საქართველო).

66 კგ
1. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო), 2. კოლინ ოუტსი (ბრიტანეთი), 3. ფაბიო ბასილე (იტალია), არსენ გალსტიანი (რუსეთი).

73 კგ.

1. რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი), 2. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო), 3. ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო), როკ დრაქშიჩი (სლოვენია)

81 კგ.
1. ხასან ხალმურზაევი (რუსეთი), 2. ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო), 3. ივაილო ივანოვი (ბულგარეთი), რობინ პაცეკი (შვედეთი)

90 კგ.
1. ვალერი ლიპარტელიანი (საქართველო), 2. კრისტიან ტოტი (უნგრეთი), 3. პიოტრ კუჩერა (პოლონეთი), მარკუს ნიმანი (შვედეთი)

100 კგ.
1. ხენკ ხროლი (ჰოლანდია), 2. ტომა ნიკიფოროვი (ბელგია), 3. მიხაელ კორელი (ჰოლანდია), გრიგორი მინასკინი (ესტონეთი)

+100 კგ.
1. ტედი რინერი (საფრანგეთი), 2. ორ სასონი (ისრაელი), 3. ლევან მატიაშვილი (საქართველო), დანიელ ნატეა (რუმინეთი)

ქალები
48 კგ
1. ჩარლინე ვან სნიცკი (ბელგია), 2. ევა ჩერნოვიცკი (უნგრეთი), 3. დილარა ლოკმანეკიმი (თურქეთი), მონიკა უნგურეანუ (რუმინეთი).

52 კგ
1. მაილინდა კელმენდი (კოსოვო), 2. პრისცილა გნეტო (საფრანგეთი), 3. ანდრეა ჩიტუ (რუმინეთი), იულია რიჟოვა (რუსეთი).

57 კგ
1. აუტომნე პავია (საფრანგეთი), 2. იველინა ილიევა (ბულგარეთი), 3. ნორა ჟაკოვა (კოსოვო), ტიმნა ნელსონ ლევი (ისრაელი)

63 კგ.

1. ტინა ტრსტენიაკი (სლოვენია), 2. კატრინ უნტერვურზახერი (ავსტრია), 3. ეკატერინა ვალკოვა (რუსეთი), ანიცკა ვან ემდენი (ჰოლანდია)

70 კგ.
1. ჟევრის ემანე (საფრანგეთი), 2. ესტერ სტამი (საქართველო), 3. საბინა გერშჩაკი (უნგრეთი), ფანი ესტელა პოსვიტე (საფრანგეთი)

78 კგ.
1. ოდრი ჩუმეო (საფრანგეთი), 2. ხუუსიე სტეენჰუსი (ჰოლანდია), 3. ლუისე მალზანი (გერმანია), ნატალი პაუელი (ბრიტანეთი)

78 კგ.
1. კაირა საიტი (თურქეთი), 2. სვეტლანა იარომკა (უკრაინა), 3. ბელკის ზერა კაია (თურქეთი), იასმინ კულბსი (გერმანია)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
თვითონ ფრანგი ჟურნალისტები და სპეციალისტები ამბობდნენ რინერის მომგები დღეს მატიაშვილის გარდა ევროპაში არავინ არისო(კიდევ იაპონელი)მატიაშვილმა წონა უნდა დაიკლოს და მოუგებს რინერის მჯერა!ეს უკნიდან მიპარვა კიდევ უნდოდა ეთქვა და თქვა კიდეც კომენტარში აღნიშნა 'ყველა შეხვედრა იპონით მოვიგეო' სუფთა საქონელია...
ლიპარტელიანი საღოლ მართლა "პროფესორია"!ესეთ ფორმაში თუ წავიდა რიოში უეჭველი ოლიმპიური ჩემპიონია!!წარმატებები ჩვენს ნაკრებს!
francua
18:26 25-04-2016
0
საამაყო ბიჭები!!
თბილისელი
16:39 25-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული