ყაზანი თუ ბუდაპეშტი? რა დაგვანახვა ძიუდოისტთა ბოლო ევროპირველობამ

AutoSharing Option
კარგა ხანია, ჩვენი ნაკრები პირველხარისხოვან ტურნირზე ასე მასშტაბური წარმატებით არ გამოსულა, როგორც ახლა იჭიდავა ყაზანში დამთავრებულ ევროპის ჩემპიონატზე. გამარჯვება გუნდურ პირველობაში (თან ფინალში მასპინძელთა ძლევით), 7 მედალი პირადში (2 ოქრო, 3 - ვერცხლი და 2 - ბრინჯაო), მეორე ადგილი არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში და პირველობა - ვაჟებში...

შეგახსენებთ ამ წარმატების ავტორებს: ვაჟა მარგველაშვილი (66) და ვალერი ლიპარტელიანი (90) ჩემპიონები გახდნენ, ლაშა შავდათუაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და ქალებში ესტერ სტამი (70) მეორეზე გავიდნენ, ნუგზარ ტატალაშვილი (73) და ლევან მატიაშვილი (+100) -
მესამეზე.

ამ გამოსვლას მასშტაბურობით 2013 წელს ბუდაპეშტში გამართული ევროპირველობა თუ შეედრება, სადაც ასევე 7 მედალი დავისაკუთრეთ, ოღონდ იქ 7 წონიდან 6-ის ფინალში ვიჭიდავეთ და 3 მოვიგეთ. თან მაშინ ყველა მედალი ვაჟებმა მოიპოვეს, ახლა კი ქალმაც შეგვიხვავრიელა მონაგარი.

საინტერესოა, რომ არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში საერთო მაჩვენებელში ფრანგებმა სწორედ ქალების ხარჯზე გაგვისწრეს, თორემ ვაჟებში ბევრად ჩამოვიტოვეთ - ჩვენ 6 მედალი გვაქვს, იმათ - მხოლოდ 2. სამაგიეროდ, ქალებით გაგვისწრეს.

იმედია, ეს არ იყო ჩვენი გუნდის მაქსიმუმი და ფორმის პიკს ოლიმპიადაზე შეხვდებიან.

თუმცა ყაზანში ჩვენების წარმატება ამით არ ამოწურულა: 23 აპრილს ევროპის ძიუდოს კავშირის გალა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც 2015 წლის საუკეთესო გუნდად ძიუდოში საქართველოს ნაკრები დაასახელეს, ხოლო ბექა ღვინიაშვილი ასევე შარშანდელი სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ვაჟ ძიუდოისტად აღიარეს.

სხვათა შორის, ღვინიაშვილის ტალანტი მისმა მძლეველმა და ევროპის აწ უკვე სამგზის მომგებმა ჰოლანდიელმა ხენკ ხროლმაც შეაფასა. გამარჯვების შემდეგ ევროპის ძიუდოს კავშირმა მას ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც ქართველთა დიდმა მოყვარულმა მედიაოფიცერმა და კომენტატორმა შელდონ ფრანკო-რუქსმა ჩვენებურზეც ჰკითხა. გროლმა უპასუხა, ღვინიაშვილი ამ წონისთვის პატარაა, მაგრამ ორივე მხრიდან ჭიდაობს, ძალიან საშიშია და სამომავლოდ ძალიან დიდი პერსპექტივა აქვსო.

ზოგადად, ყაზანში ბევრი რამ მოხდა ჩვენთვის საინტერესო: მარგველაშვილის გასროლა, რითაც ამ წონაში საკადრო კრიზისს საბოლოოდ დაესვა წერტილი; შავდათუაშვილის პირველი ტიტული ახალ წონაში; აქეთ მისი და ტატალაშვილის, იქით კი მძიმე წონაში მატიაშვილისა და ადამ ოქრუაშვილის მორიგი პირადი დაპირისპირება, რამაც კიდევ უფრო დაძაბა საოლიმპიადო კონკურენცია; ჭრიკიშვილის მარცხი; საქართველოს პირველი მედალი ქალთა ძიუდოში, რაც სტამისთვისაც პირველი ჯილდოა ამ რანგის შეჯიბრებაზე; ლიპარტელიანის მესამე გამარჯვება და ღვინიაშვილის წაგება; მსაჯთა გაუგონარი უნამუსობა და რინერის საქციელი, როცა ტატამზე დაუმარცხებელი ცხოვრებაში "ჩაიჭრა", შავდათუაშვილის სკანდალური თუ არა, ფატალური ფინალი და ბევრიც სხვა...

უდავოდ აღსანიშნავია ჩემპიონების კარგი გამოსვლა. თუმცა ლიპარტელიანისგან სხვას არც არაფერს ველოდით, აი, მარგველაშვილთან დაკავშირებით კი ლამის ვირწმუნოთ "66-ის სასწაული" - ლონდონის ოლიმპიადის წინ არც შავდათუაშვილს მიიჩნევდა ვინმე ფავორიტად, ხოლო ლიცენზიის მოპოვება კიდევ უფრო მეტად გაუჭირდა, ვიდრე ახლა - მარგველაშვილს, მაგრამ ალბიონზე რაც გააკეთა, ყველამ ვიცით.

ღმერთმა ჰქნას, მისივე თანაქალაქელმა მარგველაშვილმაც იგივე გაიმეოროს, თუმცა მაინც არავინ დაძრახავს - აქამდე რაც გააკეთა, ესეც სპორტული გმირობაა. განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ის უწყვეტად აგრძელებს პროგრესს, ტურნირიდან ტურნირამდე უმატებს, სიახლეებს გვთავაზობს და რომელიმე შეჯიბრებაზე კარგი გამოსვლა არ რჩება ერთხელ გამონათებად.

ლიპარტელიანი პირადში ხომ ჩინებულად გამოვიდა და გუნდურშიც გაგვაკვირვა მშვენიერი გდებებით, ტაქტიკური სიახლეებით. გუნდურში უნგრელ გაბორ ვერთან არსენალი გაამრავალფეროვნა და ჩახტომით კისრულზე წამოიღო.

პირადში არ გაუმართლებია ერთ დროს დაბლაჭიდში კარგი ჭიდაობისთვის შერქმეული "ანაკონდას" მეტსახელი, რადგან ეს კომპონენტი არ გამოუყენებია, თუმცა ბოლო სამ შეხვედრაში ამის საჭიროება არც იყო. ერთი შეხედვით, გვეგონა, რომ დაბლაჭიდი თითქოს დაივიწყა, მაგრამ ბოლო დღეს გუნდური ძირითადად ამაზე ააწყო; თითქოს ვარჯიშობდა სიახლეების შემუშავებაზე - ხელის დაჭერით ჩაჰყავდა დაბლა და იქ ბოჭავდა. იმავე ვერთან, პოლონელ პატრიკ ციჩომცთან და სხვებთანაც ერთთავად ამას ცდილობდა და მიზანსაც ლამის უპრობლემოდ აღწევდა. თან გუნდურში ნამდვილი კაპიტანივით გაუძღვა გუნდს. ტექნიკური სიახლეების მცდელობა პირადშიც შეინიშნებოდა, მაგრამ, სავარაუდოდ, მეტოქეებს "კარტები" ბოლომდე არ გაუხსნა.

ერთი სიტყვით, ბევრი ნიშნით ჩანდა, რომ კაპიტანმა კარგად წაივარჯიშა საოლიმპიადოდ, სიახლეებს ამუშავებდა.

ევროპის ეს ჩემპიონატი არაობიექტური მსაჯობითაც კარგა ხანს დაგვამახსოვრდება. რატომღაც მგონია, ეს ტურნირი რუსეთში რომ არ ყოფილიყო, მსაჯები ასე არ მოიქცეოდნენ და სხვაგან არც შავდათუაშვილს მოხსნიდნენ. მით უფრო, იმ ოთხიდან ორი თუ არა, ერთი გაფრთხილება მაინც ფრიად საეჭვო იყო.

ვფიქრობ, 81-ის ფინალში ხასან ხალმურზაევიც უფრო მეტ გაფრთხილებას იმსახურებდა ჭრიკიშვილთან, მაგრამ ეტყობა, მასპინძლებს და არა მხოლოდ მათ, ყელზე დაადგათ ქართველთა სამი ფინალი ოთხი წონიდან (ქალების ჩათვლით). ის დღე ხომ ფრიად იღბლიანად ჩაატარეს ჩვენებმა - ოთხივე მათგანმა მედალი მოიპოვა; ვაჟებიც და ქალებიც უდანაკარგოდ გავიდნენ მეოთხედფინალში, აქედან სამი კი - ნახევარფინალშიც, ხოლო ის მეოთხე მხოლოდ იმიტომ გამოგვაკლდა, რომ ტატალაშვილი შავდათუაშვილთან დამარცხდა.

და მაინც: მსაჯთა უნამუსობის ეპიკური მწვერვალი მატიაშვილისა და რინერის ნახევარფინალი იყო - მსგავსი მსაჯობა პეწს უკარგავს ძიუდოსაც, სპორტსაც და ოლიმპიურ იდეალებსაც. თან ეს პირველად არ ხდება.

აქვე გეტყვით, რომ ჭრიკიშვილს ყაზანში, ზედ საჭიდაოდ გასვლის წინ, დილის მოთელვისას ფეხი უტკენია. ცხადია, ამანაც დაღი დაასვა მის გამოსვლას.

ჩვენი ნაკრებისთვის უახლოესი შეჯიბრება 6-8 მაისს ბაქოში გასამართავი "დიდი მუზარადის" მორიგი ტურნირია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
წარმატებები ჩვენს ლომებს!
jora
13:29 30-04-2016
0
ამ სტატიის ავტორმა ქართული ისწავლოს, ვ ასოს ნუ ხმარობს ზედმეტად...
status quo
14:57 30-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული