ჭიდაობა

ძიუდო

ევროპის თასი. ჭაბუკები: ბერლინური ამოცანა მწვრთნელებისთვის

AutoSharing Option
ფოტოზე: +90-ის კვარცხლბეკი: მარცხნიდან - ნიკა დონღვანი, გელა ზაალიშვილი, გერმანელი პუტცი და ამირნა წიქორიძე
სააღდგომო დღეებში ბერლინში ჩატარდა ევროპის თასი ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის, რომელშიც ჩვენგან მხოლოდ ბიჭები გამოდიოდნენ. მათ დიდი წარმატებითაც იასპარეზეს - 12 მედალი მოიპოვეს. აქედან 2 ოქროა, 4 - ვერცხლი და 6 - ბრინჯაო. საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენები მესამეზე გავიდნენ რუსეთისა და იაპონიის შემდეგ, მხოლოდ ბიჭებში კი მარტო რუსებს ჩამორჩნენ.

ტურნირის ჩემპიონები ოთარ ტალახაშვილი (55) და გელა ზაალიშვილი (+90) გახდნენ. მეორეზე საბა გრიგალაშვილი (60), ტატო გრიგალაშვილი (73), სოსო
ებილაშვილი
(81) და ნიკა დონღვანი (+90) გავიდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი სანდრო ძამაშვილი (50), გაგა ბახტიძე (60), ალეკო მამიაშვილი (66), ნოდარ ბერიაშვილი (81), ომარ საური (90) და ამირან წიქორიძე (+90) დაეუფლნენ.

ბრინჯაოსთვის კიდევ რამდენიმე ქართველმა იჭიდავა: ლაშა ნადირაძემ (50), ამირან დარბაისელმა (55), ლაშა ბექაურმა (55), ბაჩანა სარქისაშვილმა (73) და მიხეილ ბექაურმა (81), მაგრამ დამარცხდნენ.

როგორც ვხედავთ, ჩვენებმა ყველა წონაში მედალი მოიპოვეს, ხოლო მძიმე წონაში კვარცხლბეკზე ოთხიდან სამი ქართველი იდგა. ამ წონაში და 81-ში ნახევარფინალში სამ-სამი ქართველი ჭიდაობდა, თუმცა საქმე გამარჯვებით მხოლოდ მძიმეში დავასრულეთ. 81-ში რაც მოხდა, ამის წარმოდგენა ცოტა ძნელი იყო, რადგან ქართველთა გარემოცვაში ფინელი ოსკარ მაკინენი მოხვდა და არა ძიუდოს რომელიმე ძლიერი ქვეყნის წარმომადგენელი (ვთქვათ, იაპონელი, კორეელი და სხვა). სამწუხაროდ, მაკინენიმ ჯერ მიხეილ ბექაური დაგვიმარცხა, მერე კი ებილაშვილსაც აჯობა. რა გაეწყობა - რეალობა ასეთია.

მძიმე წონაში ჯერ დონღვანმა მიიქცია ყურადღება, როცა ყაზახი სულთან სრიკბაის შემდეგ რუსთა ნარჩევი ფალავნები: დავიდ ბაბაიანი, ჯამალ გამზატხანოვი და კირილ ბრეჟნევი მიყარ-მოყარა, თუმცა ფინალში ზაალიშვილთან ვერაფერს გახდა - გელამ 19 წამში მოიგო იპონით.

ზაალიშვილმა თავიდან გერმანელ ნიკლას პელზს მოუგო, მერე კი მიყოლებით აჯობა თანაგუნდელებს - მეოთხედფინალში ლევან ჭელიძეს და ნახევარფინალში - ამირან წიქორიძეს, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამ წონაში ჩვენს ნაკრებში უდავო ლიდერია. თუმცა არამარტო ჩვენთან - ბერლინში კიდევ ერთხელ გაიბრწყინა მისმა ტალანტმა, ვისაც წინ ვერავინ დაუდგა. სავსებით რეალურია ჩვენი იმედი, რომ მძიმე წონაში მორიგი ტალანტი გვეზრდება. მთავარია, რამდენად სწორად განვითარდება იგი.

ეს ტურნირი მწვრთნელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო შემადგენლობის როტაციის თვალსაზრისით და იმედები არც გაუცრუვდათ, მთელ რიგ წონებში ძალიან საინტერესო კონკურენცია ვიხილეთ. მაგალითად, 55 კგ-ში ტალახაშვილმა გაიმარჯვა, ვინც საქართველოს მესამე პრიზიორია, მაგრამ უცხოეთში თავი ვერ გამოეჩინა. უეჭველია, მისმა წარმატებამ მწვრთნელებს საფიქრალი გაუჩინა. თან ტალახაშვილმა ძალიან ძლიერად იჭიდავა და მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო ქულებით, თუმცა სოლიდური უპირატესობით - ვაზარით, დანარჩენებს კი წმინდად აჯობა - ყაზახ იერმეკ ამანგელდის, თურქ ბუჰარი ილდირიმს, ნახევარფინალში ჰოლანდიელ ადილ ბელკაიდს და ფინალში რუს სემიონ კურტაშოვს. ვაზარით რუს ყაზბეგ ნაგუჩევს აჯობა.

50-შიც საინტერესოდ განვითარდა მოვლენები. არადა, წინასწარი შეხვედრები ლოგიკურად მიდიოდა: საქართველოს ჩემპიონი ნადირაძე ნახევარფინალში გავიდა, ვიცე-ჩემპიონი ძამაშვილი კი მეოთხედფინალში დამარცხდა. სამაგიეროდ, სანუგეშოში მათი გზები გადაიკვეთა და ამჯერად ძამაშვილმა პირადი შეხვედრა მოუგო კონკურენტს.

ამგვარი ამბავი მოხდა 73-შიც, სადაც ქვეჯგუფში ტატო გრიგალაშვილმა თორნიკე გვიჭიანს მოუგო, ვისთანაც საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალში დამარცხდა. ბერლინში გვიჭიანიც უმედლოდ დარჩა და ქვეყნის ჩემპიონი სარქისაშვილიც, თუმცა ეს მეხუთეზე მაინც გავიდა.

60 კგ-ის ნახევარფინალში ორი მონაწილე გვყავდა: ქვეყნის ჩემპიონი ლაშა ბექაური და საბა გრიგალაშვილი, ვინც საერთოდ არ გამოსულა ქვეყნის ჩემპიონატში. ეს პაექრობა გრიგალაშვილმა მოიგო, ბექაური კი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში დამარცხდა ბახტიძესთან, ვინც ქვეყნის პირველობას პირველივე წრიდან გამოეთიშა. არადა, ბექაური ანტალიაშიც ნახევარფინალში გავიდა, სადაც ისევ თანაგუნდელთან, გიორგი მღებრიშვილთან დამარცხდა და მესამეზე გავიდა.

რაც შეეხება საბა გრიგალაშვილს, ფინალში რუს კონსტანტინ სემიონიდისთან დამარცხდა.

ასევე დაძაბული კონკურენციაა 90-შიც, სადაც საქართველოს ჩემპიონმა საურმა პირადი შეხვედრა მოუგო მიხეილ ჩიქოვანს. არადა, ჩიქოვანმა ანტალიაში ფინალში დაამარცხა ის და საერთოდ, იქ მშვენივრად იჭიდავა.

ბერლინში ვერც ქვეყნის ვიცე-ჩემპიონმა ალექსი სვიანიძემ იყოჩაღა, ვინც ანტალიაშიც ნაადრევად გავარდა. ამათ ფონზე ლიდერად ისევ საური მოჩანს, ვინც ბერლინში თავიდან რუსი ვლადისლავ ნეკრასოვი და ჩეხი ტომაშ პუსტეჟსოვსკი დააიპონა, მერე კი სერბ დარკო ბრასნოვიჩთან თვითონ დამარცხდა. სანუგეშოში მან ებრაელ სერაფიმ კომპანიცთან ისევ წმინდად მოიგო, ჩიქოვანსა და დამამშვიდებლის ფინალში შვეიცარიელ ლუკ ჰაიტცეს კი გაფრთხილებებით აჯობა.

66-ში მწვრთნელებს მხოლოდ ორი მონაწილე, საქართველოს ფინალისტები, ჩემპიონი მამიაშვილი და ვიცე-ჩემპიონი ლევან გუგავა ჰყავდათ წაყვანილი. თავი ამჯერადაც უფრო მეტად მამიაშვილმა გამოიჩინა, თუმცა ანტალიაში გუგავა მეორეზე გავიდა. ამდენად, ვფიქრობთ, ამ წონაში ჯერ კიდევ არაფერია გარკვეული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ