რუსები რიოს ოლიმპიადაზე ჭრიკიშვილის მეტოქედ ხალმურზაევის გამოყვანას აპირებენ

AutoSharing Option
ახლოვდება რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადა და თანდათან იკვეთებიან ჩვენი ძიუდოისტების მეტოქეები თამაშებზე. რამდენიმე წამყვანმა გუნდმა უკვე დაასახელა ბრაზილიაში წასაყვანი შემადგენლობა, რასაც პერიოდულად გაცნობებთ კიდეც, ამჯერად კი რუსთა ბანაკიდან გამოსულ ცნობებზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას.

ჩვენს ყურადღებას მხოლოდ ვაჟთა ნაკრები იქცევს. გამბამ ჩვენთვის ყველაზე საყურადღებო გადაწყვეტილება 81 კილოგრამში მიიღო, სადაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, ოლიმპიურ პრიზიორ ივან ნიფონტოვს ევროპის წლევანდელი გამარჯვებული, 22 წლის ხასან ხალმურზაევი არჩია.

ინგუშმა ხალმურზაევმა აპრილში ყაზანში, ევროპის ჩემპიონატის ფინალში ავთანდილ ჭრიკიშვილი დაგვიმარცხა.

ჭრიკიშვილისთვის, კარგად თუ მოემზადება (არადა, ნაკრებმა
წარმატებით ივარჯიშა მონღოლეთში და ახლა ისევ იაპონიაში გადავიდა შეკრებაზე), დაუმარცხებელი არავინაა, მაგრამ იქნებ ხალმურზაევს ყოველმხრივ შესწავლილი 29 წლის ნიფონტოვი სჯობდა. თუმცა ზემოხსენებული ინფორმაცია მაინც არაოფიციალურია და დაველოდოთ ხვალინდელ პრეზენტაციას.

ხალმურზაევმა რეიტინგში ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებით გადაუსწრო ნიფონტოვს. მსოფლიოს რეიტინგში ურალელი ნიფონტოვი რუსთაგან მეორეა, მაგრამ ოლიმპიურში (არადა, თამასებზე განთესვა ამ სიით მოხდება) - მხოლოდ მეოთხე, ცხრილში მას ოსი ალან ხუბეცოვი და დაღესტნელთა ავარელი ევროპის ორგზის ჩემპიონი სირაზუდინ მაგომედოვიც უსწრებენ, ოღონდ ისინი რიოში წასვლის კანდიდატებად არც განიხილებოდნენ, საუბარი ყოველთვის მხოლოდ ხალმურზაევსა და ნიფონტოვზე იყო.

ახლანდელი წყაროების ცნობით, დასტურდება ცოტა ხნის წინ ჭორად გავრცელებული ხმები გამბას კიდევ ერთი მეტ-ნაკლებად უცნაური გადაწყვეტილების შესახებ, როცა მან სარეიტინგო რეალობა დაარღვია - 100 კილოგრამში ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი, 31 წლის ტაგირ ხაიბულაევი დააყენა. არადა, მას რეიტინგში ადლან ბისულთანოვი უსწრებს, თუმცა წლეულს ის მედალს მხოლოდ დიუსელდორფში შესწვდა, მესამეზე გავიდა, სხვა ტურნირები კი ჩააგდო.

ციდან ვარსკვლავები არც დაღესტნელ ხაიბულაევს ჩამოუკრეფია, მაგრამ მაისში მოიგო მადრიდის "ღია კონტინენტური თასი", საკმაოდ სუსტი ტურნირი, თუმცა ეტყობა, გამბა მაინც უფრო გამოცდილს ენდო. მით უფრო, ბისულთანოვი ჭიდაობის ხარისხით იოტისოდენა შანსსაც არ მისცემდა, იმდენად უღიმღამოდ ასპარეზობდა.

სხვა წონებში გამბა რეიტინგს დაეყრდნო და ნაკრებში ლიდერები დააყენა: ინგუში ევროპის სამგზის ჩემპიონი ბესლან მუდრანოვი (60), რუსები - მსოფლიოს ორგზის ფინალისტი მიხაილ პულიაევი (66), დენის იარცევი (73), ევროპის ორგზის ჩემპიონი კირილ დენისოვი (90) და მსოფლიოს მესამეპრიზიორი, დაღესტნელი რენატ საიდოვი (+100).

შემადგენლობა დაასახელეს და ჩვენთვის ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო მონღოლეთის ნაკრებმა. მათ 60 კილოგრამში ოლიმპიურ რეიტინგში ორი კაცი ჰყავთ ხუთეულში - მსოფლიოს ჩემპიონი ბოლდბაატარ განბატი მეორეა, მსოფლიოს ფინალისტი ამარტუვშინ დაშდავაა - მეხუთე. ამის მიუხედავად, ორივე სახლში დატოვეს, ოლიმპიადაზე კი მე-19 ადგილზე მყოფი 20 წლის ჩოგტბაატარ ცენდოჩირი მიჰყავთ, მონღოლეთის ჩემპიონატის გამარჯვებული.

არადა, ძიუდოს წესებით, ის ვერ გადავა ვერც მეორე ან მეხუთე ადგილზე, მონღოლების ნაცვლად მათ ადგილზე უკან მდგომები აინაცვლებენ. შესაბამისად, ჩენდოჩირიც წინ წაიწევს ორიოდე ადგილით, მაგრამ განთესილებში ვერ მოხვდება.

ახალი რეიტინგით, მეექვსედან მეოთხეზე გადავა იაპონელთა მსოფლიოს ჩემპიონი ნაოჰისა ტაკატო, ჩვენი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მედალოსანი ამირან პაპინაშვილი კი მეშვიდედან მეხუთეზე გადავა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეოთხედფინალში კორეელთა მსოფლიოს ორგზისმედალოსანი ვონ ჯინ კიმი შეხვდება. არადა, ძველი განლაგებით, მათ ფინალამდე არ ხვდებოდა.

სხვა წონებში მონღოლებმა რეიტინგის ლიდერები დააყენეს. მათ შორის - პეკინის ოლიმპიადის გამარჯვებულიც, 32 წლის ნაიდან ტუვშინბაიარიც (100). მის გარდა, ბრაზილიაში იჭიდავებენ ტუმურკულეგ დავაადორჯი (66), ოდბაიარ განბაატარი (73), ნიამსურენ დაგვასურენი (81), ოტგონბაატარ ლხაგვასურენი (90) და ტამუულენ ბატულგა (+100).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
2 კითხვა მაქვს:

1.რამდენი რუსია რუსეთის ნაკრებში?
2. დოპინგ-კონტროლი ყველამ გაიარა?
Guga
16:11 29-06-2016
0
:))))))))))))))))))))))))
რამდენი სურენა ჰყოლიათ მონღოლებს? :)))
16:39 29-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული