ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის თასი: ჩვენი გუნდები ბერლინში დღეს გაფრინდებიან

AutoSharing Option
დღეს საღამოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა გუნდები - ბიჭებიც და გოგონებიც ბერლინში გაფრინდებიან, სადაც შაბათ-კვირას მონაწილეობას მიიღებენ "ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის თასზე".

ბიჭების გუნდი იქ რამდენადმე სახეცვლილი წარდგება, ვიდრე ადრე გაცნობეთ, რადგან მწვრთნელებმა ერთი მონაწილე წინა კვირას გამართული ჩეხეთის ანალოგიური რანგის ტურნირის შედეგებით დაუმატეს, რამდენიმეს ზედა წონაში აჭიდავებენ, ერთს კი წონის პრობლემა შეექმნა.

მინდია ბოდაველს იქ შემდეგი ფალავნები მიჰყავს: ირაკლი კუპატაძე, დავით გეჯაძე, რობინზონ ბეგლარაშვილი (სამივე - 60), თორნიკე ნაგლიაშვილი (66), გიორგი კაციაშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი, კობა მჭედლიშვილი, გიორგი ქურდიანი (ოთხივე - 81), ონისე
სანებლიძე (90), დავით ოზბეთელაშვილი (100) და გურამ ქოსმენაშვილი (+100).

ამათგან კუპატაძე და გეჯაძე 55-ის ფალავნები არიან, თუმცა ამჯერად წონას არ აკლებინებენ და ზედა კატეგორიაში აჭიდავებენ. იგივე ითქმის კაციაშვილზეც, თორემ საევროპოდ მან უკვე გაინაღდა ადგილი 73 კილოგრამში. სავარაუდოდ, იგივე ითქმის ბეგლარაშვილზე, სანებლიძეზე, ოზბეთელაშვილსა და ქოსმენაშვილზე, თუმცა მწვრთნელები შემადგენლობას სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გამოაცხადებენ და ნუ დავასწრებთ მოვლენებს.

ბერლინში ყველაზე მეტი მონაწილე 81 კილოგრამში გვეყოლება. ეს იმან გამოიწვია, რომ ქვედა წონიდან დაემატათ კაციაშვილი, ხოლო ჩეხეთის ტურნირზე გამარჯვებით მჭედლიშვილმაც დაიმსახურა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი და ბერლინში ჭიდაობა. შანსს აძლევენ ქურდიანსაც, ვინაიდან საევროპოდ მწვრთნელები შემადგენლობას, პირადი პირველობის გარდა, გუნდურისთვისაც არჩევენ. ბუნებრივია, სატურნირო პრაქტიკისთვის მიჰყავთ კირაკოზაშვილიც, თუმცა მას მოულოდნელად ისევ შეექმნა წონის პრობლემა, ოღონდ ამჯერად დაიკლო და 76-მდე ჩამოვიდა. ამიტომ არაა გამორიცხული, საევროპოდ წონა დააკლებინონ და 73-ში დააყენონ, თუმცა მას ბერლინში და მომდევნო შეკრებაზე დააკვირდებიან და საბოლოო გადაწყვეტილებას ისე მიიღებენ.

გუნდი ტურნირის შემდეგ ჰოლანდიაში გადავა ისევ ბრამ სტრიკთან სავარჯიშოდ, ვისთანაც ამას წინათაც გაიარა ფიზიკური მომზადების შეკრება. ახლაც იმავე ტიპის ვარჯიშები ექნებათ, ანუ ფიზიკური დატვირთვები, ოღონდ ცოტა განსხვავებული. ეს შეკრება 12-დღიანი იქნება, მერე კი სამშობლოში დაბრუნდებიან და აქ გააგრძელებენ მზადებას ევროპის პირველობისთვის.

გერმანიაში გოგონების გუნდიც გვეყოლება: მარიამ ჯანაშვილი, ნინო მგელაძე, სალომე მარგიანი (სამივე - 52), ხატია ჯანაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი (ორივე - 57) და ელისო სისაური (70). ამათგან მარიამ ჯანაშვილი და ლიპარტელიანი ახლაც ჩეხეთში არიან, სადაც წინა კვირას იქაურ ტურნირში იასპარეზეს, მერე ერთობლივ შეკრებაზე დარჩნენ და იქიდან გადავლენ გერმანიაში, დანარჩენები კი თბილისიდან გაფრინდებიან. შეგახსენებთ, რომ პრაღაში ახალგაზრდებში მსოფლიოს ფინალისტი ჯანაშვილი მესამეზე გავიდა, ჭაბუკებში ევროპის წლევანდელი გამარჯვებული ლიპარტელიანი კი უმედლოდ დარჩა, თუმცა ასაკით მასზე უფროსებთან ურიგოდ არ უჭიდავია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული