ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: არნახული წარმატება - 8 კაცი და 8 მედალი! [VIDEO]

AutoSharing Option
ჩვენმა ახალგაზრდა "ბერძენ-რომაელებმა" ფანტასტიკურად იჭიდავეს დორტმუნდში, 2 ივლისს დასრულებულ თანატოლთა ევროპის ჩემპიონატში, სადაც უკლებლივ ყველა მათგანმა მედალი მოიპოვა!

8 კაციდან 8 მედალი - ჩინებული შედეგია, თუმცა ამ გუნდისგან ბოლო წლებში მივეჩვიეთ ასეთ კარგ შედეგებს. საკმარისია, ითქვას, რომ მსოფლიოს ბოლო ორ პირველობაზე 4-4 ოქრო მოგვქონდა, თუმცა ასეთი მასშტაბური წარმატება, როცა ყველამ მედალი მოიპოვა, არ გვქონია.

სოსო ჯაბიძის გაწვრთნილმა გუნდმა დორტმუნდში 8-დან ოთხი ფინალი იჭიდავა, საბოლოოდ კი 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები რამაზ სილაგავა (50), ლერი აბულაძე
(60) და რაღა თქმა, უნდა, ზვიად პატარიძე (120) გახდნენ. გიორგი კურტანიძე (66) ფინალში კი გავიდა, მაგრამ დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა, ხოლო მესამე ადგილზე წონაშეცვლილი ნუგზარ წურწუმია (55), ბექა მამუკაშვილი (74), თემურ ჭკუასელიძე (84) და გიორგი ბარბაქაძე (96) გავიდნენ.

გუნდის აქტივშია დღის საუკეთესო შეხვედრა და საუკეთესო გდება, რაც ჭიდაობის გაერთიანებულმა მსოფლიოს ფედერაციამ აღიარა.

რამაზ სილაგავას ნახევარფინალური შეხვედრა თურქ ქემალ მუთლუსთან ჭიდაობის გაერთიანებულმა მსოფლიოს ფედერაციამ პირველი დღის საუკეთესო ორთაბრძოლად აღიარა და სამართლიანადაც. ჩვენებური 2:6 ჩამორჩა, როცა ულამაზესი კისრულით გაათანაბრა ანგარიში. ამის შემდეგ უპირატესობა ხელიდან ხელში გადადიოდა, მაგრამ 9:9-ზე სილაგავა დაწინაურდა: 12:9. თურქმა ორქულიანი მოიპოვა, თუმცა დასრულებამდე ერთი წამით ადრე მუშტი მიარტყა სახეში ჩვენებურს, რისთვისაც ორი ქულით დაისაჯა. საბოლოოდ, 14:12 სილაგავას სასარგებლოდ, რომელმაც ბამბებით ამოტენილი ცხვირით დატოვა ხალიჩა.

საბედნიეროდ, ამან ფინალში ხელი არ შეუშალა აზერბაიჯანელ ზულფიგარ ალიევთან მოგებაში: 5:1. როგორც სხვა 4 შეხვედრაში, სილაგავა აქაც ფლობდა უპირატესობას.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
აბულაძე ეროვნული ნაკრებისთვისაა ასაკით პატარა (ევროპის ჩემპიონატი წააგო უფროსებში), თორემ ჭაბუკებიდან ახალგაზრდებში წლეულს გადმოსული აქ ტოლს არ უდებს არავის. ფაქტობრივად, ადაპტაცია არც დასჭირდა, ისე დამკვიდრდა ახალგაზრდებში, ამის დასტურად კი დორტმუნდში ბრწყინვალე გამოსვლა და ევროპის ჩემპიონობა გამოდგება.

მან საკმაოდ ტექნიკურად იჭიდავა, თუმცა ნახევარფინალში სომეხ ჰრაჩია პოღოსიანთან 1:1-ზე ბოლო ქულის დამსახურებით გავიდა ფინალში. ისე კი ყველა შეხვედრაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, არ გაურბოდა ჭიდაობას.

ფინალშიც, ძირითადად, შემტევი სტილის და მონდომების ხარჯზე აჯობა შვედ არდიტ ფაზლიჯას: 6:4.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჯერ კიდევ შარშან უცხოელთა მიერ "ახალგაზრდა ლომად" შერაცხილი ქუთაისელი პატარიძე ზედიზედ მესამედ გახდა ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი. თან, წინა წლების მსგავსად, ამჯერადაც ერთი ამოსუნთქვით, ცალი ხელით მოიგო ჩემპიონატი. როცა ფინალში რუსების ფალავანს 1.08 წუთში წმინდად, 8:0 მოუგებ, ბევრი განმარტება არცაა საჭირო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თუმცა პატარიძემ სხვებთანაც ასევე იოლად იმარჯვა. მაგალითად, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელი ტეჰრან ამინზადე თითქოს შეგუებული იყო წაგებას და არც კი ცდილობდა ქართველისთვის ხიფათის შექმნას. ჩვენებურმა მასაც, თურქ იაკუპ ერლიქაიასაც და ფინალში რუს გიორგი გაჯინოვსაც ერთნაირი ანგარიშით, 8:0 მოუგო.

მხოლოდ რუმინელი ლენარდ იშტვან ბერეი დაამარცხა ქულებით - 7:1. პატარიძე ამჯერად ცოტა უფრო პრაგმატულად ჭიდაობდა: გარკვეულ შეხვედრებში ილეთებზე ენერგიას არ ხარჯავდა და უფრო იოლი გზით მოიპოვებდა ქულებს. მით უფრო, მის ტანკივით მიწოლას ბევრი ვერ უძლებდა და ძალაუნებურად გადიოდნენ გარეთ. თუმცა "ახალგაზრდა ლომი" ილეთებსაც აკეთებდა და ბრალი მისი, ვისაც ჩოქბჯენში ჩააგდებდა - იქ წინ და უკან თავბრუსხვევამდე ტრიალი გარანტირებული ჰქონდა.

ფინალამდე კურტანიძემაც ძალიან კარგად იჭიდავა. მაგალითად, ნახევარფინალში რუს სერგეი სტეპანოვს ორჯერ თავს უკან გდებით გაუკეთა 4-ქულიანი ილეთი და 11:1 აჯობა. ამათგან პირველი უფრო კონტრშეტევა იყო, მეორე კი მართლაც ქრესტომათიული ფანდი გამოდგა: წელში კარგად შევიდა, შეეკრა, თავს ზემოთ ასწია და ზურგს უკან მთელი ძალით დააბერტყა ფიცარნაგს. ეს გდება მსოფლიოს გაერთიანებულმა ფედერაციამაც გამოარჩია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მანამდე კურტანიძემ ჩეხ იაკუბ ბილეჟს 10:1 მოუგო, გერმანელ არტურ ტატარინოვთან კი 6:6-ზე უკეთესი ხარისხის ქულებით იმარჯვა. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ აქაც გაუჭირდა. აი, ფინალში უკრაინელ ფარვიზ ნასიბოვთან კი ვერ ააწყო ჭიდაობა და 0:4 წააგო.

თითო წაგების მიუხედავად, ძალიან კარგად იჭიდავეს ბრინჯაოსმედალოსნებმაც: წურწუმიამ 2:35-ში 8:0 დაჯაბნა რუმინელი რაზვან არნაუტი; ჭკუასელიძემ საოცარი პაექრობა მოუგო აზერბაიჯანელ ტუნჯაი ვაზირზადეს: 15:8. თავიდან ჭკუასელიძე აგებდა, მაგრამ მერე გამგელდა და ვაზირზადე ფიზიკურად ისე მოღალა, ბოლოს ძლივს იდგა ფეხზე.

ასევე კარგად იჭიდავეს მამუკაშვილმა და ბარბაქაძემაც, რომლებიც დებიუტანტები იყვნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
უძლიერესი ბიჭები და გულანთებული ქართველები! უმაგრესი თაობა მოდის და ყველანაირი ხელშეწყობაა საჭირო.
ზაზა
09:08 04-07-2017
0
ქართულ ჭიდაობას კი არა ქართულ ენას, ლიტერატურას და ისტორიას აღარ ასწავლოან სკოლებში...ვიღას უნდა ქართული გენის გაღვივება?! უფალმა ამ ბიჭების დარი ამამულიშვილები უმრავლოს ჩვენს ერს!!!!!
პაატა
01:40 04-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული