ტურნირმა თავისი თქვა

AutoSharing Option
რაოდენობა და ხარისხი
"ოქროს დიდი პრიზის" ტურნირი წარმატებული გამოდგა - საორგანიზაციო საკითხებიც კარგად იყო მოგვარებული და შეჯიბრებაც ძლიერი გამოდგა. არ ვამბობთ, რომ ორგანიზაციულად უკეთესი არ არსებობს, მაგრამ ადრინდელებთან შედარებით წინსვლაც აშკარაა და ეს არ უნდა დავუკარგოთ. ბოლო წლებში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირებიც მოგვიმრავლდა, რაც სპორტის სასახლესაც დაეტყო - მეტნაკლებად უკვე ყოველთვის მზადაა და თავსაც ართმევს მასპინძლობას.

შეჯიბრებამ წმინდა სპორტული თვალსაზრისითაც გაამართლა. მართალია, გუნდები ბევრნი არ იყვნენ, შესაბამისად - არც მონაწილეები და იყო წონები, სადაც სანუგეშო წრეში პირდაპირ ბრინჯაოსთვის ჭიდაობდნენ, მაგრამ რაოდენობაზე
უფრო მნიშვნელოვანი ხომ ხარისხია, თუმცა უკეთესი ნამდვილად შეიძლებოდა. განსაკუთრებით უნდა გამოვარჩიოთ ირანის ბერძენ-რომაელთა ნაკრები, რომელიც უპირველესი ვარსკვლავებით გვესტუმრა. ძლიერი შემადგენლობებით იყვნენ აზერბაიჯანელი "თავისუფლები", უზბეკი ბერძენ-რომაელები, თურქები - ორივე გუნდით, შედარებით მცირერიცხოვანი, მაგრამ ხარისხობრივად ძლიერი შემადგენლობით იყვნენ ეგვიპტე, ბელარუსი, არა უშავდათ სომხებს... რუსეთიდან სულ ორი კაცი გვესტუმრა, თუმცა იმათგან ერთი ახალგაზრდებში ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი კოლოი კორტოევი (84) იყო..


კოჭლი დისციპლინა ხალიჩაზე
შეჯიბრება ბევრად უკეთესი იქნებოდა, დისციპლინარული დარღვევა რომ არ ყოფილიყო. ჩვენი მოჭიდავის მიზეზით გვარიანი ჩხუბი რომ მოხდა გუშინ ვწერდით. მაგრამ ეს ერთეული შემთხვევა არ ყოფილა. კიდევ კარგი, სხვა შემთხვევებში საქმე ჩხუბამდე და აყალ-მაყალამდე არ მისულა, მაგრამ ხშირი იყო კამათი მსაჯებთან, რბილად რომ ვთქვათ, ძიძგილაობა და უდიერი მოქცევა მეტოქისადმი. ერთხელ ფილას კომისარმაც კი მოითხოვა შეხვედრის შეჩერება, უცხოელ მეტოქეს იმდენად უხეშად მოექცა მასპინძელი ფალავანი... სამწუხაროა, რომ დისციპლინა ჩვენს გუნდებში კვლავაც მოიკოჭლებს. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ქართველები ლამის ყველა შემთხვევაში უსაფუძვლოდ კამათობდნენ - როცა ჭიდაობით ვერ ახერხებდნენ მეტოქის ძლევას, რატომღაც ჩხუბით დაშინების გზას ირჩევდნენ. ცუდია, მათში ქუჩური მენტალიტეტი ჯერ ისევ რომ მძლავრობს. ამას მერე უცხოეთშიც ავლენენ, რაც ცუდად აისახება ქვეყნის იმიჯზე, რისი მომსწრენიც ინტერნეტრეპორტაჟებში გავმხდარვართ კიდეც.


ახალგაზრდობა, იმედი ხვალის...
ტურნირის უდაოდ დადებითი მხარე იყო ახალგაზრდა თაობის კარგი გამოსვლა - შეჯიბრებამ არაერთი ასეთი ფალავანი წარმოაჩინა. ისიც ცხადია, რომ გუნდებში თაობათა ცვლა კარს მოგვადგა. "თავისუფლებში" ეს პროცესი უკვე დაიწყო და ისინი ოლიმპიადაზე აუცილებლად გამოვლენ, ბერძენ-რომაელებში კი სალონდონედ ცოტა დააგვიანდება. ზოგადად საჭიდაო მხარეს რაც შეეხება, ცხადია, ფალავნები ჯერ ფორმის პიკში არ უნდა იყვნენ, მაგრამ მაინც მეტია საჭირო. ისე ეტყობა, ბერძენ-რომაელებისთვის ჩოქბჯენში ჭიდაობა წლეულსაც "აქილევსის ქუსლი" იქნება, თუმცა შარშანდელთან შედარებით ცოტა უკეთესი ვითარება ნამდვილად იყო. ახლა ამ მდგომარეობიდან გაცილებით ბევრი ქულა დაფიქსირდა, მაგრამ უცხოელებს, განსაკუთრებით კი აზიელებს მაინც გვარიანად ჩამოვრჩებით. ცხადია, "თავისუფლებსაც" მეტი მოეთხოვებათ როგორც "ფიზიკაში", ასევე - ტექნიკაში.


მოვუსმინოთ მწვრთნელებს...
ტურნირის დასრულების შემდეგ ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელებს შეჯიბრების შეფასება ვთხოვეთ.

ზაზა თურმანიძე (თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები): "ტურნირი კარგად ჩატარდა, ძლიერიც გამოდგა და კმაყოფილი ვარ. შემადგენლობაც კარგი გამოდიოდა. უკმაყოფილო არც შედეგებით და შეგირდებით ვარ. ალბათ, რაღაც პატარა კორექტივები შევა ნაკრების დაკომპლექტებაში. 55 კილოგრამში გამოჩნდნენ ახალი კადრები. მაგალითად, ქუთაისელი ბავშვები, გოგავა ხონიდან, რომელიც ამ ტურნირისთვის ჩამოვიყვანეთ და საგრძნობი პროგრესი გვაჩვენა. 60 კილოგრმაში იქნება ამდენი სიახლე არ ყოფილა, მაგრამ გარკვეული ხელჩასაჭიდი ნოვაციები იქაც არის. კარგია, რომ ისევ გაიმარჯვა მუზიაშვილმა 66-ში და საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინა. 74-ში ლიდერი დავით ხუციშვილია, ამ ფონზე კი მით უფრო სასიხარულოა გოჩა ლომთათიძის ფინალში გასვლა. 84-ში ფინალი იჭიდავა აჩიკო ქიტიაშვილმა, თუმცა ამ წონაში ბექა ჭელიძემაც კარგად იასპარეზა. 96-ში ლიდერი გვაკლდა, მაგრამ ფინალი აქაც ვიჭიდავეთ და ბრინჯაოს მედლებიც ჩვენებმა მოიპოვეს. ცოტა მეტი გვინდა მძიმე წონისგან, თუმცა უკმაყოფილო არც ამ წონით ვარ".

ბეგი დარჩია (ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები): "მისასალმებელია, რომ ჩამოვიდა ირანის უძლიერესი ნაკრები, რომელიც ბოლო წლებში მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. ასევე თურქეთის, უზბეკეთის გუნდები, ეგვიპტიდან მსოფლიოს ჩემპიონი ჩამოვიდა... ხარისხით კარგი შეჯიბრება გამოდგა - ტურნირის ხარისხი ხომ მისი სიძლიერით განისაზღვრება...

იცით, რომ ორი კაცი გავათავისუფლეთ - ევროპის ჩემპიონი რევაზ ლაშხი და ვლადიმერ გეგეშიძე. დანარჩენებს ყველას დავუსახეთ მიზნად, დაემტკიცებინა, რომ ნაკრების ღირსია. მათ შორის კვირკველიასაც თავისი ტიტულების მიუხედავად. როგორც ნახეთ, მანაც დაამტკიცა - გუნდში ყველა კონკურენტს მოუგო. თავის გამოჩენის შანსი ყველას მიეცა და ვის რა შეეძლო, გამოჩნდა კიდეც, მინდა აღვნიშნო ახალგაზრდების კარგი გამოსვლა. მაგალითად, ქაჯაიები, ქემალ ხარაბაძე, რომელიც ახალგაზრდული ნაკრების წევრია, თუმცა უფროსებში ევროპის წლევანდელი ბრინჯაოს მედალოსანი წმინდად დაამარცხა. ასევე ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი ვასილ იმერლიშვილი, რომელმაც თურქთა პირველ ნომერს მოუგო, თუმცა მერე 18 წლის ირაკლი ქაჯაიასთან წააგო. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდები კარგად მოდიან. თუნდაც შიდა ტურნირები გავიხსენოთ, სადაც მედალოსანთა 70 % ახალგაზრდა იყო. ცუდი ისაა, რომ ლონდონის ოლიმოპიადამდე ესენი ვერ მოასწრებენ გუნდში დამკვიდრებას. სასურველი იყო, თაობათა ცვლა ერთი წლით ადრე მომხდარიყო, მაგრამ, რას ვიზამთ.

ახლა დღის წესრიგში მსოფლიოს პირველობისთვის მზადება დგას. 16 ივნისს სომხურ წახკაძორში გავემგზავრებით, სადაც წონაში ორ-ორ კაცს წავიყვანთ და მიზანმიმართულ მუშაობასაც შევუდგებით. ეს იქნება საერთო ფიზმომზადებისთვის განკუთვნილი შეკრება. ის ლიდერები, რომლებმაც ახლანდელი შეჯიბრება გამოტოვეს, შეკრებებზე იქნებიან. წახკაძორის შემდეგ ნაკრების ის წევრები, რომლებმაც "ოქროს დიდი პრიზის" სუპერფინალის საგზურები მოიპოვეს, ივლისში ბაქოში იასპარეზებენ. იქ მხოლოდ ლაშხი არ გამოვა, რომელსაც ზუსტად იმავე ვადებში ესპანეთში გავაგზავნით საერთაშორისო ტურნირზე.

ეს ერთგვარი ტაქტიკური ხრიკია - ლაშხი დავუმალოთ მეტოქეებს. თან, მოგეხსენებათ, მისი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი აზერბაიჯანელი მსოფლიოს ჩემპიონი ჰასან ალიევია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მოუგო. არ გვინდა, ჩვენი ფალავანი ბაქოში შევახვედროთ მას - იქ მსაჯები ყველაფერს გააკეთებენ ალიევის მოსაგებად, რაც ამისთვის ფსიქოლოგიურად არ იქნება მომგებიანი. აგვისტოს დასაწყისში ნაკრები პოლონეთსიც გამოვა საერთაშორისო ტურნირში, მერე მინსკშიც იგეგმება ერთობლივი ვარჯიში, ბოლო შეკრებას კი დუშეთში გავივლით".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული