ჭიდაობა. ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი: ისევ მშვენიერი დასაწყისი - ოქრო-ვერცხლი

AutoSharing Option
ფოტოზე: აივენგო რიკაძე
ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში მსოფლიოს ჩემპიონატი ამჯერად ჭაბუკ მოჭიდავეთა შორის დაიწყო, რომელშიც გუშინ, 25 აგვისტოს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებნენ.

ჩვენმა ნაკრებმა წარმატებული სტარტი აიღო და პირველსავე დღეს ორი მედალი მოიპოვა - თითო ოქრო-ვერცხლი. მსოფლიოს ჩემპიონი აივენგო რიკაძე (63) გახდა, ვიცე-ჩემპიონი - ჯონი ხეცურიანი (54).

სართიჭალელ აივენგო რიკაძეს მშვენიერი სეზონი აქვს - წლეულს დუბლი შეასრულა, ანუ ევროპის ჩემპიონატიც მოიგო და მსოფლიოსიც. სხვათა შორის, მან სარაევოშიც დაამარცხა უკრაინელი ფარვიზ ნასიბოვი, რომელსაც ევროპის ფინალში აჯობა. ამჯერად მათი შეხვედრა ფრედ დასრულდა -
2:2, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით ნახევარფინალში ქართველი გავიდა.

მანამდე ჩვენებურმა ირანელ როსტამ მოჰამადრეზას 7:2 მოუგო, ფინალის საგზური კი ყაზახ მერეი ბეკენოვთან ბრძოლაში მოიპოვა - 4:3. გადამწყვეტ პაექრობაში ჩვენებურმა ეგვიპტელ მოჰამედ ელ საედს აჯობა.

ხობელი ხეცურიანი ახლოს იყო, ზედიზედ მეორედ მოეგო მსოფლიოს ჩემპიონობა - პირველი ტიტული შარშან მოიპოვა, ოღონდ 50 კილოგრამში. წლეულს წონა შეიცვალა, თანაც - ერთის გამოტოვებით და ევროპაზე 58 კილოგრამში იჭიდავა არცთუ წარუმატებლად, რადგან ბრინჯაო მოიპოვა, თუმცა ამ ტურნირისთვის მწვრთნელებმა - ვაჟა კრავეიშვილმა და დავით ბედინაძემ ულტიმატუმი წაუყენეს, წონას თუ არ დაიკლებდა და 54-ს არ დაუბრუნდებოდა, მსოფლიოზე არ წაიყვანდნენ.

მწვრთნელებმა თავისი საქმე უკეთ იციან და, ეტყობა, ამ შემთხვევაში მართლებიც იყვნენ, რადგან ხეცურიანმა ბევრად უფრო ძლიერ ტურნირზე უფრო უკეთესი შედეგი აჩვენა.

სარაევოში ხეცურიანმა თავდაპირველად ამერიკელი პაველ ბიანკი დაამარცხა წმინდად - 8:0, იაპონელი სუძუკი აიატა 9:5 დაჯაბნა, ნახევარფინალში კი ევროპის სომეხ პრიზიორ ტიგრან მინასიანს ისევ 8:0 აჯობა. ფინალი უკრაინელ ალექსანდრ ხრუშინთან 1:5 წააგო.

სამწუხაროდ, გუშინ ჩვენი გუნდის სხვა წევრები ნაადრევად დამარცხდნენ. თორნიკე კანდელაკმა (50) და დავით ბაკურაძემ (58) თითო შეხვედრა მოიგეს და მერე დამარცხდნენ, ბექა მაკარიძე (100) კი პირველივე წრიდან გამოვარდა. ფინალში ვერც მათი მჯობები გავიდნენ და არც ამათ მიეცათ სანუგეშოში გადასვლის შესაძლებლობა.

დღეს სარაევოში დარჩენილი ხუთი წონის ფალავნები იჭიდავებენ. ჩვენი გუნდის უმჩატესი წევრი ირაკლი ნაკაშია (42) პირველ წრეში იაპონელ შიმიზუ კენსუკეს შეხვდება, გიორგი მეფიშვილი (46) - ამერიკელ ბრედ კოონს, ნიკოლოზ ჭიკაიძე (69) კი - უნგრელ მორიც კისმონის.

პირველ წრეში მხოლოდ ორი ჩვენებური ისვენებს, თუმცა მათი მეტოქეებიც ახლავეა ცნობილი - ევროპის პრიზიორი თემურ ჭკუასელიძე (76) უკრაინელთა ევროპის წლევანდელ ვიცე-ჩემპიონ დმიტრო კიაშოკს ეპაექრება, გიორგი ქაცანაშვილი კი (85) - უზბეკ თემურ მირზო მამაჯანოვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული