ჭიდაობა

ქართული ჭიდაობა

ქართველებმა უზბეკური ეროვნული ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე 7 ოქროს მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
ახალი წლის წინა დღეებში, 27-29 დეკემბერს სალონიკმა უზბეკურ ეროვნულ ჭიდაობა კურაშში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. ეს ტურნირი, ტრადიციულად, ერთდროულად ჩატარდა ახალგაზრდებსა და უფროსებს შორის, რომელშიც 12 ქვეყნის 80-მდე სპორტსმენი გამოდიოდა.

მათ შორის - საქართველოს დელეგაციაც, რომელიც საახალწლოდ სამშობლოში ხელხვავრიელი მონაგარით, 10 მედლით დაბრუნდა. აქედან 7 ოქროა, 1 - ვერცხლი და 2 - ბრინჯაო. ახალგაზრდების წილად 2 ოქრო მოდის, დანარჩენი კი უფროსთა ჯილდოებია.

ჩვენი გუნდიდან გამოსარჩევია ლევან მაჭარაშვილის (100) გამოსვლა, რომელმაც პირველ დღეს ახალგაზრდებში იჭიდავა და პირველობა არავის დაუთმო, მეორე დღეს კი
უფროსთა ტურნირში ჩაება და ბრინჯაოს დაეუფლა.

ამის მიუხედავად, ამ წონაში ოქრო მაინც ჩვენ დაგვრჩა - თბილისელმა თედო აბელაშვილმა გაიმარჯვა. დიდებში ჩვენებმა განსაკუთრებით 66 კილოგრამში იყოჩაღეს, სადაც ქართული ფინალი გაიმართა - თიანეთელმა ნოდარ ცალუღელაშვილმა ლაგოდეხელი გიორგი ტყემალაძე დაამარცხა.

ცალუღელაშვილის და აბელაშვილის გარდა, უფროსთა შორის ჩემპიონები ლაგოდეხელი ალექსანდრე ნანიევი (73), თიანეთელი გიორგი ბიჩელაშვილი (81) და კასპელი გიორგი იაძე (90) გახდნენ.

მაჭარაშვილის გარდა, კიდევ ერთი ბრინჯაო ლაგოდეხელმა ბექა კაპანაძემ (81) მოიპოვა.

ახალგაზრდებში მეორე ოქროს მცხეთელი დავით ბედოშვილი (66) დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ ამ ასაკში სულ 3 მონაწილე გვყავდა და ორი ჩემპიონი გაგვიხდა.

მონაწილეთა ნაწილი საბერძნეთში პირადი ხარჯით იყო წასული, ნაწილი კი საკუთარმა რაიონებმა დააფინანსეს. ამ მხრივ თავი უფრო მეტად ლაგოდეხმა გამოიჩინა, რომელიც ოთხი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი და ყველას რაიონმა გადაუხადა თანხა.

ერთი სპორტსმენი დააფინანსა თიანეთმა, იაძე (ეს სამბისტთა ყოფილი მთავარი მწვრთნელის - ოლეგ იაძის შვილია) და საქართველოს კურაშის ფედერაციის პრეზიდენტი ამირან ობგაიძე კი საერთაშორისო ფედერაციამ მიიწვია.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ აზიური უზბეკეთი ახერხებს, თავის ნაციონალურ ჭიდაობას ისეთი რეკლამა გაუკეთოს, არათუ მსოფლიოს ჩემპიონატს, ევროპის პირველობასაც კი ატარებს, ჩვენ რაღა დაგვემართა, ქართულ ჭიდაობას თანდათან რომ ვკარგავთ და ვერაფერს ვშველით?!

ბუნებრივია, არსებობს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, რომელიც ატარებს ტურნირებს, მაგრამ ეროვნული საუნჯე სოფლებში, რეგიონებში მაინც იკარგება. მისგან ოლიმპიური საჭიდაო სახეობები ვეღარ იღებს შევსებას. პირიქით - ქართული ჭიდაობის ტურნირებს უკვე ძიუდო, სამბო და თავისუფალი ჭიდაობა აწვდიან ინიექციას სპორტსმენებით.

იმ შეჯიბრებებში ხომ, ძირითადად, ამათი წარმომადგენლები ჭიდაობენ, რის გამოც ქართული ჭიდაობა კარგავს თავის სახეს და ზემოჩამოთვლილ ოლიმპიურ სახეობებს ემსგავსება. არადა, ადრე, როცა იმათ აძლევდა შევსებას, პირიქით იყო - "ქართულიდან" წასულებს იმ ჭიდაობებში შეჰქონდათ ქართული სტილი, რაც საერთაშორისო არენაზე - ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ოლიმპიადაზე ჩვენი ფალავნების წარმატების საფუძველი ხდებოდა.

რედაქციისაგან: ვისაც წამოჭრილი პრობლემის მოგვარება ეხება, ვთხოვთ, ამ თემასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გადაიკითხოს "ლელოს" 2014 წლის 16 დეკემბრის ნომერში განმეორებით გამოქვეყნებული ვახტანგ ბალავაძის წერილი - "გზა მშვიდობისა, ჩვენო მადლიანო ქართულო!" რომელიც პირველად ჯერ კიდევ 25 წლის წინათ იხილა "ლელოს" მკითხველმა და იმედიც მიეცა, საქმე დაიძრებოდა, მაგრამ, ხომ ხედავთ, ყველა ჩვენ გვჯობნის ეროვნულ საქმეში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"