მინისტრმა და სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო ლიპარტელიანმა სამბოს ხვალინდელ დღეზეც ილაპარაკეს. ითქვა სასიამოვნო სიახლის შესახებაც. ამიერიდან მოზრდილების მსგავსად, ჭაბუკთა ნაკრების წარმატებული მოჭიდავეებიც მიიღებენ სახელმწიფოსგან ფულად წახალისებას...
გამარჯვებულებს და პრიზიორებს მკითხველი "ლელოს" გუშინდელ ნომერში გაეცნო. შეგახსენებთ, რომ ბუქარესტიდან სამშობლოში
განსაკუთრებით იყოჩაღა შმაგი ლაგაზაურმა (62 კგ). მან ზედიზედ დაამარცხა აზერბაიჯანელი არზივ შუკოროვი, უკრაინელი ვალდიმირ გონგალო, ბელარუსი სერგეი უშივეცი და ამ ორთაბრძოლაში მხარი დაიზიანა, ფინალში ტრავმირებული გავიდა. დაძაბულ ორთაბრძოლაში 8:6 დაამარცხა მოლდოველი ვლადისლავ პლემედიალე და ჩემპიონი გახდა. მხარის ტკივილის გამო ლაგაზაურს მსაჯმა ხელიც ძლივს ააწევინა გამარჯვების ნიშნად...
შეიძლება ითქვას, ერთი ოქროს მედალი უშანგი კოკაურმა (+100 კგ) აჩუქა რუმინელ დანიელ ნატუას. გორელი ფალავანი 8:0 უგებდა მასპინძელს, როდესაც კიდევ ერთხელ წამოიწყო შეტევა, რომლის დროსაც თვითონ მოჰყვა თავის ფანდზე და 168 კგ-იანი მეტოქის ქვეშ მოექცა...
ნამდვილი აღმოჩენა იყო სამტრედიელი უშანგი მარგიანი (75). ისე დამაჯერებლად დაამარცხა მან თავისი ყველა მეტოქე, მრავალნაცადმა ჩემპიონებმა რომ იციან...
ჩვენი მოჭიდავეების აქილევსის ქუსლი, როგორც იტყვიან ხოლმე, სუნთქვაა, ანუ გამძლეობა. ამ მხრივ ბუქარესტში პრობლემა არ ყოფილა. ეს აღნიშნეს კიდეც მეტოქეებმა.
ჩვენების კოზირი კი სამბოში ჩვენივე დედაჭიდაობა ქართულია. ვინც მშობლიური ქართული ჭიდაობა იცის, სამბოშიც წარმატებებს აღწევს. ეს იგრძნობოდა ბუქარესტშიც.
წლეულს, შემოდგომაზე, ჩვენს ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტებს ბულგარეთში მსოფლიოს პირველობა ელით. ვფიქრობთ, მსოფლიოზეც მედალთცვენის მოწმენი გავხდებით...
ბოლოს ერთი ფრაზა, რომელიც ბუქარესტის სპორტის სასახლეში, "სალა პოლივანტეში", ორი უცხოელი მწვრთნელის საუბრიდან მოვისმინეთ: თუ ქართველი მოჭიდავეები არ ასპარეზობენ რომელიმე ტურნირზე, ამით ჭიდაობის ნებისმიერ სახეობაში შეჯიბრებას ხალისი ეკარგებაო.
დიახ, ეს სპორტი საჩვენო საქმეა. ამიტომ უნდა მივხედოთ და გავუფრთხილდეთ.
ბუქარესტისთვის სამბისტთა ნაკრები მოამზადეს მწვრთნელებმა: ემინ რაშმა, არჩილ ჩოხელმა, კობა ედიშერაშვილმა და გიორგი ჩიტაშვილმა.
გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"