საქართველოს ნაკრები: ხინჩეგაშვილი ჭიდაობს, პეტრიაშვილი ისვენებს

AutoSharing Option
სომხური წახკაძორიდან დაბრუნდა ჩვენი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები და მისმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ დაასახელა პოლონეთში, ვლადისლავ პეტლიასინსკის ტურნირზე წასაყვანი შემადგენლობა.

ვინაიდან ეს შეჯიბრება სასტარტოა ჩვენი გუნდისთვის, მწვრთნელს იქ ყველა ლიდერი მიჰყავს მძიმეწონოსან გენო პეტრიაშვილის გარდა - ევროპის ჩემპიონს, მსოფლიოსა და ოლიმპიურ მედალოსანს ასვენებენ, რადგან წლეულს ძალიან ბევრ ტურნირში იასპარეზა და სომხეთშიც თურმე კარგად ივარჯიშა.

ვარშავაში მონაწილე არ გვეყოლება 65 კილოგრამში. იანტბელიძეს ამ წონის ლიდერი, ევროპის წლევანდელი ბრინჯაოსმედალოსანი ზურაბ იაკობიშვილი კი მიჰყავს, მაგრამ მას წონას არ აკლებინებს და ზედა
წონაში, 70 კილოგრამში აჭიდავებს. ყვარლელ ფალავანს წონის პრობლემა ისედაც აწუხებს და რადგან აგვისტოში, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ისედაც მოუწევს დაკლება, ახლა ამიტომ არ აკლებინებენ.

ზუსტად ამავე მიზეზით პოლონეთში 61-ში გამოვა ევროპის ვიცე-ჩემპიონი ბექა ლომთაძეც. მართალია, ის ოფიციალურად გადავიდა 61-ში, მაგრამ ამ მსოფლიოსთვის 57-ში დაიკლო და იქ ემზადება, თუმცა ამ ეტაპზე შეღავათს უწევენ. ზედა წონაში - 86-ში იჭიდავებს ევროპის კიდევ ერთი ბრინჯაოსმედალოსანი ჯუმბერ ყველაშვილიც.

არადა, ყველაზე მძაფრი და გაურკვეველი კონკურენცია სწორედ 86-შია. აქ გარკვეული ისაა, რომ ოპერაციის გამო მსოფლიოსთვის მომზადებას ვერ ასწრებს ევროპის ორგზის ჩემპიონი, ოლიმპიური და მსოფლიოს პრიზიორი დავით მარსაგიშვილი. სამაგიეროდ, პოლონეთში იჭიდავებს ჩვენი ნაკრების გამოკვეთილი ლიდერი, ევროპის სამგზის, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61).

ჩვენი გუნდი ვარშავაში 6 ივლისსს, გამთენიისას გაფრინდება, იანტბელიძეს კი დავით ოთიაშვილი და დავით პოღოსიანი დაეხმარებიან. პოლონეთიდან დაბრუნების შემდეგ ნაკრები ერთ შეკრებას ბორჯომში გაივლის, დასკვნითს კი ისევ საქართველოში, სავარაუდოდ - დუშეთში გამართავს.

რაც შეეხება სომხეთში გავლილ შეკრებას, იანტბელიძე კმაყოფილია მისი შედეგებით. იქ გუნდი ძირითადად ფიზიკურად ემზადებოდა და რაც მთავარია, ყველაფერმა უპრობლემოდ, ტრავმების გარეშე ჩაიარა.

თავისუფალი ჭიდაობა. ნაკრები
57 კგ. ბექა ბუჯიაშვილი (გორი)
61 კგ. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი), ბექა ლომთაძე (ქუთაისი).
70 კგ. ზურაბ იაკობიშვილი (ყვარელი), დავით ტლაშაძე (გორი).
74 კგ. ზურაბ ერბოწონაშვილი (საგარეჯო), ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური, ორივე - ოლიმპიური მზადების ეროვნული ცენტრი)
86 კგ. დავით ხუციშვილი (საგარეჯო), ირაკლი მწითური (თბილისი), ჯუმბერ ყველაშვილი (გორი).
97 კგ. ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი), მამუკა კორძაია (აჭარა).
125 კგ. გიორგი მეშვილდიშვილი (ონი; ოლიმპიური მზადების ეროვნული ცენტრი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული