ჭიდაობა

თავისუფალი ჭიდაობა

ჯონ პეტერსონი: ჭიდაობა გორელებისთვის დნმ-ის ნაწილია

AutoSharing Option
ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში ჯონ პეტერსონი ქართველთათვის კარგად ცნობილი ფალავანია. მას, ისევე, როგორც მის ძმას, ბენ პეტერსონს, ჩვენი გულშემატკივარი ლევან თედიაშვილთან პაექრობებით კარგად იცნობს.

თედიაშვილს ორი ოლიმპიური ოქროს მედლიდან პირველი 1972 წელს მიუნხენში 82 კგ-ში ჯონთან ფინალში გამარჯვების შემდეგ, ხოლო 1976 წელს მონრეალში უკვე 90 კგ-ში ბენ პეტერსონთან ფინალის მოგების მერე აქვს მოპოვებული.

ჯონ პეტერსონი მისი საჭიდაო კლუბის რამდენიმე წევრთან ერთად ამ დღეებში საქართველოს სტუმრობს. გუშინ ამერიკელი სტუმრები გორში იმყოფებოდნენ, სადაც ნუგზარ სხირელის სახელობის დარბაზში გენო პეტრიაშვილთან და საქართველოს ნაკრების სხვა
გორელ წევრებთან ერთად ივარჯიშეს.

ვისარგებლეთ შემთხვევით და ჯონ პეტერსონს ვთხოვეთ, ესაუბრა ლევან თედიაშვილზე, საქართველოზე, ქართველ მოჭიდავეებზე.

- ლევან თედიაშვილს პირველად 1972 წელს, თბილისის საერთაშორისო ტურნირზე შევხვდი და დავმარცხდი. ერთი თვის შემდეგ მან ისევ მომიგო, ამჯერად ამერიკაში. იმავე წელს ლევანმა ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაშიც დამამარცხა - მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც 82 კგ-ში ოქროს მედლისთვის ბრძოლისას ვიჭიდავეთ.

თედიაშვილის სახელი ამერიკაში, ჩემს სახლში, სადაც სავარჯიშო დარბაზიც მაქვს მოწყობილი, კედელზე მიწერია. ლევანი მუდამ იყო ჩვენთვის მოტივაცია - "დაამარცხე დიდი ტედი", როცა ვვარჯიშობდით, სწორედ ასე მოვუწოდებდით ერთმანეთს.

მე და ჩემი ძმა ყოველთვის ვმეგობრობდით თედიაშვილთან. მისი შვილი გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩვენთან, ამერიკაში სწავლობდა.

Sportall.Ge

- თქვენი ამჟამინდელი სტუმრობის მიზანი რა არის?
- ჩვენს კლუბს, რომელიც ოჰაიოშია, აქვს პროგრამა "ათლეტები მოქმედებაში". ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ქვეყანასთან. საქართველოში ჩვენი სტუმრობის მიზეზიც ესაა. სულ 12 ადამიანი ვართ ჩამოსული, აქედან 7 მოჭიდავეა.

სურვილი გვქონდა, რომ მეტი სტუდენტი წამოგვეყვანა, რათა ქართველ მოჭიდავეებთან სავარჯიშო პაექრობისას გამოცდილება მიეღოთ. თუმცა, ამჯერად უფრო დიდი შემადგენლობით ჩამოსვლა აღარ მოხერხდა. გორიდან თბილისში წავალთ, სადაც მიმდინარე კვირის ბოლომდე გავჩერდებით, შემდეგ კი სომხეთში გადავალთ, იქაც რამდენიმე დღით.

აქედან ისე წასვლას არ ვაპირებ, თუ ლევანს არ ვნახავ.

- თქვენი თვალით დანახული საქართველოს შესახებ გვითხარით...
- საქართველოში ჭიდაობის დონეს და ხარისხს დიდი ხანია კარგად ვიცნობ. ძალიან გული მტკიოდა, რომ 90-იან წლებში საქართველოში ჭიდაობა ძველებურად წარმატებული აღარ იყო. ახლა კი პირიქით, მახარებს დონის ისევ ამაღლება.

მიყვარს საქართველო და პატივს ვცემ ქართველ მოჭიდავეებს. სასიამოვნოა, რომ გორში ვნახეთ ლადო ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი, ეს ორი უმაღლესი კლასის სპორტსმენი, რომლებიც განასახიერებენ თქვენს ქვეყანაში ჭიდაობის მაღალ კლასს, დონეს. აქ შევხვდით მათ მწვრთნელ ნუგზარ სხირელს.

სხვათა შორის, გორშიც არ ვარ პირველად. 1994 წელსაც ვიყავით თქვენს ქალაქში. მაშინაც ბევრი აქაური მოჭიდავე გავიცანი. მაშინაც ჩავატარეთ ერთობლივი ვარჯიში გორელ სპორტსმენებთან. მიმაჩნია, რომ გორელებისთვის ჭიდაობა დნმ-ის ნაწილია, სისხლში აქვთ და ამიტომაცაა თვალში საცემი მაღალი კლასის ფალავნების სიმრავლე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"