ჭიდაობა

თავისუფალი ჭიდაობა

თავისუფალი ჭიდაობა: გიორგი ჭოლაძე ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
ქუთაისელი გიორგი ჭოლაძე თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონია ჭაბუკთა შორის. მან ეს წარმატება ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში მოიპოვა, სადაც ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს ამ ასაკობრივ კატეგორიაში.

სარაევოში ჩვენმა ნაკრებმა კიდევ ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც ქობულეთელმა თორნიკე ქათამაძემ (58) და თბილისელმა დავით ქოჩქიანმა (85) შეძლეს. თუმცა ჩემპიონატი ისევ გრძელდება და ჩვენც ახალი ჯილდოების მოლოდინში ვართ, რადგან სამი ჩვენებური აგრძელებს მედლისთვის ბრძოლას: გორელი გიორგი გეგელაშვილი (46) და ამბროლაურელი ვალერი გელაშვილი (54) ფინალში გავიდნენ, კიდევ ერთი ამბროლაურელი - გიორგი ელბაქიძე (63) კი სანუგეშო წრეშია და
ბრინჯაოს მოპოვების შანსს ინარჩუნებს.

ახალი წესებით, ეს პაექრობები დღეს ჩატარდება, თუმცა გია კვინიკაძის გუნდს ორი მედალი, მინიმუმ - ვერცხლი განაღდებული აქვს.

შეგახსენებთ, რომ ეს ჩემპიონატი 24 ივლისს დაიწყო, მაგრამ ექსპერიმენტული ახალი ფორმატით ტარდება - ფინალური წყვილები 24 ივლისს კი გამოვლინდნენ, მაგრამ მედლებისთვის გადამწყვეტი პაექრობები 25 ივლისს გაიმართა.

ჭოლაძემ წინასწარი შეხვედრები იოლად მოიგო: ბულგარელ ისმაილ რომაკოვს 1.25 წუთში წმინდად დაამარცხა, 12:1, ნახევარფინალში კი თურქ უცოლუკ ფურკანს 10:6 სძლია. ჩვენებურმა ფინალშიც იოლად იმარჯვა აზერბაიჯანელ ტოფიგ ალიევთან - 8:2 და კარიერაში პირველად მოიპოვა ესოდენ სოლიდური წარმატება.

არადა, ფინალური პაექრობა ალიევის უპირატესობით დაიწყო და 1:0 დაწინაურდა. მეორე წუთი ახალი დაწყებული იყო, როცა ალიევმა ფეხიდან აიყვანა ჩვენებური და თითქოს მორიგი გდება გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ჭოლაძემ არათუ ფეხი აართვა, არამედ ხელებიც კარგად გაუტარა "ჯვარზე" და დგომიდან მოგვერდით 4-ქულიანზე გადააგდო. მას იქვე ბეჭებზე დაწვენაც შეეძლო, თუმცა მეტოქე გაექცა, მაგრამ სამშვიდობოს ვერა: ალიევმა ნახტომით სცადა ფეხში შეხტომა, მაგრამ ჭოლაძემ დაუხურა და ზურგიდან სცადა შემოვლა, რაც მეტოქემ არ დაანება, თუმცა ჩვენებური არ მოეშვა და მაინც ჩაიყვანა დაბლა: 6:1. იქვე საკმაოდ კარგი რეაქციაც გამოავლინა, როცა კონტრშეტევაზე გადმოსულ მეტოქეს ისევ მარდად ააცალა ფეხი.

შეხვედრის ბოლოს იგივე განმეორდა 0 ალიევი ისევ შორი ნახტომით ლამობდა ფეხში წვდომას, მაგრამ ჭოლაძე გაერიდა და მერე ისევ მოუარა ზურგიდან, რაც დაბლა ჩაყვანით დასრულდა.

ქათამაძემ ძალიან ძლიერად ჩაატარა წინასწარი შეხვედრები და დასანანია, ფინალში რომ ვერ გავიდა.

მაგალითად, პირველ წრეში 59 წამში სუფთად მოუგო შვედ კევინ ჯერი მაკოტა სტროემის - 10:0, თუმცა ეს კიდევ არაფერი - მომდევნო პაექრობაში მაკედონიელ დავიდ მიშევს 48 წამში მოუთავა ხელი იმავე ანგარიშით! მეოთხედფინალში თურქ ტოლგა აქუზს სუფთად ვერა, მაგრამ სოლიდური ანგარიშით კი აჯობა - 15:9, თუმცა ნახევარფინალში მოულოდნელად წააგო ბერძენ გეორგიოს პილიდისთან: 1:8. კიდევ კარგი, გუშინ შეძლო მობილიზება ბულგარელ დიმიტარ ანგელოვთან და 1:49 წუთში წმინდად მოუგო, 14:4.

ბრინჯაოსთვის პაექრობა ვადამდე მოიგო ქოჩქიანმაც ფრანგ პიეტრ მორნატისთან - 10:0 მოსაპოვებლად 2 წუთი და 14 წამი დასჭირდა. ის ნახევარფინალში წმინდად დამარცხდა რუს ალიკ შახბაზოვთან, მანამდე კი ბულგარელ ცვეტან ევტიმოვთან სუფთად მოიგო - 10:0, ხოლო მოლდოველ ივან ნედეალკოსთან 9:0 იმარჯვა.

გუშინ ძალიან ძლიერად იჭიდავა ვლადიმერ გამყრელიძემ. განსაკუთრებით გამოსარჩევია მისი პირველი პაექრობა შვეიცარიელ ფლურინ ანდრეა მაიერთან, ვისაც წმინდად მოუგო: 10:0, ამისთვის კი ერთ წუთზე ოდნავ მეტი - 5 წამი დასჭირდა. არცაა გასაკვირი, რადგან მეტოქეს ორჯერ გაუკეთა ლამის ერთნაირი ოთხქულიანი გდება, თუმცა უფრო დახვეწილი მეორე იყო: ფეხიდან აიყვანა მეტოქე და მხარზე შემოიგდო, თან ხალიჩიდან წამოდგა და მხარზე ისე შეისწორა, თითქოს ტომარა ედო ზედ, მერე კი წრის კიდესთან მიიყვანა და გამეტებით დაანარცხა ძირს. ფრანგ ადამ ბიბულატოვს 9:2 აჯობა, ნახევარფინალში კი თურქ ჰამზა ალაჩას დაძაბულ ბრძოლაში, 9:8 მოუგო. ფინალში ჩვენებური უკრაინელ ანდრეი ჯელეპს გაეჯიბრება.

დამაჯერებელი იყო გიორგი გეგელაშვილიც, ვინც აზერბაიჯანელი აშრაფ კარიმზადა დაბლა ჩაყვანის შემდეგ ისე დაატრიალა, ხელიც ატკინა და შეხვედრაც ვადამდე შეწყდა. თუმცა ეს არ იყო შეგნებული უხეშობა და ჩვენებურმა ძალიანაც განიცადა მეტოქის ტრავმა, მერე კი "პატარა ჯენტლმენად" მოგვევლინა, ისე ანუგეშებდა კარიმზადას.

მანამდე გორელმა ათლეტმა დამაჯერებლად დაამარცხა მაკედონიელი აიდ სალიასი, ვინც 3 წუთზე ოდნავ მეტ დროში იმდენი ატრიალა აქეთ-იქით, ანგარიში 14:1 გახადა. გეგელაშვილმა ნახევარფინალში 5:1 მოუგო სომეხ არაქელ მოვსესიანს, ფინალში კი რუს მაგომედ აბდურახმანოვს გაეჯიბრება.

ელბაქიძემ საკვალიფიკაციო ეტაპზე წმინდად აჯობა მოლდოველ სორინ პინტეას - 14:4, მაგრამ დამარცხდა აზერბაიჯანელ ჰაჯიმურად გაჯიევთან, 4:12. სანუგეშოში ჩვენებური უკრაინელ სერჰი ჰორდიენკოს შეხვდება, ამათში მოგებულს კი დამამშვიდებლის ფინალში პოლონელი კაროლ იაკუბ გჟეგუში ელოდება.

პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ვალერიან გამყრელიძის უფროსი ძმა ჭაბუკი გამყრელიძე (100), ხოლო ქარელელმა ლაშა ბაირამოვმა (76) პირველი შეხვედრა წმინდად კი მოიგო, მაგრამ მერე დამარცხდა და ამ დუეტს არც სანუგეშოში გადასვლის საშუალება არ მიეცა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"