ვლადიმერ მოდოსიანი: საქართველოში ბევრი ტალანტია

AutoSharing Option
ვლადიმერ მოდოსიანი 1980 წელს წავიდა საქართველოდან კრასნოიარსკში, სადაც დიმიტრი მინდიაშვილის თხოვნით გადავიდა.

იმ პერიოდში მინსკში იქაური მწვრთნელის - მალხაზ მერმანიშვილის მეშვეობით ალექსანდრე მედვედიც ეპატიჟებოდა, თუმცა მაინც ციმბირი არჩია.

მსოფლიოს ჩემპიონიც იქ გახდა, მაგრამ პირველ მწვრთნელად კარიერის ბოლომდე ნუგზარ სხირელს წერდა, რადგან მან ჩაუყარა საფუძველი ამ დიდ მიღწევას და იქ წასვლისას მზად იყო საამისოდ. მინდიაშვილსაც თავიდანვე შეუთანხმდა, რომ სხირელს ამაგს არ დაუკარგავდა.

მე მეგონა, ის წავიდა და წავიდა საქართველოდან. თავიდან ისიც კი ვიკითხე, ქართული ხომ არ დავიწყებია-მეთქი, მაგრამ თურმე მისი ოჯახი
სანახევროდ აქ ცხოვრობს და უფროს ქალიშვილს უმაღლესი სასწავლებელიც თბილისში დაუმთავრებია.

ასევე არ ვიცოდი, რომ საქართველოს ჩემპიონი ცურვაში ნანო მოდოსიანი მისი შვილი ყოფილა...

ერთი სიტყვით, შორეულ კრასნოიარსკში კი ცხოვრობს, თუმცა არსადაც არ წასულა...

უკვე წლებია, მოდოსიანი რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელია, თუმცა პირადადაც დიდი წვლილი შეაქვს გუნდის საერთო წარმატებაში. მისი პირადი შეგირდები არიან ევროპის სამგზის ჩემპიონი, ტუვინი ოპან სატი, ევროპის ორგზის ყაბარდოელი გამარჯვებული ანზორ ურიშევი, მსოფლიოს ჩეჩენი პრიზიორი ალბერტ სარიტოვი, კონტრაქტის საფუძველზე მასთან ვარჯიშობს იაკუტიიდან კრასნოიარსკში გადაბარგებული მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ვიქტორ ლებედევიც...

ეს მცირე ჩამონათვალია მისი ამჟამინდელი მოსწავლეებისა, მხოლოდ ყველაზე გამორჩეულების.

როგორც ვხედავთ, შემადგენლობა ეთნიკურად ფრიად ჭრელია, თუმცა სპორტული შედეგი ერთია - ტოპ-კლასი, რაც მის სამწვრთნელო რეპუტაციაზე ყველაზე კარგად მიუთითებს. მოდოსიანი ევროპის ჩემპიონატზე გვესტუმრა თბილისში და ეს ინტერვიუც მაშინ ჩავიწერეთ. ვფიქრობ, მის საუბარში მკითხველი იქაურ მოჭიდავეთა მზადების შესახებ ბევრ საინტერესოს ამოიკითხავს.

- თქვენ შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ ცხოვრობთ კრასნოიარსკში და მუშაობთ რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებში. რამდენად გაქვთ კავშირი საქართველოსთან?
- ჩემი მეუღლე ქართველია - გიგაური, რომელიც კრასნოიარსკში გავიცანი. იქ მისი ძმები ცხოვრობდნენ - მოჭიდავეები, ჩემი მეგობრები. მერე ესეც ჩამოვიდა სასწავლებლად, იქ გავიცანი და დავოჯახდით.

ორი გოგო მყავს. უფროსი დიზაინერია, მან თბილისში დაამთავრა სამხატვრო აკადემია. უმცროსი 12 წლისაა - ანი მოდოსიანი, რომელიც ცურვაში საქართველოს ჩემპიონია.

თავიდან სამკურნალოდ მივიყვანეთ აუზზე, მაგრამ მწვრთნელს მოეწონა, დაიტოვა და საკმაო წარმატებებიც მოიპოვა.

ნათესავები, მშობლები - ყველა აქ მყავს და მეც ხშირად ჩამოვდივარ. შეკრებებზე ადლერში დავდივართ, იქიდან ჩამოსვლას კი რა უნდა, ორი საათის საფრენია. შეკრებებს შორის სულ საქართველოში ვარ.

დღემდე მიჭირს ქართველების წინააღმდეგ გასვლა. მით უფრო - თუ სხირელის მოსწავლეა. უბრალოდ, რომ არ გაჰყვე, ეს უკვე ღალატია. წარმოიდგინეთ - მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ამზადებ და იქ არ გაჰყვე! ამას ჯობია, გავიდნენ და ვაჟკაცურად იჭიდაონ - ვინც მოიგებს, ალალი იყოს.

თან სამსახური სამსახურია და თუ წარმატება არ გექნება, ვერც მორალურად დაკმაყოფილდები და ეს შენს ხელფას-პრემიებზეც აისახება...

ასევე არ გავდივარ იმ შეხვედრაში, სადაც ერთმანეთს ჩემი მოსწავლეები ხვდებიან.

- ნაკრებში მუშაობის გარდა, კრასნოიარსკში რას საქმიანობთ?
- ჭიდაობის აკადემიაში ვმუშაობ, რომლის დირექტორიც დიმიტრი მინდიაშვილია. ადრე ის უმაღლესი დაოსტატების სკოლა იყო, მერე კი აკადემიად გადაკეთდა, სადაც უფროს მწვრთნელად ვმუშაობ. მადლობელი ვარ ბედისა, რომ ცხოვრებაში ისეთი მწვრთნელები შემხვდნენ, როგორიც ნუგზარ სხირელი და დიმიტრი მინდიაშვილია.

- საინტერესოა აკადემიის ფუნქცია - მხოლოდ პრაქტიკული წვრთნებით შემოიფარგლება თუ სამეცნიერო-ლაბორატორიული სამუშაოებიც ტარდება, რაც მოიცავს ფარმაკოლოგიას, საკვებ დანამატებს, ნებადართულ პრეპარატებს და ასე შემდეგ?
- იქ უმაღლესი კვალიფიკაციის მწვრთნელები მუშაობენ, რადგან მხოლოდ რჩეული ფალავნები მოდიან - რუსეთის ჩემპიონები ან პრიზიორები, ასევე - ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიადის მედალოსნები. იქ რიგითი მოჭიდავე ვერ მოხვდება, პერსპექტიული ახალგაზრდა მხოლოდ რეზერვში თუ იქნება. ასეთი დონის ხალხთან კი გამორჩეულმა მწვრთნელებმა უნდა იმუშაონ.

აკადემიაში ძირითადად 8-10 მწვრთნელი ვმუშაობთ დაგეგმილი გრაფიკით, თუმცა მხოლოდ ვარჯიშით და წვრთნით არ შემოვიფარგლებით - ფარმაკოლოგიაც არის, ოღონდ არა დოპინგი, და სამედიცინო დაკვირვებაც.

შეგირდს ვაკვირდებით და ვიზუალურადაც ხომ ვხედავთ, როგორ ვარჯიშობს, როგორ სძინავს, როგორ იკვებება, როგორ მოძრაობს და ასე შემდეგ, მაგრამ ორგანიზმს ღრმა სამედიცინო გამოკვლევებიც სჭირდება სპეციალური აპარატურით, რასაც წელიწადში 6-ჯერ ვაკეთებთ 2+4 სისტემით, ეტაპობრივად.

ისინჯება სისხლი, შარდი, ერთი სიტყვით - ყველაფერი, რათა განვსაზღვროთ, რა დოზით ვავარჯიშოთ. აი, ფორმულა-1-ში ხომ ხდება ხოლმე, როცა წვრთნისას მანქანა ფეთქდება; ადამიანიც ასეა - ისიც შეიძლება, მწყობრიდან გამოვიდეს, გადაიწვას.

ჩვენი ამოცანაც ესაა - დავინახოთ და არ მივუშვათ სპორტსმენი აქამდე. როგორც კი ამ დონემდე მივა, უკვე კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, რათა არ გადაიღალოს. ცხადია, ეს რომ განსაზღვროს, მწვრთნელსაც უმაღლესი კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს. მისი პროფესიონალიზმი სხვა რამეშიც ვლინდება - ძნელია ოლიმპიურ, მსოფლიოს, ევროპის ჩემპიონთან, ვარსკვლავებთან ლაპარაკი.

ამიტომ ის ფსიქოლოგიურადაც მაღალ დონეზე უნდა იყოს მომზადებული, შეეძლოს სპორტსმენის განწყობა.

- თქვენი ნაკრების მოჭიდავეები ფიზიკურად კარგი მომზადებით გამოირჩევიან. რის საფუძველზე აღწევთ ამას - მხოლოდ ვარჯიშის თუ კვება-ფარმაკოლოგიის ხარჯზეც?
- რუსეთში ძალიან დიდი კონკურენციაა - დაღესტანში, ოსეთში ყველა ჭიდაობს. ამ ბოლოს მათ ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ყაბარდო-ბალყარეთი და სხვა რეგიონებიც დაემატნენ. ყველგან დიდ ყურადღებას აქცევენ ჭიდაობას, ყველგან უყვართ და შექმნილია სკოლები, რაც ძალზე მნიშვნელოვანია.

დიდია მწვრთნელთა რესურსიც - მაღალი ხელფასები აქვთ და თავის სარჩენად დამატებითი სამუშაოს ძებნა არ უწევთ, მთლიანად ამ ერთ საქმეზე არიან კონცენტრირებულნი. ბიჭების მიდგომაც პროფესიონალურია, რადგან სამომავლოდ ცხოვრების მოწყობის გარანტია აქვთ; ხოლო სადაც პროფესიონალიზმია, იქ შედეგიცაა.

საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ აქ ბევრი ტალანტია, ფიზიკურად ძლიერი ხალხია. მაგალითად, ერთმანეთს რომ შევადაროთ 16-17 წლის ციმბირელი და ქართველი, ის ჯერ კიდევ ბავშვია, ეს კი - მამაკაცი. თან ქართული ჭიდაობის ფანდებიც ბევრს ნიშნავს.

- ნაკრებში თქვენი ფუნქცია მხოლოდ პირად მოსწავლეებთან მუშაობით შემოიფარგლება თუ სხვა როლიც გეკისრებათ?
- ადრე ყველას ვეხმარებოდი, თუმცა ახლა კონკრეტულად 84 კილოგრამის კურატორობა დამავალეს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვები უყურადღებოდ უნდა მივატოვო. მთავარი ხომ გუნდის ინტერესია - რაც შეიძლება, მეტმა მოიგოს, რადგან ჩვენი ბედიც ამაზეა დამოკიდებული - ხელფასი, პრემია, ფინანსური მხარე, პროფესიული ამბიცია, სამომავლო პერსპექტივა...

ამიტომ ყველას ვეხმარებით, ვისაც დასჭირდება - ეს სპორტის კანონია. როგორც ექიმს არ შეუძლია, ავადმყოფს უარი უთხრას, პედაგოგებიც ასე ვართ, თუმცა გვაქვს პირადი წონის კურატორობაც და აქედან გამომდინარე - პირადი პასუხისმგებლობაც.

- ვიცი, რომ პირველხარისხოვანი ტურნირების წინ პერსონალურად განიხილავთ სტრატეგიულ კონკურენტებს. წონაში მაინც რამდენ კაცზე მუშაობთ, თუ კონტინგენტს გააჩნია?
- ვიდრე ჩემპიონი არ ხარ, მანამ იქნებ 10 ან მეტი რეალური მეტოქე გყავს, მაგრამ რაც უფრო ძლიერდები, მათი რაოდენობაც მცირდება.

მაგალითად, ევროპის ამ პირველობისთვის ოპან სატის მთავარ კონკურენტად სამს განვიხილავდით - ხინჩეგაშვილს, როგორც ადგილობრივს და ძლიერს, ასევე, ბულგარელსა და აზერბაიჯანელ ფალავნებს, რომლებსაც ძლიერი სკოლა აქვთ.

ურიშევის მთავარ კონკურენტებად მარსაგიშვილს, ბულგარელ მსოფლიოს ჩემპიონ მიხაილ განევს და ამავე ტიტულის მფლობელ უკრაინელ იბრაგიმ ალდატოვს განვიხილავდით... ამასთან, როცა ახალგაზრდები ჩნდებიან, მათაც ვაკვირდებით.

- 60 კილოგრამში ნაკრებში ძლიერი კონკურენცია გაქვთ, სადაც აქეთ თქვენი შეგირდი ოპან სატი იმუქრება, ეს ოლიმპიური ციკლი ჩემი იქნებაო, თუმცა სათვალავიდან ამოსაგდები არც თქვენი მეორე მოსწავლე ვიქტორ ლებედევი და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, ოლიმპიური ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელი ბესიკ კუდუხოვი არიან... შეიძლება პროგნოზი, მოვლენათა როგორ განვითარებას ელოდებით, ვის დარჩება ლიდერობა?
- სატი ჩვენი აკადემიის წევრია და მე ვეხმარები, თუმცა მას პირველი მწვრთნელი სხვა ჰყავს, რომელიც ევროპის პრიზიორია. ლებედევი მოგვიანებით მოვიდა აკადემიაში და მას კონტრაქტით ვავარჯიშებ - იაკუტიისა და კრასნოიარსკის მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში.

ზოგჯერ იაკუტიაშიც ჩავდივარ მასთან, თუმცა ძირითადად კრასნოიარსკში ემზადება.

ამ წონაში მართლაც ძლიერი კონკურენციაა და ხელწამოსაკრავი არავინაა. ყველა მათგანის ტიტული მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ ძლიერ წონაში გამოდიან, ანუ მართლაც ძლიერები არიან, თორემ, შეიძლება, ტიტული სუსტ წონაშიც დაისაკუთრო, მაგრამ არ იყო ვარსკვლავი.

ლიდერობაზე საუბრისას ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მაგალითად - ასაკი, რადგან ახალგაზრდას თავისზე უფროსთან შედარებით გამოცდილება აკლია.

რაც უფრო იზრდები, მით უფრო იხვეწები და ყოველმხრივ ძლიერდები. ვფიქრობ, სადღეისოდ ამ წონაში ყველაზე ძლიერი სატია, რადგან მან დაიმკვიდრა ადგილი ნაკრებში, თუმცა არც ლებედევია ვინმეზე ნაკლები.

მას ყველასთან თანაბრად შეუძლია ჭიდაობა, რადგან უმაღლესი დონის ფალავანია. მას და სატს სულ სხვადასხვა სტილი აქვთ და მათ შორის შეხვედრაში ყველაფერი ტაქტიკაზე იქნება დამოკიდებული - ვინ უფრო მომგებიანს აირჩევს. ცხადია, აქ მწვრთნელის როლიც განუზომლად იზრდება.

- ციმბირელებს იოლად იმორჩილებთ. ადვილია მათთან მუშაობა?
- თავისებური მიდგომა, ალღოს აღება მათაც უნდათ. თუ გაუგებ, მათ კულტურას ჩაწვდები, თან გადაგყვებიან. ისინი უფრო ჩვენ გვგვანან - ქართველებს და არა რუსებს. ახლობლობა, ნათესაობა-მეგობრობა უფრო იციან, უფრთხილდებიან ერთმანეთს... ეტყობა, ეს პატარა ერების დამახასიათებელი თვისებაა.

- როგორ ფიქრობთ, კუდუხოვმა საბოლოოდ დასძლია ის ჩავარდნა, რის გამოც ერთხელ მინდიაშვილმა გააკრიტიკა, პიჟონური ქცევები დასჩემდაო? თან, გასათვალისწინებელია, რომ უკვე მესამე ოლიმპიური ციკლი უწევს მწვერვალზე ყოფნა, რაც ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელია...
- როცა ადამიანი რამდენჯერმე ხდება ჩემპიონი, ჰგონია, რომ უკვე ყველაფერი იცის. ამ დროს მწვრთნელთან კავშირიც იკარგება და თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს. არადა, სპორტსმენისა და მწვრთნელის მიდგომა სულ სხვადასხვაა - ათლეტი ყოველთვის იოლად გაძრომაზე ცდილობს, რასაც დამრიგებელი არ დაუშვებს.

პიჟონებს იმათ ეძახიან, ვინც არ ვარჯიშობს. მთლიანობაში, კუდუხოვი დიდი ტალანტია, ძალიან ჭკვიანი, ყურადღებიანი და ყველა მონაცემი აქვს; თუმცა პირადი მწვრთნელი შეკრებებზე ვერ დაჰყვება, იქ სხვადასხვა ხალხთან ემზადება, რაც გარკვეულ პრობლემებს უქმნის, მაგრამ ამ ბოლოს ირბეკ ფარნიევი და ჯამბულათ თედეევი ეხმარებიან სტაბილურად.

- დასასრულ, თბილისიდან წასულ გიორგი კეტოევზეც გკითხავთ, რომელიც გახდა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, მოიპოვა ოლიმპიური მედალი, მაგრამ მაინც როგორღაც ერთ გაელვებად დარჩა, ძალიან მალე წავიდა სპორტიდან. თქვენი აზრით, რამ შეუშალა ხელი?
- დიდ სპორტში შედეგს რომ აჩვენებ, მაშინ უნდა შეგეძლოს ვითარების გაკონტროლება, რადგან იმ პერიოდში ძალიან ბევრი მეგობარი გამოგიჩნდება. ამ დროსაა საჭირო მწვრთნელი გვერდით. თან ის საქართველოდან იყო და მასაც ასე დაემართა - გარემოცვამ იქონია გავლენა, არ ვარჯიშობდა სათანადოდ. ესაა ერთადერთი მიზეზი, თორემ მართლაც მეტი შეეძლო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული