სტეფან სარქსიანის მემორიალი: გიორგი ედიშერაშვილი ისევ იგებს

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სომხურ ვანაძორში, სტეფან სარქსიანის მემორიალში გამოსვლა 8 მედლით დაასრულა - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 5 ბრინჯაო.

ჩემპიონები გიორგი ედიშერაშვილი (55) და გიორგი საკანდელიძე (120) გახდნენ, დავით მარსაგიშვილი (84) მეორეზე გავიდა, ბრინჯაოს მედლები კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (60), ლევან ქელეხსაშვილმა (60), გიორგი სანოძემ (74), ზურაბ ახობაძემ (96) და დავით მოძმანაშვილმა (120) მოიპოვეს.

მესამე ადგილის მოპოვების შანსი ომარ გუსოშვილსა და ელიზბარ ოდიკაძესაც (ორივე - 96) ჰქონდათ, მაგრამ დამარცხდნენ და მეხუთეზე დარჩნენ.

ედიშერაშვილმა ფინალში ამერიკელი ანგელ ესკობედო დაამარცხა,
საკანდელიძეს კი გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელთა ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი ალენ ზასეევი არ გამოუცხადდა.

სამწუხაროდ, ტურნირის ცუდი საინფორმაციო გაშუქების გამო დეტალებს ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ უცხოური საჭიდაო ფორუმების მიხედვით, საკანდელიძემ მოძმანაშვილს საქართველოს თასის შემდეგ კიდევ ერთხელ მოუგო.

დასანანი ფინალი წააგო მარსაგიშვილმა - ნაკლებად ცნობილ ამერიკელ კლეიტონ ფოსტერთან დამაჯერებლად იგებდა, მაგრამ მეტოქემ ჩოქბჯენში გამოიჭირა და რამდენჯერმე დაატრიალა.

მარსაგიშვილს ჯერ ისევ აწუხებს საზარდული და ფორმაში არაა. ამიტომ, მისთვის ეს ვერცხლი ამ ეტაპზე იქნებ წარმატებაცაა, მაგრამ ნამდვილად ცუდია, პრინციპულ პაექრობებს მსგავს სიტუაციებში ხშირად რომ აგებს.

საყურადღებოა ხინჩეგაშვილის წაგებაც. ის ბესიკ კუდუხოვთან დამარცხდა. ნაკრების მთავარ მწვრთნელ რევაზ მინდორაშვილს აშკარად გაუმართლა ახობაძემ - რაკი მას შეკრებებზე მონდომება შეატყო, საკუთარი ხარჯით წაიყვანა სომხეთში.

ამ წონაში ყველაზე კარგი შედეგიც მან დაუდო. ახობაძემ ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლაში დამაჯერებლად მოუგო გუსოშვილს, ოდიკაძე კი ევროპის პრიზიორ ვლადისლავ ბაიცაევთან დამარცხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული