ქართველმა "თავისუფლებმა" ხასავიურტის ტურნირის პირველ დღეს ოქრო-ვერცხლი მოიპოვეს

AutoSharing Option
ფოტო: მარჯვნივ ბექა ბუჯიაშვილი

19 ოქტომბერს ხასავიურტში დაიწყო საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშება თავისუფალ ჭიდაობაში, რომელშიც წარმატებით ჩაებნენ ქართველი ფალავნები - სტარტზე ორი მედალი მოიპოვეს, თითო ოქრო-ვერცხლი. ჩემპიონი ბექა ბუჯიაშვილი (55) გახდა, ლევან ქელეხსაშვილი (66) კი მეორეზე გავიდა.

ბუჯიაშვილი ხასავიურტში სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივე მასპინძლებთან - თავიდან ჯაბრაილ ვაზირხანოვი ბეჭებზე დააწვინა, ნახევარფინალში ხასავიურტელ ზელიმხან დაუდოვს აჯობა, ფინალში კი მერე ხასავიურტელი შამილ ომაროვი 3:1 დაჯაბნა.

ბუჯიაშვილი თავიდან 0:1 აგებდა, მაგრამ ჯერ მოძრაობაზე დაჭერით მეტოქე ჩოქბჯენში ჩაიყვანა და 2:1 დაწინაურდა, ბოლოს კი წრიდანაც
გაიყვანა და საბოლო ანგარიში დააფიქსირა.

შეხვედრის ბოლოს მან თავიც კარგად დაიცვა, როცა თავად ჩავარდა ჩოქბჯენში, მაგრამ გონივრული მანევრით ქულა მაინც არ დათმო) და ომაროვის პროვოკაციასაც ჯენლტმენურად უპასუხა - წრიდან გადაგდებისას იმან სახეში ხელი მიარტყა, რაზეც ამან იქვე დაუქნია თითი, ოღონდ საჩხუბრად არ გაქაჩულა და მსაჯებისთვის დისკვალიფიკაციის მიზეზი არ მიუცია.

ქელეხსაშვილმა ფინალი საკმაოდ ძლიერ მასპინძელ ხაიბულა შაალოვთან უშანსოდ დათმო - 0:6. არადა, შეხვედრის მიმდინარეობა ასეთს არაფერს მოასწავებდა - საწყისი წუთნახევარი თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა, თუმცა მერე შაალოვი იოლად შევიდა ფეხში და ორქულიანზე გადაატრაიალა.

ქელეხსაშვილს შესვენებამდე ოჯერ მიეცადა მისი ჩოქბჯენში ჩაყვანის შანსი, მაგრამ მეტოქემ თავი დაიცვა და იქით გადაიყვანა. მან ბოლო ორი ქულაც ამ სტილში მოიპოვა - კონტრილეთით, ამის შეტევაზე.

სამიდან ორ ეპიზოდში ჩვენებური თავისივე ინციატივას ემხვერპლა, თუმცა მანამ ერთი კარგი შეხვედრაც მოიგო - ნახევარფინალში აზერბაიჯანელთა დაღესტნელ ლეგიონერ მაგომედ მუსლიმოვთან პირველი პერიოდის შემდეგ 1:8 აგებდა, მაგრამ საბოლოოდ 17:8 იმარჯვა.

19 ოქტომბერს ბრინჯაოს მედლისთვის სანდრო ამინაშვილმაც (84) იჭიდავა, ვინც ამ წონაში მოასპარეზე ქართული ტრიოდან ყველაზე უკეთ გამოვიდა, თუმცა გადამწყვეტი შეხვედრა მასპინძელ გაჯი რაჯაბოვთან.

ამავე წონაში ნოდარ ეგაძე აზერბაიჯანელთა კიდევ ერთ დაღესტნელ ლეგიონერ მაგომედ ხატიევთან დამარცხდა. ხატიევს მერე გიორგი თხელიძემ აჯობა, თუმცა კვარცხლბეკამდე მისვლა ვერ შეძლო.

20 ოქტომბერს ხასავიურტში დარჩენილი ოთხი წონის ფალავნები იჭიდავებენ, ჩვენგან კი საასპარეზოდ ამირან ყაზარაშვილი, მურთაზ კვესაძე (ორივე - 60), გიორგი სანოძე, ჯუმბერ ყველაშვილი, დავით ტლაშაძე (სამივე - 74), ზურბ ახობაძე (96) და გიორგი საკანდელიძე (120) გავლენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული