ჭიდაობა

თავისუფალი ჭიდაობა

ფალავანთა კლუბში "თავისუფალთა" ნაკრების ახალი წევრი გამოვლინდება

AutoSharing Option
28 დეკემბერს თბილისში, ფალავანთა კლუბში საინტერესო და მნიშვნელოვანი ტურნირი ჩატარდება თავისუფალ ჭიდაობაში - ის მხოლოდ 70 კილოგრამში გაიმართება და მიზნად ისახავს ამ წონაში საქართველოს ნაკრების წევრის ვინაობის გამოვლენას.

მოგეხსენებათ, გაისად წონითი კატეგორიები იცვლება და ჭიდაობა ორეტაპიან დახარისხებაზე გადადის - ოლიმპიადაზე 6 წონითი კატეგორია იქნება, ყველა დანარჩენ შეჯიბრებაში - 8.

ოლიმპიურებს იმ დანარჩენ შეჯიბრებებში 61 და 70 კილოგრამები ემატება. ვინაიდან აქამდე არსებულ 60-ში ოლიმპიადისა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გვყავს, საკადრო პრობლემაც მოგვარებულია. მომდევნო წონა 65 კილოგრამია, სადაც 66-ის ფალავნები დაიკლებენ;
აი, 70 კი უფრო პრობლემურია და ამ ტურნირის ჩატარებაც ნაკრების ხელმძღვანელობამ მის მოსაგვარებლად გადაწყვიტა.

უმთავრესი ფავორიტი, რომელიც ახალ ტურნირს ახალ წონით კატეგორიაში ეყოლება, მსოფლიოს პირველობის მეხუთეადგილოსანი ლევან ქელეხსაშვილია. მოგეხსენებათ, ის აქამდე 66-ში გამოდიოდა, მაგრამ საკმაოდ ბევრს იკლებდა. თან ეს პროცესი თანდათან უფრო და უფრო უჭირდა, ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯერ კიდევ მოზარდია, მომავალში მით უფრო გაუძნელდება.

აქედან გამომდინარე, გონივრული ჩანს მისი გადაწყვეტილება, ძალა ახალ წონაში სცადოს. მით უფრო, ორიოდე კვირის წინ საქართველოს ჩემპიონატის ფინალი კონსტანტინე ხაბალაშვილთან წააგო. თუმცა საკითხავია, რას იზამს ის 2015 წელს, როცა ლიცენზიებისთვის ბრძოლა გაჩაღდება, ანუ რომელ ოლიმპიურ კატეგორიას მიაშურებს. ნაკლებად სავარაუდოა, წონა დაიკლოს და 65-ში ჩამოინაცვლოს. უფრო მოსალოდნელია, ზევით წავიდეს, 74-ში.

ქელეხსაშვილის გარდა, ახალ ტურნირს სხვა მნიშვნელოვანი მონაწილეებიც ეყოლებიან. თუნდაც ახალგაზრდებში ევროპის 2009 წლის ჩემპიონი გოგა ხუჭუა და იმავე ნაკრების ყოფილი წევრი დავით ტლაშაძე. ისინი 74 კილოგრამიდან იკლებენ, რადგან იქ წონა არ ჰყოფნით, თუმცა საოლიმპიადო პერსპექტივაში მათაც ის პრობლემა დაუდგებათ, რაც ქელეხსაშვილზე ვთქვით. ვნახოთ, ყველაფერს დრო გამოავლენს, მაგრამ შაბათს ფალავანთა კლუბში ამ წონაში მეტ-ნაკლებად ცნობილი სხვა ფალავნებიც იქნებიან.

უეჭველია, ასეთი შუალედური, ანუ დამატებითი წონები მისწრება იქნება გარკვეული კატეგორიის ფალავნებისთვის, რომლებიც აქამდე არსებულ წონებს ვერ ერგებოდნენ. ცხადია, ვიღაცისთვის ცუდი იქნება, მაგრამ ვიღაცას წაადგება კიდეც. მაგალითად, იგივე ხუჭუა თავის დროზე ნიჭიერ ახალგაზრდად მიიჩნეოდა, მაგრამ მერე გაუჭირდა და ლამის მიიკარგა კიდეც. ახლა რეაბილიტაციის შესაძლებლობა ეძლევა.

ისე, მისთვის ეს წონა, როგორც ზედა წონიდან დაკლებულისთვის, ერთგვარი კოზირიც იქნება, ვიდრე - ქვევიდან ასულისთვის. საერთოდ, რაც მეტი წონითი კატეგორია იქნება, მით მეტ ფალავანს მიეცემა თავის გამოჩენის შანსი.