თარიღი: ოთარ თუშიშვილის ბედნიერი მამა და გაოცებული რუსი ოკუპანტები

AutoSharing Option
ამას წინათ პოლონეთში 23-წლამდელ მოჭიდავეთა ევროპის პირველ ჩემპიონატზე ქართველმა ფალავნებმა თავისუფალ ჭიდაობაში ორი ოქროს, ამდენივე ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

იმ წარმატებაში ნაკრების მთავარ მწვრთნელ ემზარ ბედინეიშვილთან ერთად თავისი წვლილი ტიტულოვანმა მოჭიდავემ ოთარ თუშიშვილმაც შეიტანა. დიდ სპორტთან განშორების შემდეგ იგი გორში მუშაობს მწვრთნელად და თავის ყოფილ პედაგოგს ნუგზარ სხირელს ეხმარება ჩემპიონთა დაფრთიანებაში.

არ დამავიწყდება 2008 წელი. რუსეთის აგრესიის შემდეგ გორში ჩავედი და ოთარ თუშიშვილის მამას - ბატონ გიორგის შევხვდი.

"საშინელი დღეები გამოვიარეთ. ქუჩაში გასვლის გვეშინოდა, მაგრამ მაინც ვიკრიბებოდით ერთმანეთის
გასამხნევებლად, - მითხრა მან, - რუსებმა ტელეანძა რომ აგვიფეთქეს, მას შემდეგ თითქმის მოვწყდით გარესამყაროს - კიდევ კარგი, მობილური ტელეფონით ვიგებდი ქვეყნის და ოლიმპიადის ამბებს.

იმ დღესაც ჩვენი ქუჩის თავში ვიდექი, ოთარის ბრინჯაოს მედლის მოპოვება რომ მამცნეს. წარმოიდგინეთ, როგორ გამიხარდებოდა. მუხლებზე დავიჩოქე და ხელებაპყრობილმა უფალს მადლობა შევწირე.

ამ დროს ჩემ წინ "ბეტეერმა" დაამუხრუჭა. არაფერს გერჩით, რად დაჩოქილხარო, გადმომძახა რუსის ჯარისკაცმა. შვილი ოლიმპიური პრიზიორი გამიხდა, თქვენი დარდი სულაც არ მაწუხებს-მეთქი, ვუპასუხე".

დიახ, იმ დროს, როცა გორს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები ბომბავდნენ, ოთარ თუშიშვილმა ჩინეთში ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჭიდაობა 10 წლისამ დაიწყო მერაბ მუზიაშვილის ხელმძღვანელობით, 1991 წლიდან ნუგზარ სხირელი ავარჯიშებდა. საერთაშორისო სარბიელზე პირველ ჯილდოს 1993 წელს გაუსინჯა გემო - ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიო ფორუმზე ბრინჯაოს მედალი ერგო.

თანატოლთა შორის ევროპის 1996 წლის ჩემპიონმა და ორგზის მესამე პრიზიორმა უფროსებში 1999 და 2001 წლებში კონტინენტის ჩემპიონატებზე მესამე ადგილები დაიკავა, მსოფლიოს ჩემპიონატებზე კი ერთხელ "ვერცხლი" (2006 წ.) და ორჯერ "ბრინჯაო" (2005, 2007 წ.წ.) დაიმსახურა.

- ათენის ოლიმპიადის წინ ერთადერთი წახკაძორის საწვრთნელი შეკრება გავიარე სრულყოფილად, - მითხრა ამას წინათ შეხვედრისას ოთარმა. - მერე რუმინეთში საერთაშორისო ტურნირზე მესამე ადგილი დავიკავე. შედეგს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთავარი იყო, საკუთარი შესაძლებლობები გამომეცადა.

პეკინში გამგზავრების წინ ბორჯომში ვიყავით შეკრებაზე, რომელიც საქართველოზე რუსეთის აგრესიამ ჩაგვიშხამა. ბორჯომში რა გამაჩერებდა. გორს მოვაშურე. დამწვარ-დანგრეული სახლების დანახვამ გული შემიკუმშა, მაგრამ რა უნდა მექნა!

პეკინში მშვიდად რომ ვყოფილიყავი, მეორე დღესვე დედა, ძმა და ძმისშვილები თბილისში წავიყვანე. მამა ვერ დავიყოლიე მხოლოდ - ჩემს ნაოფლარს რუსების საჯიჯგნად ვერ დავტოვებო, მითხრა. მისი ხასიათი ვიცი და არც ჩავციებივარ.

- ჩინურ ბატალიებზე რას იტყვი?
- მანუჩარ კვირკველიას და ირაკლი ცირეკიძის ოქროს მედლებმა დადებითად დაგვმუხტა, ჭიდაობის სტიმულიც მოგვეცა. პირველ წრეში იაპონელ კაზუჰიკო იკუმაცუს ვაჯობე, მეორე შეხვედრის წინ მოთელვისას მწვრთნელებმა მახარეს, ბულგარელი სერაფიმ ბარზაკოვი გელოდებაო.

ამ გვარის გახსენებაზე ოთარს გაეღიმა. ბულგარელ ფალავანთან მას რამდენიმე უსიამოვნო ეპიზოდი აკავშირებს - ჩემთან საუბრებისას არაერთხელ წამოსცდენია, ეს კაცი ჩემდა ჭირად არის გაჩენილი, თარსი თვალები აქვსო. 2001 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კორეელ მეტოქესთან გონგამდე ნეკნი რომ დაიზიანა, ბულგარელს თურმე მისი ჭიდაობისთვის თვალი არ მოუშორებია.

2003 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე "მედისონ სკვერ გარდენში" კუბელთან შერკინებისას ბარზაკოვი ხალიჩას მისშტერებოდა, თუშიშვილმა მაშინაც ნეკნი გაიტეხა.

2005 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე უშუალო დაპირისპირებისას ოთარი ბულგარელთან დამარცხდა, სამაგიეროდ, 2006 წელს მსგავს შეჯიბრებაზე რევანში აუღო.

- პეკინის ოლიმპიურ დარბაზში ბარზაკოვი ოდნავ მოჭუტული თვალებით მზერას არ მაცილებდა, ყურადღება არ მიმიქცევია. ხალიჩაზე რომ გავედით, უმალ ვეკვეთე და 3 ქულა ავართვი, მეორე პერიოდში 2:0 მოვუგე. მზად ვიყავი, დანარჩენ მეტოქეებსაც ასე გავსწორებოდი, მაგრამ ნახევარფინალში გათურქებულ ჩეჩენ რამაზ შაჰინთან ჭიდაობისას მსაჯებმა მიმუხთლეს. კიდევ კარგი, რომ უმედლოდ არ დავრჩი...

მესამე ადგილისთვის პაექრობაში ქართველი ფალავანი კუბელ გეანდრი გარსონს დაუპირისპირდა. ოთარი მეტოქეზე მთელი თავით მაღლა იდგა - დაამარცხა იგი და "ბრინჯაო" დაიმსახურა.

იმ თამაშების შემდეგ ნუგზარ სხირელმა მითხრა, ოთარ თუშიშვილი ჩემპიონობის ღირსი იყო, ის კი ბრინჯაოს დააჯერესო.

ახლა ოსტატი და ყოფილი შეგირდი გორში ერთად ემსახურებიან დიდ საქმეს, რასაც დიდი ფალავნების აღზრდა ჰქვია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული