ოლიმპიური საჭიდაო სტატისტიკა: თავისუფალი სტილი

AutoSharing Option
დამთავრდა ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირები საჭიდაო სახეობებში და საგზურების უმეტესობა უკვე "დარიგდა". ჭიდაობებში ლიცენზიას ქვეყანა იღებს და არა - სპორტსმენი, ანუ არაა სახელობითი და მწვრთნელს შეუძლია, მონაწილე ნებისმიერ დროს შეცვალოს. ანუ არაა გამორიცხული, საგზური ერთმა მოიპოვოს, ოლიმპიადაზე კი სხვა წავიდეს.

აქედან გამომდინარე, ცალკეულ წონებში თამაშების მონაწილეებზე ჯერ გადაჭრით ვერ ვილაპარაკებთ, თუმცა გარკვეული დასკვნების გაკეთება უკვე შეიძლება.

საქართველომ ვაჟთა შორის 12 შესაძლო ლიცენზიიდან 11 მოიპოვა - თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ექვსივე საგზური დაისაკუთრეს და რიო დე ჟანეიროში სრულად დაკომპლექტებული გუნდით წავლენ, ბერძენ-რომაელები კი
უსაგზუროდ მხოლოდ 59 კილოგრამში დარჩნენ და სწორედ ეს ერთი ლიცენზია დაგვაკლდა მაქსიმალურ შედეგამდე.

"თავისუფლებში" საგზურები პირველივე ცდაზე, ანუ შარშან გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოთხმა ფალავანმა მოიპოვა: ოლიმპიადის ვიცე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (59), ევროპისა და მსოფლიოს მესამე პრიზიორმა სანდრო ამინაშვილმა (86), ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონმა ელიზბარ ოდიკაძემ (97) და ევროპის მომავალმა ჩემპიონმა, მსოფლიოსა და კონტინენტის ბრინჯაოს მედალოსანმა გენო პეტრიაშვილმა (125).

სალიცენზიო შეჯიბრებების შემდეგ მათ ჯერ ევროპის წლევანდელი მესამე პრიზიორი იაკობ მაქარაშვილი (74) შეუერთდა, მერე - ზურაბ იაკობაშვილიც (65).

ბერძენ-რომაელები შარშან მსოფლიოზე საერთოდ უსაგზუროდ დარჩნენ და ხუთივე ლიცენზია ამ გაზაფხულზე, ერთთვიან მონაკვეთში სათანადო შეჯიბრებებზე გაინაღდეს, რაც ევროპის წლევანდელმა მედალოსნებმა, ბრინჯაოს პრიზიორმა შმაგი ბოლქვაძემ (66), ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა (75), ვიცე-ჩემპიონმა რობერტ კობლიაშვილმა (85), აგრეთვე - ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონმა რობერტ ნადარეიშვილმა (98) და 23-წლიანებში ევროპის გამარჯვებულმა იაკობ ქაჯაიამ (130) შეძლეს.

"თავისუფალი" სტატისტიკა
"თავისუფლებში" ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება 39-მა ქვეყანამ მოიპოვა. აქედან ყველა, ექვსივე ლიცენზია სულ 6-მა ირგუნა: საქართველომ, რუსეთმა, ირანმა, აზერბაიჯანმა, თურქეთმა და მონღოლეთმა.

5 მონაწილე 3 ქვეყანას ეყოლება: ყაზახეთს, კუბას, და აშშ-ს. ბრაზილიაში 4 მოჭიდავით მხოლოდ უზბეკეთი ჩავა, 3 სპორტსმენით კი 7 გუნდი იქნება წარმოდგენილი: უკრაინა, ინდოეთი, პოლონეთი, სომხეთი, ეგვიპტე, ბულგარეთი და ჩინეთი.

2-2 ათლეტით გამოვლენ ბელარუსი, პუერტო რიკო, იაპონია, ვენესუელა, მოლდოვა, უნგრეთი, ტუნისი, ნიგერია, რუმინეთი, კორეა, კანადა და ავსტრალია, ხოლო დანარჩენებს - ყირგიზეთს, კოლუმბიას, საფრანგეთს, იტალიას, ესპანეთს, ჩრდილო კორეას, ბრუნეის სასულთნოს, სენეგალს, მაროკოს და გვინეა-ბისაუს თითო კაცი ეყოლებათ.

ამათგან უკრაინას ჯერ ისევ ეთვლება საგზური 65 კილოგრამში, სადაც მათი სპორტსმენი დოპინგის მიღებაშია ეჭვმიტანილი, იტალიამ კი ის ერთადერთი საგზურიც ნატურალიზებული კუბელის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ ფრან მარკეზ ჩამიზოს (65) ხარჯზე მოიპოვა. თურქეთმა და მონღოლეთმა გუნდი მხოლოდ ბოლო, სტამბოლში გამართულ სალიცენზიო შეჯიბრებაზე შეავსეს. ამ ტურნირით უზბეკეთმაც ძლიერ იხეირა - 2 საგზური მოიპოვა. ესპანეთიც იქვე დაეუფლა თავის ერთადერთ ლიცენზიას.

ყაზახეთს ის ერთი საგზური 65 კილოგრამში აკლია, თუმცა ამ წონაში მათ არც ჰყავთ ვინმე გამორჩეულად ძლიერი ფალავანი. სამაგიეროდ, არაოლიმპიურ 61-ში ჰყავთ ლონდონში ბრინჯაოსთვის ნაჭიდავები, მსოფლიოს მესამე პრიზიორი და აზიის რამდენიმეგზის ჩემპიონი დაულეტ ნიაზბეკოვი, მაგრამ, ეტყობა, მას წონა არ ჰყოფნის 65-ში წარმატებით საჭიდაოდ.

კუბელებს ბრაზილიაში მძიმეწონოსანი არ ეყოლებათ, ამერიკელები კი 65-ში დარჩნენ მონაწილის გარეშე. საინტერესოა, რომ "თავისუფლების კუნძულს" მძიმე წონაში არც წინა ოლიმპიადაზე ჰყოლია მონაწილე.

უზბეკეთს 86-სა და მძიმეში მოეცარა ხელი. 86-ში მათ არც ადრე ჰყოლიათ ვინმე გამორჩეული, მძიმეში კი მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიადის სამგზის ჩემპიონი არტურ ტაიმაზოვი ჰყავდათ.

სტამბოლში გამართულ ბოლო სალიცენზიო ტურნირზე ორმა მეტ-ნაკლებად ძლიერმა და ჩვენთვის საშიშმა ფალავანმა მოიპოვა საგზური: კანადელმა ჰაისლან გარსიამ (65) და რუმინეთში რუსეთიდან გადასულმა ჩეჩენმა მსოფლიოს მესამე პრიზიორმა ალბერტ სარიტოვმა, რომელიც უკვე ზედა წონაში - 97-ში გამოდის.

ყურადღებას იმსახურებს ჩინელი შენგფენ ბიც (86), იმდენად ძლიერ ფალავნებს მოუგო - მოლდოველ ევროპის ფინალისტ პიოტრ იანულოვს და უკრაინელთა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ევროპის არაერთგზის პრიზიორ იბრაგიმ ალდატოვს.

ლიცენზიანტთა სახელობით სიებს თუ გადავხედავთ, მასში წინა ოლიმპიადის მედალოსანთა მხოლოდ მცირე ნაწილია მოხვედრილი. სასიხარულოა, რომ მათ შორის ხინჩეგაშვილიცაა.

დანარჩენებიდან შევიდნენ აზერბაიჯანელი ოლიმპიური ჩემპიონი ტოგრულ ასკაროვი, ინდოელი მესამე პრიზიორი იოგეშვაარ დუტი (ესენი ამჯერად ზედა წონაში - 66-ში გამოვლენ, რადგან 60 კილოგრამი უკვე აღარაა ოლიმპიური კატეგორია), კუბელი ოლიმპიური პრიზიორი ლივან ლოპეს ასქუი (ოღონდ ეს უკვე 74-ში გამოდის), ამერიკელი ოლიმპიური ჩემპიონი ჯორდან ბაროუზი (74), პუერტორიკოელი ვიცე-ჩემპიონი ხაიმე ესპინალი (86), აზერბაიჯანელთა ორგზის მესამე პრიზიორი ხეტაგ გოზიუმოვი (97) და მძიმე წონის ბრინჯაოს მედალოსნები - რუსი ბილიალ მახოვი და ირანელი კომეილ გასემი.

ბუნებრივია, ყოველ ოლიმპიურ ციკლში იცვლება მონაწილეთა შემადგენლობა - ბევრი თავს ანებებს ჭიდაობას. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ლონდონის მედალოსანთა უმეტესობა ბრაზილიაში ვერ იჭიდავებს, თუმცა იმ ოლიმპიადის მონაწილეებს შევეშვათ და მომავალ თამაშებს მაინც არაერთი ძლიერი ფალავანი დააკლდება: უკრაინელი მსოფლიოსა და ევროპის რამდენიმეგზის პრიზიორი ვასილ შუპტარი (57), ასეთივე მიღწევების მქონე ბელარუსთა ავყია ციმბირელი ვლადისლავ ანდრეეუ, ფრანგი ევროპის მედალოსანი ზოჰაირ ელ ქუარაკი, გერმანელი ევროპის ორგზის ფინალისტი მარსელ ევალდი (ყველა - 57), ბელარუსი ევროპის წლევანდელი მედალოსანი აზამატ ნურიკაუ, სომეხთა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი დავიდ საფარიანი (65), უზბეკი მსოფლიოს მედალოსანი რაშიდ ყურბანოვი (74), ზემოხსენებული უკრაინელი იბრაგიმ ალდატოვი, სომეხთა დაღესტნელი ევროპის პრიზიორი მუსა მურთაზალიევი (ორივე - 86), ბელარუსთა ევროპის წლევანდელი ფინალისტი და რამდენიმეგზის მედალოსანი ივან იანკოუსკი (97) და ბევრი სხვაც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული