მესტიაში საქართველოს სამთო-მოთხილამურეები სეზონს 27 დეკემბერს გახსნიან

AutoSharing Option
მესტიაში საქართველოს სამთო-მოთხილამურეები 27 დეკემბერს ახალ სეზონს ოფიციალურად გახსნიან - ჰაწვალის ტრასაზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, თედო ჯაფარიძის სახელობის შეჯიბრება გაიმართება.

მთავარი პრიზისთვის პროფესიონალი მოთხილამურეები იასპარეზებენ, შემდეგ სარბიელი მოყვარულ და ვეტერან სპორტსმენებს დაეთმობათ. რაც შეეხება 2014-15 წლების საქართველოს თასის გათამაშებას, სათხილამურო სპორტის ფედერაციამ გამარჯვებულის გამოსავლენად ხუთი ეტაპი დაგეგმა: 27-28 დეკემბერს პირველ ეტაპს მესტია უმასპინძლებს, 17-18 იანვარს - მეორე, 31 იანვარსა და 1-ელ თებერვალს მესამე ეტაპი ბაკურიანში გაიმართება, ბოლო ორი ეტაპი 6-7 და 27-28 მარტს გუდაურში ჩატარდება.

მართალია, სამთო-სათხილამურო სეზონი
საქართველოში, როგორც აღვნიშნეთ, ოფიციალურად ხვალ გაიხსნება, მაგრამ ჩვენი სპორტსმენები უკვე კარგა ხანია ევროპაში არიან და მნიშვნელოვანი ტურნირებისთვის ემზადებიან. ნაკრების წევრები - ჯაბა გელაშვილი, ალექსი ბენიაიძე, სოსო ჯაფარიძე და ნიკოლოზ კოზანაშვილი ავსტრიის ქალაქ ჰინტერტუქსში სავარჯიშოდ ჯერ კიდევ 23 ნოემბერს ჩავიდნენ.

მათი ორიენტირია მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელსაც გაისად ამერიკის შეერთებული შტატები უმასპინძლებს. ჩვენმა ბიჭებმა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გამართულ ერთ შეჯიბრებაშიც მოასწრეს თავის გამოჩენა - იტალიის ზამთრის კურორტ სექსტენ-კრაუსბერგპასში, იუნიორთა ტურნირზე სლალომში ნიკოლოზ კოზანაშვილმა მესამე ადგილი დაიკავა. მას ავსტრიელმა ტობიას ერლერმა და იტალიელმა დომინიკ კუეჩმა გაუსწრეს. სოსო ჯაფარიძეს მეექვსე ადგილი ხვდა.

ორიოდე დღის წინ იტალიურ ალტა ბადიაში, მსოფლიოს თასზე გიგანტურ სლალომში ცდიდა ძალებს ალექსი ბენიაიძე, მაგრამ ჩვენებურმა პირველი დისტანცია ვერ ჩაამთავრა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული