ზამთრის სახეობები

ტრამპლინიდან ხტომა

ზამთრის სპორტული სეზონი მფრინავმა მოთხილამურეებმა გახსნეს

AutoSharing Option
ფოტოზე: გამარჯვებულს აჯილდოებს კობა წაქაძე

ზამთრის სპორტული სეზონი ბაკურიანში წინა საუკუნეში, წლების განმავლობაში, ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომით იწყებოდა და მთავრდებოდა "ლელოს" დიდი პრიზის გათამაშებით მარტის ბოლოს კოხტაზე. ამჯერადაც ზამთრის სპორტული სეზონი თეთრ მარგალიტში მფრინავმა მოთხილამურეებმა გახსნეს.

40-მეტრიან ტრამპლინზე შეჯიბრება ორ ასაკობრივ ჯგუფში გაიმართა. უფროს ასაკში ორი ცდის ჯამში ყველაზე მეტი ქულა - 270,8 დააგროვა დავით მინასიანმა (ნახტომები 51,5 და 50,5 მ.). 248,4 ქულით მეორე ადგილზე ლევან კოზანაშვილი გავიდა (48,5; 47,5).
მესამე ადგილი წილად ხვდა ლევან ტონოიანს - 213,6 (42; 49,5).

უმცროს
ასაკში ადგილები ასე განაწილდა: 1. გიორგი შუბითიძე - 250,4 ქულა 47 და 49), 2. არტურ სარქისიანი - 228,9 (44,5 და 44), 3. ივანე ბასილაშვილი - 213,6 (43 და 43,5).

ყველაზე პატარა მონაწილე იყო 12 წლის ვაჟა კოზანაშვილი (ნახტომები 30 და 27), რომელსაც კობა წაქაძის სპეციალური პრიზი თავად ლეგენდარულმა მხტომელმა გადასცა.

გამარჯვებულებს და პრიზიორებს მედლები, პრიზები და საჩუქრები გადასცეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა, საქართველოს სპორტის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით კამკამიძემ.

ორი სპორტსმენი ფულადი ჯილდოთი წაახალისეს ყოფილმა მოხტუნავეებმა: ზურაბ კურტანიძემ და კლუბის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკოლოზ შატბერაშვილმა, რომელიც წლებია, დიდ დახმარებას უწევს მოხტუნავეებს.

5 მფრინავ მოთხილამურეს ახალი სპორტული ინვენტარის სრული კომპლექტი გადასცა ყოფილმა მოხტუნავემ, 80-იანი წლების ცნობილმა სპორტსმენმა ელგუჯა ორჯონიკიძემ, რომელიც კარგა ხანია, საქართველოში არ იმყოფებოდა.

- ჩამოვედი და მოხარული ვარ, რომ იმ სახეობას, რომელიც ჩემში შესისხლხორცებულია და რომლითაც გავიზარდე, როგორც სპორტსმენი, დღეს ჩემი მეგობრები - იბრაჰიმ გობოზოვი, გელა სოტიშვილი, გიორგი დიაკონაშვილი, მძიმე პირობების მიუხედავად, მეურვეობენ. დღეს ამ პატარა, 40-მეტრიან ტრამპლინზე, საიდანაც ოდესღაც მეც ვხტებოდი, კვლავ სიცოცხლე ჩქეფს.

როცა მოსკოვიდან ბაკურიანში მოვდიოდი, ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომისა და სათხილამურო ორჭიდის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე უვაროვმა სალამი და მოკითხვა დამაბარა ქართველ სპორტსმენებთან, განსაკუთრებით, მოხტუნავეებთან და მათთვის საჩუქრად ეს ხუთი კომპლექტი გამომატანა.

მეგობრობა და კონტაქტები არის და მათაც სურთ, ტრამპლინიდან ხტომა ბაკურიანში განვითარდეს -
გვითხრა ელგუჯა ორჯონიკიძემ.

როგორც გავიგეთ, იგი რუსეთში ქართულ ოჯახში დაბადებულ და გაზრდილ ბავშვს, სერგო ახობაძეს ხელს უწყობს, რომ ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომაში 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე იასპარეზოს, თუ მანამდე იგი, რომელიც რუსეთის ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს, ევროპის თასზე სალიცენზიო ქულას აიღებს.

სოფო ხეთაგაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"