იდეალური ნიკლას ლიდსტრიომი

AutoSharing Option
ნიკლას ლიდსტრიომის ჰოკეიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია მოულოდნელად გაჩნდა, რადგან ბევრს ეგონა, რომ დიადი შვედი მცველი კიდევ ერთ წელს თავის ჩვეულ დონეზე ითამაშებდა და შემდეგ დაასრულებდა კარიერას.

მაგრამ დეტროიტელმა სხვანაირად გადაწყვიტა.

ამ ნაღვლიან ინფორმაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ ნიკლასი არა მხოლოდ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ჰოკეისტი, არამედ კარგი ადამიანიცაა. იდეალურიც კი. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ლაპარაკობენ მისი პარტნიორები და მეტოქეები.

"ჩვენ მას იდეალურ ადამიანს ვეძახით. და ამის მიზეზი არსებობს - ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, უბრალოდ იდეალურად, სრულყოფილად გამოიყურება. ამიტომაც ასეთი
მეტსახელი მას სავსებით მიესადაგება",
- ამბობს "რედ უინგზში" ლიდსტრიომის პარტნიორი ნიკლას კრონვალი.

"იდეალური" მცველი "დეტროიტმა" დრაფტზე 1989 წელს, 53-ე ნომრად აიყვანა. "რედ უინგზმა" მაშინ კიდევ ორი მოთამაშე აირჩია, რომლებმაც მნიშვნელოვან როლი ითამაშეს კლუბის ისტორიაში - მცველი ვლადიმერ კონსტანტინოვი და ფორვარდი სერგეი ფიოდოროვი. იმავე დრაფტზე პირველი ნომერი იყო კიდევ ერთი ლეგენდარული შვედი მატს სუნდინი.

ლიდსტრიომს დებიუტი NHL-ში 1991-92 წლების სეზონში ჰქონდა - მან 80 მატჩი ჩაატარა და 60 ქულა დააგროვა. მას შემდეგ ნიკლასი "დეტროიტის" მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა, რომელიც მუდმივად მოქმედებაში იყო - 20 წლის განმავლობაში შვედმა რეგულარულ ჩემპიონატში მხოლოდ რამდენიმე ათეული მატჩი გამოტოვა, პლეი ოფში კი ასეთი რამ ერთხელაც არ მომხდარა.

თვითმხილველები და თავად ლიდსტრიომი მიიჩნევს, რომ მის კარიერაში გარდამტეხი გახდა 1997 წელი, როცა ავტოავარიის შემდეგ კარიერის გაგრძელება ვეღარ შეძლო ვლადიმერ კონსტანტინოვმა და ლიდსტრიომს მისი სრულფასოვნად შეცვლა მოუწია.

"დიახ, ასე იყო. როცა ცხადი გახდა, რომ კონსტანტინოვი თამაშს ვერ შეძლებდა, ნიკს მოუწია თავის თავზე ლიდერის ფუნქციების აღება", - ამბობს ლეგენდარული მწვრთნელი სკოტი ბოუმენი.

"ლიდსტრიომი ისედაც კარგად თამაშობდა, მაგრამ 1997 წლის შემდეგ ჩვენ სულ სხვა ჰოკეისტი ვიხილეთ", - მიაჩნია გენერალურ მენეჯერს კენ ჰოლანდს.

საინტერესოა, რომ სწორედ იმ დროს, ლიდსტრიომი NHL-ში კარიერის დასრულების შესახებ ფიქრობდა! ეს ამბავი მის ოჯახს უკავშირდებოდა, რომელსაც სამშობლოში სურდა დარჩენა.

"1999 წელს ჩემი უფროსი ვაჟი სკოლაში უნდა შესულიყო და მე და ჩემი მეუღლე შვედეთში დაბრუნებას ვფიქრობდით. თუმცა, ჩვენმა ბევრმა მეგობარმა შეიყვანა თავისი შვილი ამერიკის სკოლაში, ამიტომაც გადავწყვიტეთ ბედი გვეცადა და ბავშვი ადგილობრივ სკოლაში მიგვეყვანა", - ამბობს ლიდსტრიომი.

ნიკლასმა, რომელსაც იმ დროისთვის მოგებული ჰქონდა ორი სტენლის თასი, დეტროიტში დარჩენა გადაწყვიტა და აქედან მოყოლებული დაიწყო ტიტულების შეგროვება. ლიდსტრიომი პირველი ევროპელი ჰოკეისტი გახდა, ვინც "ნორის ტროფი" და "კონ სმიტ ტროფი" მოიგო, პირველი ევროპელი კაპიტანია, რომელმაც სტენლის თასი მოიპოვა, გახდა "ნორის ტროფის" ყველაზე ასაკოვანი მფლობელი, ლიდერი ევროპელ მოთამაშეებს შორის მატჩების რაოდენობით აგრეთვე, პირველი ევროპული მცველი, რომელმაც კარიერაში 1000 ქულა დააგროვა.

ლიდსტრიომი უამრავი რეკორდისა და მიღწევის ავტორია, მაგრამ დიადი იმის გამო გახდა, რომ არ შეუცვლია გარშემო მყოფთა მიმართ დამოკიდებულება ვარსკვლავური სტატუსისა და დიდი ფულის მოპოვების მიუხედავად.

"ყველას პატივისცემით უნდა მოეპყრა. როცა ჩემი შვილების თამაშის სანახავად მივდივარ, ჩვეულებრივი ადამიანები მოდიან და ავტოგრაფს მთხოვენ. უარს არავის ვეუბნები, რადგან თავი უბრალო ადამიანად მიმაჩნია. უბრალოდ გამიმართლა, რომ კარგი სამუშაო მივიღე და კარგი ჰოკეისტი გავხდი", - ამბობს ლიდსტრიომი.

შვედმა შვიდჯერ მოიგო საუკეთესო მცველისთვის განკუთვნილი პრიზი. უფრო მეტი მხოლოდ ლეგენდარულ ბობი ორს ჰქონდა. ამ მხრივ ლიდსტრიომის დომინირება სკოტ ნიდერმაიერმა შეწყვიტა.

"შესანიშნავი მოთამაშე, შესანიშნავი მცველი. მან ყველა თავისი ჯილდო დაიმსახურა. ერთ-ერთი უჭკვიანესი ჰოკეისტი თავის პოზიციაზე", - მიიჩნევს ნიდერმაიერი.

ოთხი სტენლის თასისა და ოლიმპიური ოქროს მიუხედავად, მის კარიერაში იმედგაცრუების მომენტებიც იყო. კერძოდ, 2002 წლის ოლიმპიური თამაშები და 2009 წლის სტენლის თასის ფინალი.

"ბელარუსთან მეოთხედფინალი ყველას ემახსოვრება. თითქოს ჩვენ უნდა მოგვეგო, მაგრამ ისინი ბრწყინვალედ მოქმედებდნენ და შვედეთის ნაკრები გამოთიშეს ბრძოლას.

ერთ-ერთი ყველაზე უარესი მომენტი ჩემს კარიერაში. მეორე ასეთი ეპიზოდია 2009 წელს ფინალური სერია "პიტსბურგის" წინააღმდეგ. სერიას 3:2-ს ვიგებდით, მაგრამ დავმარცხდით მეექვსე მატჩში და გადამწყვეტი შეხვედრაც დავთმეთ. სამწუხარო მომენტია",
- ამბობს ლიდსტრიომი.

"კარიერა მთლიანად "რედ უინგზის" შემადგენლობაში გავატარე და ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის. საინტერესოა, რომ ერთხელაც არ გავსულვარ თავისუფალი აგენტების ბაზარზე, რადგან ყოველთვის მინდოდა ამ გუნდში დარჩენა და ხელმძღვანელობას ეს კარგად ესმოდა.

რა თქმა უნდა, კარიერის დასრულების შემდეგ ისევ ჰოკეიში დავრჩები, რადგან ჩემი შვილები სპორტის ამ სახეობით არიან დაკავებული.

რაც შეეხება მწვრთნელის ან მენეჯერის სამუშაოს, აქ სერიოზული ფიქრი დამჭირდება",
- განაცხადა ლიდსტრიომმა.

ფაქტები ლიდსტრიომზე
- ცოლიანი, ჰყავს ოთხი შვილი;
- შედის ჰოკეისტთა ე. წ. "ოქროს კლუბში". ეს ის მოთამაშეები არიან, რომლებმაც მოიგეს სტენლის თასი, ოლიმპიადა და მსოფლიოს ჩემპიონატი;
- 2011 წელს, დეტროიტთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქში ერთ-ერთ ქუჩას ლიდსტრიომის სახელი ეწოდა;
- საყვარელი საფეხბურთო კლუბი - "ლივერპული";
- სპორტული ბარის მფლობელია მშობლიურ ქალაქ ვასტერასში;
- NHL-ში დებიუტი ჰქონდა 1991 წლის 3 ოქტომბერს "ჩიკაგოს" წინააღმდეგ. ის მატჩი 3:3 დასრულდა;
- 2006 წლის ოლიმპიადაზე ლიდსტრიომმა გამარჯვების შაიბა გაიტანა ფინეთთან ფინალურ შეხვედრაში;
- ჟურნალმა The Hockey News-მა ლიდსტრიომი NHL-ის ისტორიაში საუკეთესო ევროპელ ჰოკეისტად დაასახელა.
- გამოცემებმა - The Sporting News-მა და Sports Illustrated-მა 2010 წელს ლიდსტრიომი ათწლეულის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
- რეგულარულ ჩემპიონატში ლიდსტრიომმა 1564 მატჩი ჩაატარა და 1142 ქულა (264 გოლი+878 შედეგიანი პასი) დააგროვა. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტია: "პლუს 450".
- NHL-ში გამოსვლის პერიოდში დაახლოებით 99 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
Когда про Грузинский хоккей начнете писать? Думаете в Грузии интересно про Канаду читать?
Альба
09:06 17-06-2012
0
Состав сборной Грузии
на 19.03.2010

ВРАТАРИ:
GK Kakha Ambrolva
GK Archil Khizanishvil

ЗАЩИТНИКИ:
DEF Guga Archvadze
DEF Giorgi Gigauri
DEF Paata Kavkasidze
DEF Zurab Nadirashvili
DEF Shalva Oganezov

НАПАДАЮЩИЕ:
FW Sergo Akopyan
FW Irakli Davitaia
FW Mikheil Davitashvili
FW Amiran Geperidze
FW Vakhtang Gogichaishvili
FW Giorgi Jeiranashvili
FW Genadi Kositski
FW David Oganezyan
FW Gia Oranezyan
Альба
06:18 24-06-2012
0

სიახლეები პოპულარული