NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ეშმაკების" დაცემა გრძელდება

AutoSharing Option
გასულ სათამაშო დღეს, დაგეგმილი რვა მატჩის ნაცვლად, შვიდი შეხვედრა გაიმართა. ბოსტონის მარათონის დროს განვითარებული ტრაგიკული მოვლენების მიზეზით გაუქმდა შეხვედრა "ბოსტონსა" და "ოტავას" შორის.

ასე რომ, პროგრამა გახსნეს "ტორონტომ" და "ნიუ ჯერსიმ". გუნდებმა 54-ე წუთამდე გოლის გარეშე ითამაშეს, რის შემდეგაც ლიდერის ფუნქციები იკისრა "ტორონტოს" საუკეთესო ბომბარდირმა ფილ კესელმა, რომელმაც რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა.

ეს გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან იმ დღეს შეუდარებელი იყო კანადელთა მეკარე ჯეიმს რაიმერი - მან 32 დარტყმა მოიგერია და სეზონში მესამე შათაუტი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ "ტორონტომ" მხოლოდ 12 (!)
ზუსტი დარტყმა შეასრულა და მაინც მოიგო, "ნიუ ჯერსიმ" კი ზედიზედ მეათე მატჩი წააგო და სტენლის თასის შარშანდელი ფინალისტი თანდათან შორდება პლეი ოფის ზონას.

ნამდვილი შოუ მოაწყვეს "ფილადელფიამ" და "მონრეალმა" - მათ ჯამში ცხრა შაიბა შეაგდეს და ფილადელფიელი გულშემატკივრების გასახარად, შვიდი გოლი "ფლაიერზის" ანგარიშზე მოდიოდა. ეს მატჩი იმითაც იყო გამორჩეული, რომ გუნდებმა სეზონში ერთ-ერთი ყველაზე "ბინძური" შეხვედრა ჩაატარეს და ჯამში 94 საჯარიმო წუთი დააგროვეს. "ფილადელფიამ" შეწყვიტა ოთხმატჩიანი წაგებათა სერია და პლეი ოფში მოხვედრის მიზერული შანსები დაიტოვა.

წარუმატებელი გასვლა ჰქონდა ჩიკაგოში "დალასს". "ვარსკვლავები" დამარცხდნენ რეგულარულის საუკეთესო გუნდთან – 2:5. სტუმრები დიდი ხანი უწევდნენ წინააღმდეგობას ლიდერს, მაგრამ მესამე პერიოდის სტარტზე ზედიზედ ორი შაიბა გაუშვეს, ბოლოს კი ცარიელ კარში გაიტანა მარიან ჰოსამ. "ბლეკჰოქსმა" უკვე 11 ქულით გაუსწრო დასავლეთში კონკურენტ "ანაჰაიმს", ხოლო აღმოსავლეთის ლიდერს "პიტსბურგს" ექვსი ქულით უგებს.

"ვანკუვერმა" იგივე ანგარიშით მოუგო "ნეშვილს". "კენაქსმა" ორჯერ გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობა, რობერტო ლუონგომ კი 38-დან 36 დარტყმა მოიგერია. "ნეშვილმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი წააგო, რითაც ეს გუნდი უნდა ამოვშალოთ პლეი ოფის საგზურის მაძიებელთა სიიდან.

"მინესოტამ" 4:3 დაამარცხა "კალგარი" და ჯერ ისევ იტოვებს ჩრდილო-დასავლეთი დივიზიონის ტიტულისთვის ბრძოლის შანსს. "ველურების" რიგებში ბრწყინვალედ გამოიყურება ამას წინ "ბაფალოდან" გადაბირებული ჯეისონ პომინვილი, რომელმაც დუბლი შეასრულა.

"სან ხოსეს" პრობლემა არ ჰქონია "ფინიქსის" წინააღმდეგ. "ზვიგენებმა" მეორე პერიოდისთვის მოამთავრეს საქმე: სტუმრებმა 24-ჯერ (!) დაარტყეს ჯეისონ ლაბარბერას კარის მიმართულებით და სამი გოლი გაიტანეს. ამ ფსიქოლოგიური დარტყმისგან "კოიოტები" ვეღარ გამოვიდნენ. საბოლოოდ, 4:0 "შარქსის" სასარგებლოდ და ანტი ნიემიმ სეზონში მეოთხე "შათაუტი" შეასრულა. ამ წაგების მიუხედავად, "ფინიქსს" პლეი ოფში გასვლის კარგი შანსი აქვს.

ტორონტო-ნიუ ჯერსი 2:0
0:0, 0:0, 2:0
გოლები: 1:0 კესელი-16 (ფანოფი-18, ფრენსონი-21), 2:0 მაკლემანი-8 (ფრეზერი-8, რაიმერი-1).

მონრეალი-ფილადელფია 3:7
1:2, 2:4, 0:1
გოლები: 0:1 სიმონდსი-13 (კუტურიე-10, ლ. შენი-7), 0:2 გუსტაფსონი-2, 1:2 პასიორეტი-12 (პლეკანეცი-17, საბენი-24), 2:2 გალაჰერი-13 (პასიორეტი-22, საბენი-25), 2:3 ვორაჩეკი-18 (კ. ჟირუ-28, საიმონ განიე-10), 2:4 ჰარტნელი-5 (კ. ჟირუ-29, ტიმონენი-22), 3:4 გალჩენიუკი-7 (დრიუსკი-4, ელერი-16), 3:5 კ. ჟირუ-13 (ვორაჩეკი-23, ტიმონენი-23), 3:6 ჰარტნელი-6 (ვორაჩეკი-24, სიმონდსი-14), 3:7 ჰარტნელი-7 (ბრეიდენ შენი-16, ბრიერი-9).

ნეშვილი-ვანკუვერი 2:5
0:2, 2:1, 0:2
გოლები: 0:1 კესლერი-3 (ჰ. სედინი-29, დ. სედინი-25), 0:2 დ. როი-5 (ჰამჰუისი-18, ჰანსენი-15), 1:2 სპალინგი-8 (ს. კოსტიცინი-12, ბენგი-2), 2:2 ბატლერი-3 (ბარტლი-5), 2:3 გარისონი-7 (რეიმონდი-11, ბიეკსა-5), 2:4 ბაროუზი-13 (დ. სედინი-26, ჰ. სედინი-30), 2:5 კესლერი-4 (დ. როი-20, ჰანსენი-16).

ჩიკაგო-დალასი 5:2
1:0, 1:1, 3:1
გოლები: 1:0 ტეივზი-21 (მარიან ჰოსა-11, საადი-15), 2:0 სტალბერგი-9 (ჰანძუში-3, შოუ-6), 2:1 ჯეიმი ბენი-9 (რეი უიტნი-14), 2:2 ჯეიმი ბენი-10 (რეი უიტნი-15, გოლიგოსკი-22), 3:2 შოუ-9 (პ. კეინი-27), 4:2 ჰიალმარსონი-2 (მარიან ჰოსა-12, ტეივზი-23), 5:2 მარიან ჰოსა-16 (სიბრუკი-12).

კოლორადო-კოლამბუსი 3:4 (ო)
0:0, 1:1, 2:2, 0:1
გოლები: 1:0 მაკლეოდი-5 (ლანდესკოგი-6, რ. ო'რაილი-12), 1:1 ლეტესტუ-10 (პროსპალი-16), 1:2 კომო-5 (მაკენზი-5, ბოლი-4), 2:2 მაკლეოდი-6 (ბერი-10, რ. ო'რაილი-13), 3:2 მაკგინი-9 (ელიოტი-2, პ. შჩასტნი-12), 3:3 უმბერგერი-8 (რ. იოჰანსენი-7, ფოლინო-12), 3:4 ფოლინო-6 (ტიუტინი-16).

კალგარი-მინესოტა 3:4
0:1, 0:1, 3:2
გოლები: 0:1 მ. კოივუ-10 (პარიზე-19, გილბერტი-7), 0:2 პომინვილი-13 (რ. სატერი-27), 1:2 ჰუდლერი-9 (ჰორაკი-4, ჩერვენკა-8), 1:3 ბუშარი-6 (სეტოგუჩი-13), 1:4 პომინვილი-14 (კულენი-19, ბროდინი-8), 2:4 ჰანოვსკი-1 (ბეკლუნდი-8, გლენკროსი-11), 3:4 ბაერტჩი-2 (კამალერი-16, ჯორდანო-10).

ფინიქსი-სან ხოსე 0:4
0:0, 0:2, 0:2
გოლები: 0:1 კუტური-17 (დემერსი-1, მარლო-11), 0:2 უინგელსი-5, 0:3 პაველსკი-13 (ტორესი-10, უინგელსი-8), 0:4 კუტური-18 (ირვინი-5, დ. ბოილი-13).

კვირის სამი ვარსკვლავი
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშედ "კოლამბუსის" მეკარე სერგეი ბობროვსკი დაასახელა. რუსმა გოლკიპერმა თავის გუნდს სამიდან სამი მატჩი მოაგებინა. ის საშუალოდ მატჩში 0.97 გოლს უშვებდა და მეტოქეთა დარტყმების 97.1 პროცენტს იგერიებდა. ბობროვსკის ანგარიშზე ერთი "შათაუტიც" იყო, საერთო ჯამში კი 185 წუთში 103-დან 100 დარტყმა მოიგერია.

24 წლის ბობროვსკის ბოლო 20 მატჩში მხოლოდ 16 გოლი აქვს გაშვებული. სეზონის 32 შეხვედრაში მის ანგარიშზე 16 მოგებაა. მეორეა ლიგაში დარტყმების მოგერიების პროცენტით (93.2) და მეექვსე - საშუალოდ გაშვებული გოლებით (2.01).

კვირის მეორე ვარსკვლავია "ტორონტოს" ფორვარდი ფილ კესელი, რომელიც ლიგის ლიდერი იყო ხუთი გოლით და პირველი ადგილი გაიყო შვიდი ქულით. სულ 25 წლის ჰოკეისტმა მიმდინარე სეზონში 41 მატჩი ჩაატარა და პირველია გუნდში 27 შედეგიანი პასითა და 42 ქულით.

კვირის მესამე ვარსკვლავიც მეკარეა - "დალას სტარზის" კარის დარაჯი რიჩარდ ბახმანი. მან სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და "დალასმა" სამივე მოიგო, ბახმანის სტატისტიკა კი საშუალოდ 1.08 გაშვებულ შაიბასა და დარტყმების მოგერიების 96.3 პროცენტს შეადგენდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: სიდნი კროსბი უკვე ყინულზეა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული