წინასწარ იყო ცნობილი, რომ ამ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებდა "პინგვინების" კაპიტანი და ლიდერი სიდნი კროსბი, თუმცა მის გარეშეც მასპინძლები ძალიან იოლად გაუსწორდნენ "აილენდერსს", რომელიც ექვსწლიანი შესვენების შემდეგ პირველად თამაშობდა პლეი ოფში.
უკვე პირველ პერიოდში "კუნძულელებმა" ორი შაიბა მიიღეს საკუთარ კარში: თავიდან ბო ბენეტმა, პრაქტიკულად, ნულოვანი კუთხიდან მოახერხა ევგენი ნაბოკოვის კარის აღება, შემდეგ კი პასკალ დუპუიმ ისარგებლა რუსი მეკარის მორიგი
მატჩის ბედი მეორე პერიოდის მეორე წუთზე გადაწყდა, როცა "პინგვინზმა" 30-წამიანი ინტერვალით ორი შაიბა გაიტანა: ჯერ კრის ლეტანგმა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა, შემდეგ კი ლუბომირ ვიშნოვსკის გაექცა დუპუი, რომელმაც დუბლი შეასრულა.
"აილენდერსის" სამწვრთნელო შტაბმა ნაბოკოვი სათადარიგო მეკარით - კევინ პოულინით შეცვალა, რომელმაც მეორე პერიოდში მოასწრო ერთი გოლის გაშვება - მას ფეხებშუა გაუტარა შაიბა ტანერ გლასმა - 5:0.
მესამე პერიოდში "პიტსბურგმა" ძალების შენახვა გადაწყვიტა და მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე. თუ აღმოსავლეთის ფავორიტი ასე გააგრძელებს თამაშს, კროსბის შეუძლია მშვიდად გამოტოვოს ეს სერია და გუნდს მეორე რაუნდში სრულად გამოჯანმრთელებული დაუბრუნდეს.
პიტსბურგი-აილენდერსი 5:0
2:0, 3:0, 0:0
გოლები: 1:0 ბენეტი-1 (მალკინი-1, პ. მარტინი-1), 2:0 დუპუი-1 (ადამსი-1, იგინლა-1), 3:0 ლეტანგი-1 (იგინლა-2, მალკინი-2), 4:0 დუპუი-2 (იტონი-1, ი. იოკინენი-1), 5:0 გლასი-1 (ი. იოკინენი-2).
* * *
აღმოსავლეთში გამართულ მეორე შეხვედრაში "ბოსტონმა" შინ "ტორონტოს" მოუგო. ეს უკანასკნელი "აილენდერსზე" უფრო დიდი ხანი - ცხრა წელი ვერ ხვდებოდა პლეი ოფში.
ამ დაპირისპირებაში ფავორიტი "ბოსტონია", თუმცა პირველი მატჩი "ტორონტომ" უფრო კარგად დაიწყო და უკვე მეორე წუთზე დაწინაურდა - ჯეიმს ვან რიმსდიკმა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა.
"ბოსტონს" გარკვეული დრო დასჭირდა გონს მოსასვლელად და "დათვებმა" პირველივე პერიოდში მოახერხეს წინ გასვლა - გოლები რედენმა და ჰორტონმა გაიტანეს. მეორე პერიოდში ამას დაემატა კრეიჩისა და ბოიჩაკის შაიბები - 4:1.
კლოდ ჟულიენის გუნდი თითქმის მთელი მატჩი დომინირებდა ყინულზე და მეტოქეზე ორჯერ მეტი დარტყმა შეასრულა - 40 20-ის წინააღმდეგ. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი დავიდ კრეიჩი გახდა, რომელმაც სამი ქულა (1+2) აიღო.
ბოსტონი-ტორონტო 4:1
2:1, 2:0, 0:0
გოლები: 0:1 ვან რიმსდიკი-1 (ფრანსონი-1, ბოდაკი-1), 1:1 რედენი-1 (გ. კემპბელი-1, პეი-1), 2:1 ჰორტონი-1 (რედენი-1, კრეიჩი-1), 3:1 კრეიჩი-1 (ლუჩიჩი-1), 4:1 ბოიჩაკი-1 (კრეიჩი-2, ლუჩიჩი-2).
* * *
პლეი ოფის პირველი ორი დღის განმავლობაში ერთადერთი გუნდი, რომელმაც სტუმრად თამაში მოიგო, "სან ხოსე შარქსი" გახლავთ.
რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ "ვანკუვერს" არ გაუხარდებოდა, მეტოქედ "სან ხოსე" რომ ერგო, რადგან "ზვიგენებმა" სამიდან სამი მატჩი მოუგეს "კენაქსს" რეგულარულში და ამჯერადაც დაანახეს საკუთარი ძალა დასავლეთის ერთ-ერთ ფავორიტს.
პირველი პერიოდი ყველაზე საინტერესო გამოვიდა. არადა, უამრავი საგოლე მომენტის მიუხედავად, გოლი არც ერთი გუნდის კარში არ გასულა - შესანიშნავად თამაშობდნენ გუნდების მეკარეები: ანტი ნიემი და რობერტო ლუონგო.
პირველი შესვენების შემდეგ უპირატესობა მასპინძლებმა მოიპოვეს და მალე პირველი გოლიც გაიტანეს: ნიემის კარის წინ არეულობაში სხვებზე მოხერხებული აღმოჩნდა კევინ ბიეკსა - 1:0. თუმცა სტუმრებმა იმავე პირველ 20-წუთეულში აღადგინეს თანაფარდობა: რიცხობრივი უპირატესობისას ლოგან კუტურმა გაისროლა ზუსტად.
მესამე პერიოდში კი გოლები მხოლოდ "ზვიგენებს" გაჰქონდათ: ამჯერად ქაოსი ლუონგოს კარის წინ შეიქმნა, რითაც კარგად ისარგებლა დენ ბოილმა, რომელმაც მეკარისგან დაუცველი კუთხე აიღო. ხუთი წუთის შემდეგ კი პატრიკ მარლომ მიიღო კართან ახლოს კუტურის ოსტატური პასი და ლუონგო ფორვარდს ვერ გაუმკლავდა - 3:1. ასე რომ, "კენაქსმა" "ზვიგენებთან" ამ სეზონში ზედიზედ მეოთხე შეხვედრა წააგო.
ვანკუვერი-სან ხოსე 1:3
0:0, 1:1, 0:2
გოლები: 1:0 ჰანსენი-1 (რეიმონდი-1, ბიეკსა-1), 1:1 კუტური-1 (დ. ბოილი-1, პაველსკი-1), 1:2 დ. ბოილი-1 (უინგელსი-1, პაველსკი-2), 1:3 მარლო-1 (კუტური-1, ვლასიჩი-1).
სერია: 0-1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NHL. პლეი ოფი: ორი ოვერტაიმით დაიწყო