დიახ, იმის მიუხედავად, რომ თბილისში ამჟამად ყინულის ერთ მოედანსაც ვერ ნახავთ, სპორტის ეს სახეობა საქართველოშიც არსებობს.
მეტიც, თბილისს ჰოკეის სამი გუნდიც კი ჰყავს...
ქართული ჰოკეის არცთუ სახარბიელო აწმყოსა და სამომავლო პერსპექტივაზე სალაპარაკოდ საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციის გენერალურ მდივან სანდრო ვაშაკიძეს ვესტუმრეთ, რომელიც "ბაქსვუდის სკოლის" დამფუძნებელიც არის და ყინულის ჰოკეის "ეშხით" საკუთარ სკოლაში... ბალახის ჰოკეის გუნდიც კი ჩამოაყალიბა!
-
ეს უკანასკნელი სეზონურია და წელიწადში მხოლოდ 2-3 თვეს თუ ვიყენებთ. თანაც, ძირითადად, იქ ბაკურიანის "მიმინო" ვარჯიშობს. მის გარდა, სამი კლუბი თბილისსაც ჰყავს - "ყინულის რაინდები", "ცეცხლოვანი ჯვაროსნები" და "რუხი მგლები". სულ კი, ყველა ასაკობრივ ჯგუფში, საქართველოში სამასამდე ჰოკეისტია რეგისტრირებული.
- ყინულის სეზონის დადგომამდე პირველი თაობის ქართველი ჰოკეისტები მართლა გორგოლაჭებით ვარჯიშობდნენ?
- სხვადასხვა უნარი რომ გამოუმუშავდეს, ჰოკეისტს ყინულს მიღმაც ბევრი ვარჯიში სჭირდება. ასე რომ, გორგოლაჭების გამოყენება ჩვეულებრივი ამბავია. ცუდი ის არის, რომ 1960-იანი წლების შემდეგ ჩვენთვის უკეთესობისკენ ბევრი არაფერი შეცვლილა. მაგალითად, შარშან, როდესაც პირველი საერთაშორისო მატჩებისთვის ვემზადებოდით, დარტყმებს პლასტიკატის საფარზე ვამუშავებდით და ა.შ.
- ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, რამდენიმე წლის წინ ფედერაციის ყველაზე აქტიური წევრებიც დაკარგეთ...
- 2009 წელს, როცა საერთაშორისო ფედერაციის კონგრესზე მიემგზავრებოდნენ, თურქეთში ავტოკატასტროფას ემსხვერპლნენ საქართველოს ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტი დენის დავიდოვი და გენერალური მდივანი ლაშა ცაგარეიშვილი. მათთან ერთად დაიღუპნენ ლაშას მეუღლე, ასევე, სომხეთის ყინულის ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტი, მისი მეუღლე და 18 წლის ვაჟი, რომელიც ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო...
- ქართველი ჰოკეისტების საერთაშორისო გამოცდილებაზე რას გვეტყვით?
- 2009 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის მატჩებში უნდა გვეთამაშა, რომელსაც სომხეთი მასპინძლობდა. თუმცა ზემოთ აღნიშნული ტრაგედია სწორედ იმ დღეებში მოხდა და ტურნირში კონკურსგარეშე მივიღეთ მონაწილეობა.
ჩვენთვის პირველი საერთაშორისო მატჩი სამხრეთ აფრიკის გუნდთან დავთმეთ, მეორე კი - მასპინძლებთან.
სომხებს ბაკურიანშიც უთამაშიათ, ბათუმშიც და მათ ნაკრებს კარგად ვიცნობდით, ჩვენი კლუბებიც კი უგებდნენ ხოლმე. თანაც, მატჩის დაწყებამდე შევთანხმდით, რომ მეგობრული, ფედერაციების დაღუპული პრეზიდენტების ხსოვნისადმი მიძღვნილი მატჩი იქნებოდა, მაგრამ...
ადგილობრივების ნაცვლად, სომხებმა ამერიკის ლიგებში მოთამაშე ჰოკეისტები გამოიყვანეს და 22:1 "გადაგვიარეს"... ამან ისე გაგვაბრაზა და ვითარება ისე დაიძაბა, რომ ჩვენსა და სომხების გასახდელებს შორის სპეცრაზმის ჩაყენება გახდა საჭირო...
საერთაშორისო ფედერაციის წესების დარღვევის გამო სომხეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებიდან დღემდე დისკვალიფიცირებულია.
- ოფიციალურ მატჩებშიც ხომ ითამაშეთ?
- შარშან არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის საკვალიფიკაციო მატჩებში, მასპინძლების - მონღოლეთისა და საბერძნეთის ნაკრებების წინააღმდეგ ვითამაშეთ. მეტოქეთა სიძლიერის მიუხედავად, ფავორიტად ჩვენ ვითვლებოდით, თუმცა გაფრენამდე ერთი დღით ადრე მსოფლიო ფედერაციიდან შეგვატყობინეს, რომ ჩვენს რვა მოთამაშეს, მათ შორის, ორ მეკარეს, ტურნირში მონაწილეობის უფლებას არ აძლევდნენ.
16 მაისს შვედეთში იმართება კონგრესი და იმედია, იქ მაინც გვეტყვიან, რა დააშავეს ამ მოთამაშეებმა. იძულებულნი გავხდით, მესამე, სათადარიგო მეკარე მოგვეძებნა, მეორე მეკარედ კი მე ჩავეწერე, რადგან განაცხადში ორი მეკარე აუცილებლად უნდა ყოფილიყო.
პირველივე მატჩის მე-12 წუთზე ჩვენმა მეკარემ თითი მოიტეხა და მთელი ტურნირი ტრავმირებულმა ჩაატარა. ცხადია, ამ ყველაფრის გამო სამივე მატჩი წავაგეთ...
- რით უნდა დააინტერესოს ჰოკეიმ ქართველი ახალგაზრდა, არის ეს თამაში ახლოს ქართულ ხასიათთან?
- სანამ თავად ვითამაშებდი, მეც ვფიქრობდი, რომ არ იყო სპორტის "ქართული" სახეობა. თუმცა, ფორმის ჩაცმისას ისეთი განცდა გეუფლება, თითქოს აბჯარს იცვამ და საომრად გადიხარ. ამ თამაშში ყველაფერია, რაც ქართველებს მოგვდგამს - სისწრაფე, ტექნიკა, მოედნის ხედვა და, რაც მთავარია, ჩხუბი. თამაშში თუ ვერა, ჩხუბში ხომ მაინც ვერავინ დაგვჯაბნის?! (იცინის).
- ქართველ ჰოკეისტებს უცხოეთის კლუბებშიც ხომ უთამაშიათ?
- საბჭოეთის დროს კონსტანტინე ბახუტაშვილი მოსკოვის ცსკა-სა და საბჭოეთის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა. ძალიან პერსპექტიული მოთამაშე იყო მარნეულელი გიორგი გელაშვილიც, რომელიც მოსკოვის "ლოკომოტივის" მეკარე გახლდათ და რუსეთის ნაკრების კანდიდატადაც მიიჩნეოდა.
ამერიკაში მოღვაწეობს ქართველი მწვრთნელი ბესო ცინცაძე, რომელსაც NHL-ის (აშშ-ის ჰოკეის ეროვნული ლიგა) რამდენიმე პროფესიონალი მოთამაშე ჰყავს გაზრდილი. დროდადრო ბესო საქართველოშიც ჩამოდის და შეძლებისდაგვარად გვეხმარება.
რატი შელეგია
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)