NHL. პლეი ოფი: აღმოსავლეთის ფინალი - "დათვები" vs "პინგვინები"

AutoSharing Option
"პიტსბურგისა" და "ოტავას" სერიის მეოთხე მატჩში "სენატორების" 3:7 განადგურების შემდეგ, თავად ოტაველები არ მალავდნენ, რომ მათი გუნდი განწირული იყო გასავარდნად.

მართლაც, მეხუთე შეხვედრაში კანადურ კლუბს შანსი არ ჰქონდა. მხოლოდ პირველ პერიოდში იყო ბრძოლა და მასპინძლების მიერ გატანილი ერთადერთი შაიბა, ბრძოლის რაღაც შანსს უტოვებდა "სენატორზს". ამის შემდეგ კი, სტუმართა მეკარის კრეიგ ანდერსონის კარში გადიოდა გოლები, რომელიც ნებისმიერი გემოვნების მაყურებელს დააკმაყოფილებდა: მეკარის მოედნიდან (ნილის პირველი შაიბა), შორეული დარტყმით (ლეტანგი) და ერთი ერთზე გასვლის შემდეგ (მალკინი).

საბოლოოდ, კანადური კლუბი, რომელმაც პატივისცემა დაიმსახურა თავისი
თამაშით რეგულარულსა და პლეი ოფის პირველ რაუნდში, ზედიზედ მეორედ განადგურდა. რაც შეეხება "პიტსბურგს", ის ბოლო რვა წელიწადში მესამე გავიდა კონფერენციის ფინალში.

პიტსბურგი-ოტავა 6:2
1:0, 3:1, 2:1
გოლები: 1:0 მოროუ-2 (იტონი-3, კუკი-3), 2:0 ჯ. ნილი-4 (ლეტანგი-12, კროსბი-8), 3:0 ლეტანგი-3 (ტაილერ კენედი-3, ორპიკი-1), 3:1 მ. მიხალეკი-3 (სპეცა-1, ტარისი-3), 4:1 მალკინი-4 (ჯ. ნილი-4), 5:1 ჯ. ნილი-5, 5:2 ტარისი-6 (კოუენი-3, გრინინგი-1), 6:2 ჯ. ნილი-6 (მალკინი-12, ლეტანგი-13).
სერია: 4-1

აღმოსავლეთის ფინალში "პიტსბურგის" მეტოქე გუშინ გამოვლინდა - "ბოსტონმა" შინ დაამარცხა "რეინჯერსი" და თავიდან აიცილა ნიუ იორკში ზედმეტი ვიზიტი. დენ ჟირარდისგან გოლის მიღების შემდეგ, "დათვებმა" მეორე 20-წუთეულში ორჯერ აიღეს ჰენრიკ ლუნდკვისტის კარი და "რეინჯერებს" ძალები აღარ ეყოთ თამაშის გადასარჩენად.

მორიგი ფანტასტიკური თამაში ჩაატარა "ბოსტონის" დებიუტანტმა მცველმა ტორი კრუგმა, რომელსაც ამ სერიამდე AHL-ის დონეზეც კი არ ჰქონდა პლეი ოფში თამაშის გამოცდილება. "ნიუ იორკთან" სერიის ხუთ მატჩში მან 5 ქულა (4+1) დააგროვა და მიმდინარე სტენლის თასზე მცველებს შორის საუკეთესო ბომბარდირია. ამჯერად, კრუგმა რიცხობრივი უპირატესობის გათამაშებისას შორი მანძილიდან გაიტანა.

აღმოსავლეთის ფინალი ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს, პირველ რიგში, პერსონალური დუელების გამო. სიდნი კროსბი დაუპირისპირდება თავის ძველ მეგობარს ახალგაზრდული ნაკრებიდან - პატრის ბერჟერონს, იარომირ იაგრი კი ითამაშებს "პიტსბურგის" წინააღმდეგ, რომელშიც, თავის დროზე, ორჯერ მოიგო სტენლის თასი.

ფინალური სერიის განრიგი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც თავიანთ ნახევარფინალურ სერიებს დაასრულებენ დასავლეთის გუნდები.

ბოსტონი-რეინჯერსი 3:1
0:1, 2:0, 1:0
გოლები: 0:1 ჟირარდი-2 (ზუკარელო-6, ბ. ბოილი-2), 1:1 კრუგი-4 (სეგუინი-3, მარჩანდი-7), 2:1 გ. კემპბელი-2 (შ. ტორნტონი-3, პეი-3), 3:1 გ. კემპბელი-3 (ჰორტონი-7).
სერია: 4-1

ჩემპიონმა ინტრიგა აღადგინა
სერიის მეოთხე მატჩის წაგების შემდეგ, რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა "ჩიკაგომ" უკან დასახევი გზა არ დაიტოვა. გუშინდელი მატჩის წინ, "ბლეკჰოქსის" თამაში კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. მაგალითად, მოქმედება დაუწუნეს მეკარე კორი კროუფორდს, რომელმაც ბოლო სამ მატჩში ვერ გადაარჩინა თავისი გუნდი, გააკრიტიკეს ჩიკაგოელთა თამაში რიცხობრივ უპირატესობაში (ოთხ მატჩში ზედმეტი ჰოკეისტის რეალიზაციის 8.3 პროცენტი). მაგრამ, კრიტიკის მთავარი ობიექტი გახდა კაპიტანი ჯონათან ტეივზი, რომელმაც შედეგიანობასაც უკლო (პლეი ოფში არც ერთი შაიბა არ ჰქონდა გატანილი) და წინა მატჩში ზედიზედ სამჯერ ორწუთიანი ჯარიმა მიიღო, რითაც თავისი გუნდი დააღალატა.

თავისი გუნდის თამაშის გამოსაცოცხლებლად, "ჩიკაგოს" სამწვრთნელო შტაბმა ერთ სამეულში გააერთიანა გუნდის სამი ლიდერი - პატრიკ კეინი, ტეივზი და პატრიკ შარპი. ამან "ბლეკჰოქსზე" დადებითად იმოქმედა და "იუნაიტედ ცენტრის" მაყურებელმა ძველი "ჩიკაგო" იხილა. ისევ მძლავრი თამაში, ორჯერ გამოყენებული რიცხობრივი უპირატესობა და ტეივზის ნანატრი გოლი. ჩიკაგოელებმა პირველივე წუთზე მოიპოვეს ინიციატივა და ბოლომდე ხელიდან არ გაუშვია.

გადამწყვეტი მომენტი მეორე პერიოდის შუაში დადგა, როცა 1:1-ზე მასპინძლებმა ორჯერ გაითამაშეს ზედმეტი ჰოკეისტი. პირველ შემთხვევაში "დეტროიტს" არ გაუმართლა: თავდაცვისას პაველ დაციუკს ყვანჯი გაუტყდა, შეცვლის საშუალება კი რუსს არ ჰქონდა და ამით "ჩიკაგოს" ჰოკეისტებმა კარგად ისარგებლეს. სულ მალე კი "რედ უინგზსს" ისევ მოუწია ოთხი კაცით თამაში. ამ შემთხვევაში ცუდად ითამაშა "დეტროიტის" მეკარე ჯიმი ჰოვარდმა, რომელმაც მახვილი კუთხიდან ტეივზის დარტყმული გაუშვა.

სერიაში ინტრიგა დაბრუნდა. "ჩიკაგომ" აშკარად დაიბრუნა თავისი თამაში და თუ "დეტროიტმა" ვერ შეძლო შინ მეექვსე მატჩის მოგება, მას თითქმის აღარ ექნება სერიაში წარმატების შანსი.

ჩიკაგო-დეტროიტი 4:1
1:0, 2:1, 1:0
გოლები: 1:0 ბიკელი-4 (პ. კეინი-7, ჰანზუში-4), 1:1 ქლირი-4 (ზეტერბერგი-8), 2:1 შოუ-2 (კიტი-6, სიბრუკი-1), 3:1 ტეივზი-1 (მარიან ჰოსა-4, კიტი-7), 4:1 შოუ-3 (სტალბერგი-2, როჟსივალი-1).
სერია: 2-3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. პლეი ოფი: ჩემპიონი ჩემპიონი ვერ ხდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული