NHL. პლეი ოფი: აქაც შვიდ მატჩამდე გაიწელა

AutoSharing Option
სერიის მეხუთე მატჩის მოგების შემდეგ “ჩიკაგომ” ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა “დეტროიტზე”, თუმცა “რედ უინგზის” მოთამაშეებს არ ჰქონდათ მეშვიდე მატჩის ჩიკაგოში ჩატარების სურვილი. ამიტომაც  დიდი ბრძოლის გამართვას აპირებდნენ სერიის სასურველი ანგარიშით დასასრულებლად.

მატჩის წინ დეტროიტელი ჰოკეისტები მოკრძალებულად მიანიშნებდნენ იმის შესახებ, რომ მსაჯები ჩიკაგოელებს ზედმეტის საშუალებას აძლევენ. ისე მოხდა, რომ მსაჯების გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მეექვსე მატჩის საბოლოო შედეგზე. ლაპარაკია ბულიტზე "დეტროიტის" კარში, რამაც დიდი კამათი გამოიწვია.

პირველად "ჩიკაგოს", მსაჯის გადაწყვეტილების მხრივ, მეოთხე წუთზე გაუმართლა, როცა მარიან ჰოსამ რიცხობრივ უპირატესობაში გოლი მის მიერვე
დაძრულ კარში გაიტანა. ეპიზოდი საკამათო იყო და ვიდეოარბიტრს შეეძლო, ვერდიქტი როგორც ერთი, ასევე მეორე მხარის სასარგებლოდ გამოეტანა, მაგრამ, საბოლოოდ, სლოვაკის გოლი ჩაითვალა.

მეორე საკამათო მომენტს მესამე პერიოდის სტარტზე ჰქონდა ადგილი: ტეივზმა ცენტრალური ზონიდან მაშინ მიიღო შაიბა, როცა ორივე ფეხით მეტოქის ზონაში იყო, მაგრამ თამაშგარე არ დაფიქსირდა, რამდენიმე წამში კი სტუმრებმა მესამე გოლი გაიტანეს. NHL-მა ოფიციალურად ახსნა, რომ "დეტროიტის" ზონაში შაიბა "რედ უინგზის" ფორვარდისგან, იოჰან ფრანცენისგან შევარდა. ამიტომაც იმ მომენტში თამაშგარე ვერ იქნებოდა.

კულმინაცია გახდა ეპიზოდი მესამე პერიოდის მეათე წუთზე, როცა "დეტროიტის" კარში ბულიტი დაინიშნა. "რედ უინგზის" მცველმა კარლო კოლაიაკოვომ მართლაც ჩაარტყა ჯოხი ხელში ერთი-ერთზე გაჭრილ მიხალ ფროლიკს, მაგრამ ძალიან საეჭვო და მკაცრი სასჯელი იყო ასეთი ჯარიმისთვის ბულიტის დანიშვნა. პლეი ოფში არბიტრები ასეთ სიტუაციაში, ჩვეულებრივ, ორწუთიანი ჯარიმით შემოიფარგლებიან, ხანდახან კი საერთოდ თვალს ხუჭავენ. მიუხედავად ამისა, ბულიტი დაინიშნა და "ჩიკაგომ" ეს შანსი გამოიყენა. სწორედ ეს გოლი გახდა "ჩიკაგოსთვის" გამარჯვების.

ფროლიკი გახდა პირველი მოთამაშე NHL-ის ისტორიაში, ვინც ორჯერ შეძლო პლეი ოფის მატჩებში ბულიტის გამოყენება. პირველად მან ეს 2011 წლის აპრილში, "ვანკუვერთან" პირველი წრის სერიის მეექვსე მატჩში გააკეთა.

ასე რომ, აღმოსავლეთის კონფერენციის ფინალი "ბოსტონსა" და "პიტსბურგს" შორის 30 მაისამდე არ დაიწყება, რადგან დასავლეთში ორივე ნახევარფინალი შვიდ მატჩამდე გაიწელა.

დეტროიტი-ჩიკაგო 3:4
1:1, 1:0, 1:3
გოლები: 0:1 მარიან ჰოსა-5 (ტეივზი-4, კიტი-8), 1:1 ივზი-1 (დ. მილერი-1, ბ. სმიტი-3), 2:1 ანდერსონი-1 (კინდლი-4), 2:2 ჰანზუში-1 (ჰიალმარსონი-3), 2:3 ბიკელი-5 (ტეივზი-5, მარიან ჰოსა-5), 2:4 ფროლიკი-3 (ბულიტი), 3:4 ბრუნერი-5 (დაციუკი-6, ქლირი-5).
სერია: 3-3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. პლეი ოფი: მეშვიდე მატჩი იქნება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული