#ვითიბისპორტი

ცხენოსნობა

ლაშა ჯაიანი: რამდენიმე მილიონი ლარით რომ დაფინანსდეს ფედერაცია, სერიოზულ შედეგსაც დავდებთ

AutoSharing Option
ცხენოსნობა ქართული ნაციონალური სპორტის უძველესი სახეობაა, თუმცა ამ დროისთვის, ალბათ, ყველაზე ნაკლებ ყურადღებას აქცევენ.

როგორც Sportall.ge-სთან საუბარში საქართველოს საცხენოსნო ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა ჯაიანი აღნიშნავს, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ნაკლებად სპორტის ეს სახეობა ფინანსდება.

- ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს საქართველოში ცხენოსნობას და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ წარმატებული სახეობა იყო ჩვენს ქვეყანაში. საერთოდ, ქართველებს სამი ნაციონალური სპორტი გვაქვს: ჭიდაობა, ლელო ბურთი და ცხენოსნობა.

ამ სამიდან ყველაზე ნაკლებად ცხენოსნობას და ლელო ბურთს ექცევა ყურადღება. რატომღაც სპორტის სხვა სახეობები გულუხვად ფინანსდება და ცხენოსნობა კი ძალიან
- მწირად. მე კი არ ვამბობ, რომ ისინი არ დაფინანსდნენ, მაგრამ საჭიროა ჩვენც მოგვხედონ.

ფეხბურთს უზარმაზარი დაფინანსება აქვს და შედარებისთვის აღვნიშნავ, რომ მსოფლიო თასის ფინალში არასდროს გასულან. საერთოდ, საბჭოთა კავშირის დაშლის მერე ჩვენს ფეხბურთელებს არსად არ მოუპოვებიათ სერიოზული გამარჯვება.

ჩვენ კი მსოფლიო თასის ფინალში 5-ჯერ მოვხვდით და უსახსრობის გამო ვერ წავედით ფინალში საასპარეზოდ.

ჩვენი წლევანდელი ბიუჯეტი 150 000 ლარი უნდა იყოს. ეს თანხა კი რეალურად არის კაპიკები ცხენოსნობისთვის. ფეხბურთის მესამე ლიგის გუნდი 3-ჯერ მეტად ფინანსდება, ვიდრე ცხენოსნობის ფედერაცია.

Sportall.Ge

- რა არის მიზეზი ასეთი მწირი დაფინანსების?
- მიზეზად ასახელებენ იმას, რომ სპორტის სხვა სახეობები უფრო მასობრივია. ჩვენი სპორტის სახეობაც მასობრივი გახდება, თუ ყურადღებას გამოიჩენენ და შესაბამის დაფინანსებას გამოჰყოფენ.

ჯერ ერთი, ცხენოსნობა ეროვნული სპორტია, ძალიან სანახაობრივია და ამასთანავე, პრესტიჟული.

ყველა განვითარებული, თავმოყვარე ქვეყანა ცხენოსნობას აქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას. ჩვენს ქვეყანაში ცხენოსნობის განვითარებისთვის რესურსიც არის და მოთხოვნილებაც. უბრალოდ ხელშეწყობა აკლია.

- აღნიშნეთ, რომ სპორტის ამ სახეობის მიმართ მოთხოვნა არის. სად შეიძლება დაეუფლონ ცხენოსნობას პროფესიულ დონეზე საქართველოში?
- დედაქალაქში ლისის ტბაზე საცხენოსნო კერძო კლუბია. იქ არის შესაძლებელი, ცხენოსნობის მოყვარულებმა იარონ და ისწავლონ. რეგიონებშიც არის კლუბები: ბათუმში, ფოთში, სამტრედიაში.

საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში იყო საცხენოსნო კლუბები, განსაკუთრებით კი, დასავლეთ საქართველოში. 90-იან წლებში თითქმის ყველა დაიხურა, ზოგან კი დღეს ვითარდება. მაგ: პანკისში ძალიან ხშირად ტარდება დოღები. ბევრმა ადამიანმა კერძოდაც შეიძინა ცხენები.

- რა ასაკიდან შეიძლება ვატაროთ ბავშვები ცხენოსნობაზე?
- სპორტულ ჯგუფში ბავშვებს ვიღებთ 12 წლიდან, თუმცა სამოყვარულო დონეზე უფრო პატარა ასაკის მსურველებიც შეგვიძლია მივიღოთ და თავიდან პონებზე დავსვათ. გასათვალისწინებელია ის, რომ გარკვეულ სიმაღლეს უნდა მიაღწიოს მოზარდმა, რომ ფეხით შეძლოს ცხენზე ზემოქმედება და მყარად იჯდეს მასზე. ფიზიკურ მონაცემებს აქვს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა.

- გვესაუბრეთ საცხენოსნო სპორტის სახეობებზე... ჩვენ რომელ სახეობებში ვიღებთ მონაწილეობას?
- ოლიმპიური სახეობებია კონკური, სამჭიდი და ცხენის გაწვრთნის უმაღლესი სკოლა (დრესაჟი). კონკური არის დაბრკოლებათა გადალახვა. ყველაზე დემოკრატიული სპორტია, იმიტომ, რომ ყველა ყველაფერს ხედავს შეჯიბრებაზე. ბარიერს ცხენი თუ ჩამოაგდებს, ამის დანახვა ვიზუალურად მარტივია. დრესაჟი ძალიან რთული სახეობაა. თუ კარგად ვერ ერკვევი ცხენოსნობაში, გაგიჭირდება შეცდომების დანახვა. შეფასების ათბალიანი სისტემაა და რატომ შეაფასეს სპორტსმენი 8 და არა - 10 ქულით, ამის გაგება ცოტა რთულია არაპროფესიონალისთვის, თუმცა იმდენად ლამაზი სახეობაა, ყველა სიამოვნებით უყურებს.

რაც შეეხება სამჭიდს, პირველი დღე არის გამარტივებული ცხენის გაწვრთნის უმაღლესი სკოლა, ოღონდ პასაჟი, პიაფე, პირუეტი და რთული ელემენტები არ შედის.

მეორე დღეს არის საველე გამოცდები, რომლის დროსაც ბარიერები არის დაჭედებული. ცხენი რომ წამოედოს, გადაყირავდება. ბარიერები არის 1.20 მ სიმაღლეზე. შემდეგ დევს თივის ბულულები, რომლებსაც ფეხით გაივლის. მკვდარი ბარიერი არის 1.20-მდე და სიგანეში არის 1.50 მ-მდე. საველე გამოცდები შედგება 4 ეტაპისგან.

ორ ეტაპს ჰქვია გზები. არაფერი სახტუნაო ბარიერი არ არის და უნდა გაიარო გარკვეულ დროში. არის ასევე სტიპლჩეზი, რაც ბარიერების სწრაფად გადალახვას გულისხმობს და კროსი, რომელიც არის ყველაზე რთული.

ამჟამად ჩვენ მარტო კონკურში და ცხენის გაწვრთნის უმაღლეს სკოლაში გამოგვყავს სპორტსმენი. ეს იმით არის გამოწვეული, რომ დაფინანსება არ გვაქვს და სპეციალისტების რაოდენობაც შემცირებულია.

Sportall.Ge

გვყავს ნატურალიზებული სპორტსმენი ქალბატონი ჯოან ვონი, რომელიც არის წარმოშობით ბრიტანელი. სწორედ იგი მონაწილეობს ცხენის გაწვრთნის უმაღლეს სკოლაში საქართველოს სახელით. ევროპის თასის ფინალის საკვალიფიკაციო ტურნირი 2-ჯერ აქვს მოგებული. წელს ძალიან სერიოზულ ოთხვარსკვლავიან ტურნირში იყო მეორე, ევროპის ჩემიონატის ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა და იასპარეზებს.

მეორე ქართველი სპორტსმენი შალვა გაჩეჩილაძე ამჟამად გერმანიაში იმყოფება. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 26-27 ივნისს ტარდება ბუდაპეშტში. თუ იქ წარმატებით გამოვა, ევროპის ჩემპიონატის ფინალში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს.

- რა ასაკიდან აღარ შეუძლიათ სპორტსმენებს ცხენოსნობა?
- ცხენოსნობა არის ყველაზე მეტად შეუზღუდავი ასაკის სპორტი. 2012 წლის ოლიმპიადაზე 71 წლის იაპონელი ხიროში ხოკეტსუ ასპარეზობდა დრესაჟში. ამასთანავე, სქესსაც არ აქვს მნიშვნელობა. ქალები და კაცები ერთად გამოდიან. საერთოდ, ქალისთვის, მისი აგებულებიდან გამომდინარე, უფრო ადვილიც არის ცხენზე ჯდომა, რადგან სიმძიმის ცენტრი დაბლა აქვს.

- ფედერაციის ბალანსზე რამდენი ცხენი გყავთ?
- ფედერაციის ბალანსზე არცერთ ცხენი არ არის. ახლა ისეთი სიტუაცია გვაქვს, რომ ჩვენი ნაკრების ლიდერი შალვა გაჩეჩილაძე გამოდის კერძო მფლობელების ცხენებით. სპორტსმენი ცხენთან დიდხანს უნდა მუშაობდეს. შალვა ერთი თვით ადრე იმიტომ არის გერმანიაში წასული, რომ ვუქირავეთ მას ცხენი, რომლითაც უნდა გამოვიდეს. სხვა გამოსავალი არ გვქონდა. ამ პერიოდში შალვამ უნდა მოახერხოს ცხენთან შეწყობა.

Sportall.Ge- რთული არ არის სპორტსმენისთვის სხვისი ცხენით გამოსვლა?
- ძალიან რთულია, მაგრამ რა ვქნათ? - დაუფინანსებლობის გამო ასეთი წინააღმდეგობების გადალახვა გვიწევს. ერთადერთი სპონსორი გვყავს "ვი-თი-ბი ბანკი", რომელიც ფინანსურად გვეხმარება. წელიწადში ორ შეჯიბრებას ვაწყობთ, მეტს - ვერა. მსოფლიო თასის შესარჩევ ორ ეტაპს ვატარებთ საქართველოში.

- რამდენად წარმატებული სპორტსმენები გვყავს?
- შალვა სამჯერ გავიდა მსოფლიო თასის ფინალში. თორნიკე პაპიაშვილია ასევე ძალიან კარგი მხედარი. იგი მსოფლიო თასის ერთგზის ფინალისტია. ასევე ერთხელ გოგა ქევხიშვილი გახდა ფინალისტი, მაგრამ 18 წლის არ იყო და არ დაუშვებდნენ დიდების ასპარეზობაში. პრინციპში, გვყავს მხედრები, მაგრამ ცხენების ყიდვის საშუალება არ გვაქვს და გვიწევს ქირაობა. ჯოანს თავისი მწვრთნელი და ცხენები ჰყავს და მასთან ეს პრობლემა არ დგას. ფედერაციას ცხენები რომ ჰყავდეს, შენახვაც უნდა შეეძლოს. ნორმალური დაფინანსება უნდა გვქონდეს. დროთა განმავლობაში ცხენი ბერდება, საჭიროა მისი შეცვლა. რამდენიმე მილიონი ლარით რომ დაფინანსდეს ფედერაცია, სერიოზულ შედეგსაც დავდებთ, სპორტის იმ სახეობისგან განსხვავებით, რომელიც უხვად ფინანსდება და არაფერ შედეგს არ დებს.

პერსპექტიულები არ ხართო, ვერ გვეტყვიან. აზერბაიჯანში ცხენოსნობა ათეულობით მილიონით ფინანსდება და კარგი ცხენების ყიდვის საშუალებაც აქვთ, თუმცა მათ ხშირად ვუგებთ ხოლმე.

რუსკა კილასონია სპეციალურად Sportall.ge-სთვის


Sportall.Ge
ასევე დაგაინტერესებთ