#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა. XVII ტურის წინ: ვინ გახდება ერთპიროვნული ლიდერი?

AutoSharing Option
ფოტო: Facebook.com/fc.saburtalotb

ეროვნული ლიგის მეორე წრის დასრულებამდე სულ ცოტა დრო რჩება. 16 ტურის შემდეგ გათამაშებას 34-34 ქულით ორი ლიდერი ჰყავს - თბილისის "საბურთალო" და ბათუმის "დინამო", რომელთაც 7 ქულით ჩამორჩება ქუთაისის "ტორპედო", 26 ქულა აქვს თბილისის "დინამოს".

დილა-დინამო(თბ)
მართალია "დილამ" ბოლო 4 ტურში 5 ქულა მოიპოვა და ეს კარგ შედეგად ვერ ჩაითვლება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ 4 მატჩიდან 3-ში გორელთა მეტოქე გათამაშების ცხრილის პირველი სამი გუნდი იყო.

გიორგი დეკანოსიძის შეგირდებმა წინა ტურში ქუთაისის "ტორპედოსთან" ფრედ, 3:3 ითამაშეს, თან ისე, რომ
პირველი ტაიმის შემდეგ ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდნენ.

გორის "დილა" გასავარდნ ზონაშია და მე-7 ადგილზე მყოფ "სიონს" 2 ქულით ჩამორჩება.

სამმატჩიანი წაგებათა სერიის შემდეგ თბილისის "დინამომ" ორი შეხვედრა მოიგო, ქუთაისის "ტორპედოსთან" პრინციპული გამარჯვების (2:1) შემდეგ, თბილისელებმა "რუსთავსაც" (1:0) სძლიეს და მეოთხე პოზიცია დაიბრუნეს.

მეტოქის კარში ერთადერთი გოლი ლევან კუტალიამ გაიტანა, რომელსაც 15 შეხვედრაში 8 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში მესამე პოზიციას ჯაბა უგულავასთან ერთად იყოფს.

ამ კლუბებს შორის პირველი წრის მატჩი "დინამოს" გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი ფრან კარბიამ გაიტანა, რომელმაც თბილისური კლუბი რამდენიმე დღის წინ დატოვა.

გორის "დილას" და თბილისის "დინამოს" დაპირისპირება პირველ ივნისს, 18:30 საათზე, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ვიტ ჯორჯია-ტორპედო
მძიმე მდგომარეობაში მყოფი "ვიტ ჯორჯია" მიხეილ მესხის სახელობსი სტადიონის სათადარიგო მოედანზე ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებს.

გარიგებული მატჩების სკანდალის შემდეგ "ვეტერინარებმა" ორი შეხვედრა გამართეს, თბილისის "ლოკომოტივთან" და "საბურთალოსთან" და ორივე მატჩში ერთნაირი ანგარიშით - 0:3 დამარცხდნენ, მეტიც ბოლო 5 შეხვედრაში "ვიტელებმა" 10 გოლი გაუშვეს, თავად კი ვერცერთის გატანა მოახერხეს.

"ვიტ ჯორჯიას" მთავარ მწვრთნელს, ვლადიმერ ხაჩიძეს გასულ მატჩებში დიდი არჩევანი არ ჰქონია, მას სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ 5 მოთამაშე ჰყავდა.

ქუთაისის "ტორპედოს" მართალია ბევრი გოლი გააქვს, თუმცა საკუთარ კარშიც ბევრს უშვებს. ბოლო ორ შეხვედრაში კახა ჩხეტიანის შეგირდებმა მხოლოდ 1 ქულა მოიპოვეს, ჯერ თბილისის "დინამოსთან" დამარცხდნენ (1:2), შემდეგ კი გორის "დილასთან" ორბურთიანი სხვაობა გაუშვეს ხელიდან (3:3).

ქუთაისურ კლუბში ფინანსური პრობლემებია და ამ მიზეზით, გულშემატკივრებმა 31 მაისს ქუთაისის მერიასთან აქცია გამართეს.

"დილასთან" ბუდუ ზივზივაძემ დუბლი შეასრულა და ბომბარდირთა დავას ლაშა შინდაგორიძესთან ერთად 10 გოლით ლიდერობს.

პირველ წრეში ამ კლუბების მატჩი კახა ჩხეტიანის შეგირდების გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

"ვიტ ჯორჯიას" და ქუთაისის "ტორპედოს" დაპირისპირება პირველ ივნისს, 20:30 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართება.

სიონი-ლოკომოტივი
ეროვნული ლიგის მე-16 ტურში ერთმანეთს უშუალო კონკურენტები, "სიონი" და "ლოკომოტივი" დაუპირისპირდებიან.

ბოლნისელებს დაცვაში აშკარა პრობლემები აქვთ, ბოლო სამ მატჩში საკუთარ კარში 13 გოლი გაუშვეს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

შემადგენლობას უბრუნდებიან დავით თარგამაძე და ვილი ისიანი, რომლებმაც "რუსთავთან" მატჩში (3:3) ჩხუბის გამო წითელი ბარათები მიიღეს და გასულ ტურში ბათუმის "დინამოსთან" (1:5) შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვეს.

ბოლნისელთა საუკეთესო ბომბარდირი ჯაბა უგულავაა, რომელსაც 6 მატჩია გოლი არ გაუტანია.

მას შემდეგ რაც "ლოკომოტივში" ლევან კორღალიძე დაინიშნა, თბილისურმა კლუბმა თამაში გამოასწორა. ბოლო 4 შეხვედრიდან "რკინიგზელებმა" 4-ივე მატჩი მოიგეს, გასავარდნ ზონას თავი დააღწიეს და ევროტურნირების ზონას 5 ქულითღა ჩამორჩებიან.

აღსანიშნავია კარგი დაცვითი თამაშიც. ბოლო 4 შეხვედრაში "ლოკომოტივმა" 9 გოლი გაიტანა, საკუთარ კარში კი მხოლოდ 1 მიიღო.

თუ "ლოკო" "სიონის" დამარცხებასაც მოახერხებს, შანსი ექნება მე-5 პოზიციამდე აღზევდეს.

პირველ წრეში ამ კლუბებს შორის გამართული შეხვედრა ბოლნისელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

ბოლნისის "სიონის" და თბილისის "ლოკომოტივის" დაპირისპირება 2 ივნისს, 17:00 საათზე თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

დინამო(ბთ)-რუსთავი
გათამაშების ლიდერი ბათუმის "დინამო" აუტსაიდერ "რუსთავს" ანგისის ბაზაზე მიიღებს.

ამ სტადიონზე გია გეგუჩაძის შეგირდები 3 თვეა დაუმარცხებლად ასპარეზობენ (ბოლოს ქუთაისის ტორპედოსთან დამარცხდნენ (0:2) მეორე ტურის მატჩში), ეს კი დიდწილად იმ მხურვალე გულშემატკივრობის შედეგია, რასაც ბათუმელი გულშემატკივარი საკუთარი გუნდის მიმართ არ იშურებს.

თუმცა, ქომაგების მიერ მოედანზე შეჭრის მცდელობების და სხვადასხვა ნივთების სროლის გამო, ფეხბურთის ფედერაციის დისციპლინარულმა კომიტეტმა "დინამო" 50 000 ლარამდე თანხით დააჯარიმა, კლუბმა კი გულშემატკივარს მოუწოდა, რომ სტადიონზე მოქცევის წესები დაიცვან.

ბათუმელებმა გასული ტურის მატჩიც საკუთარ მოედანზე გამართეს, სადაც "სიონს" დიდი ანგარიშით (5:1) სძლიეს.

"რუსთავმა" კი ორმატჩიანი მოგებების შემდეგ ბოლო 4 ტურში მხოლოდ 2 ქულას მოუყარა თავი და "ვიტ ჯორჯიასთან" ერთად გათამაშების ცხრილის ბოლოშია.

გასულ ტურში თბილისის "დინამოსთან" ვარლამ კილასონიას გუნდს ლუკა გადრანი და ლაშა ქოჩლაძე დისკვალიფიკაციის გამო აკლდა, რომლებმაც წითელი ბარათები ბოლნისის "სიონთან" მატჩში (3:3) მიიღეს, ბათუმურ შეხვედრაში კი ეს მოთამაშეები მოედანს დაუბრუნდებიან.

პირველ წრეში ამ კლუბებს შორის გამართული შეხვედრა გია გეგუჩაძის შეგირდების გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

ბათუმის "დინამოსა" და "რუსთავის" დაპირისპირება 2 ივნისს, 19:00 საათზე, ანგისის ბაზაზე გაიმართება.

ჩიხურა-საბურთალო
ეროვნული ლიგის მე-17 ტურის დასკვნითი შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საჩხერის "ჩიხურასა" და "საბურთალოს" შორის გაიმართება.

ნომინალური მასპინძელი "ჩიხურაა", თუმცა ორივე კლუბი საშინაო შეხვედრებს ამ სტადიონზე მართავს, ამიტომ უცხო გარემო არცერთისთვის უნდა იყოს.

სოსო ფრუიძის შეგირდები ორი ტურის წინ თბილისის "დინამოზე" წინ იმყოფებოდნენ და სამეულში შესასვლელად იბრძოდნენ, თუმცა ბათუმის "დინამოსთან" (1:2) და თბილისის "ლოკომოტივთან" (0:2) მარცხების შემდეგ მეოთხე პოზიციას დაკარგეს და მეექვსე ადგილზე მყოფ "ლოკომოტივს" მხოლოდ 1 ქულით უსწრებენ.

რაც შეეხება "საბურთალოს", გია ჭიაბრიშვილის შეგირდები 15 ტურის თავზე გათამაშებას 34 ქულით ბათუმის "დინამოსთან" ერთად ლიდერობენ.

ბოლო მატჩებში თბილისური კლუბის მთავარი ლიდერი ლაშა შინდაგორიძეა, რომელსაც უკვე 10 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავას ბუდუ ზივზივაძესთან ერთად ლიდერობს.

"საბურთალოს" მალე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ელოდება, ამიტომ ძალების გადანაწილება ორ ფრონტზე მოუწევს. იქიდან გამომდინარე, რომ იმავე მდგომარეობაში მათი მთავარი კონკურენტი არ იმყოფება, გია ჭიაბრიშვილის შეგირდები ვალდებულნი არიან, რაც შეიძლება მეტ ქულას მოუყარონ თავი.

კლუბებს შორის პირველი წრის შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.

საჩხერის "ჩიხურასა" და "საბურთალოს" დაპირისპირება 2 ივნისს, 21:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

Sportall.Ge