#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

გიორგი გაბედავა: მალე "საბურთალოს" ცხოვრებაში ახალი ისტორია დაიწერება

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ "საბურთალოს" შემადგენლობაში გიორგი გაბედავა ჩაირიცხა, რომელიც ბოლოს პოლონეთში თამაშობდა.

2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელს, თავდამსხმელსა და ბომბარდირს სხვადასხვა საინტერესო თემაზე ვესაუბრეთ. ლაპარაკი პირველი შთაბეჭდილებით დავიწყეთ:

- საქართველოს ჩემპიონატში დიდი ხანია ვთამაშობ. ფეხბურთელებისგან გადმოცემით ვიცოდი, რომ კლუბში სასიამოვნო ატმოსფერო და გარემო იყო. ჩემი თვალით დანახულმა კი ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა - რამდენიმე კლუბში მითამაშია, მაგრამ მსგავსი ატმოსფერო და ერთიანობა არ მინახავს.

- ალბათ, კლუბთან შეგუების პრობლემა არ უნდა გქონდეთ, რადგან რამდენიმე ახლო მეგობარიც დაგხვდათ...
- ნამდვილად არ მაქვს ახალ კლუბთან
შეგუების პრობლემა. ბევრთან ნაცნობობა მაკავშირებს, რამდენიმესთან - ახლო მეგობრობა. უბრალოდ, ახალ გარემოში მოვხდი, სადაც თავს ბედნიერად ვგრძნობ.

- შეთავაზებიდან მალე მიიღეთ გადაწყვეტილება?
- ბევრი არც მიფიქრია, 2-3 დღეში გადაწყდა ყველაფერი. კლუბის ხელმძღვანელებისგან და სამწვრთნელო შტაბისგან დავინახე ნდობა და სურვილი. გადაწყვეტილებაც მალე მივიღე.

- რამდენიმე შეთავაზება გქონდათ, მაგრამ არჩევანი "საბურთალოზე" გააკეთეთ. რამ იქონია გავლენა?
- პირველ რიგში, მთავარი მწვრთნელის ფაქტორმა - გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით "გაგრაში" ვთამაშობდი. ვიცი მისი ხედვა, ფეხბურთისადმი მიდგომა, სათამაშო სტილი. მწვრთნელის ფაქტორი ძალიან დიდ როლს თამაშობს ფეხბურთელზე. მეორე ის, რომ კლუბს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უწევს თამაში. ეს ფაქტორი დიდი გამოწვევაა ჩემთვის. მესამე - ჩემი სურვილიც იყო, რომ "საბურთალოში" მეთამაშა და კლუბიც დაინტერესებული იყო ჩემი სამსახურით.

- პოლონეთში გატარებულ დროზე გკითხავთ - რა შეგძინათ ევროპაში თამაშმა?
- დიდი ხანი არ ვყოფილვარ პოლონეთში, თუმცა 13 მატჩის ჩატარება მოვასწარი. სულ სხვა დონეა, ძალიან მაღალ სისწრაფეებზე მიდის თამაში, ქომაგობა 90 წუთის განმავლობაში, საფეხბურთო ატმოსფეროა. მივიღე გარკვეული გამოცდილება, რომელიც სამომავლოდ აუცილებლად წამადგება.

რომ ვთქვა, რაღაც განსაკუთრებული პირველობა იყო, მასე ნამდვილად არაა. ქართველ ფეხბურთელებს შეუძლიათ იქ თამაში.

- ახალ კლუბში ახალი გამოწვევები გელით. როგორი მოლოდინი გაქვთ?
- მალე "საბურთალოს" ცხოვრებაში ახალი ისტორია დაიწერება. კლუბი პირველად იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რაც ძალიან დიდი პატივია. ყველას დიდი მოლოდინი აქვს, როდის დადგება ეს მნიშვნელოვანი დღე. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩემპიონობა გუნდს შესანარჩუნებელი აქვს და თასზე წარმატებით თამაში.

- თქვენს დებიუტს როდის უნდა ველოდოთ?
- ვნახოთ, დრო გვიჩვენებს. ხვალ გუნდთან ერთად მივემგზავრები, სამშაბათს "სამტრედიასთან" სათასო მატჩია. თუ სამწვრთნელო შტაბი გადაწყვეტს, რომ მზად ვარ სათამაშოდ, სიამოვნებით გავალ მინდორზე.

- სანაკრებო შანსის მოლოდინშიც იქნებით…
- ქვეყნის პირველ გუნდში მოხვედრა და თამაში სულ სხვა ემოციაა. ვცდილობ ყოველთვის სპორტულ ფორმაში ყოფნას, რათა ნაკრების მწვრთნელების თვალთახედვის ქვეშ ვიყო. თუ ჩათვლიან საჭიროდ და ნაკრებში გამომიძახებენ, ძალიან გახარებული ვიქნები.

საუბრის ბოლოს მადლობას გადავუხდი "საბურთალოს" ხელმძღვანელობას ნდობისთვის, დაფასებისთვის. ჩემზე რაც იქნება დამოკიდებული - მაქსიმუმს გავიღებ. ვეცდები, კლუბის წინსვლასა და წარმატებაში მოკრძალებული წვლილი მეც შევიტანო.

fcsaburtalo.ge


Sportall.Ge