#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა. XXI ტურის წინ: ევროთასებამდე ერთი კვირით ადრე და "დინამოების" ჯახი

AutoSharing Option
ევროთასების დაწყებამდე საქართველოს ეროვნულ ლიგაში 21-ე ტური გაიმართება, შემდეგ კი საქართველოს ჩემპიონატი 1 თვით შეისვენებს.

ტორპედო-ლოკომოტივი
"ტორპედო" ერთ-ერთი იმ კლუბთაგანია, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება. ქუთაისელთა მეტოქე კახაბერ ცხადაძის "ორდაბასია", თუმცა მანამდე კლუბს ეროვნულ ლიგაში უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს თბილისის "ლოკომოტივის" წინააღმდეგ.

ბოლო კვირებში კახა ჩხეტიანის გუნდი 10-მა ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის - ოლექსანდრ აზაცკიმ, მამუკა კობახიძემ, რიჩარდ ლუკამ, ნიკოლა სტიეპოვიჩმა, ნოდარ ქავთარაძემ, ამბროსი ჩაჩუამ, მერაბ გიგაურმა, ლევან გეგეჭკორმა, გიორგი ქიმაძემ და თენგიზ წიქარიძემ.

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა
ფეხბურთელი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ ითვლებოდა, თუმცა კლუბმა მათი შენარჩუნება ვერ მოახერხა.

"ტორპედომ" რამდენიმე ფეხბურთელიც დაიმატა - ცოტნე მოსიაშვილი "ვიტ ჯორჯიადან", დავით იონანიძე საჩხერის "ჩიხურიდან" და სავარაუდოდ, ქუთაისში გააგრძელებს კარიერას ბათუმის "დინამოს" ყოფილი მცველი - გიორგი გადრანი.

იმ ფინანსური პრობლემების ფონზე, რაც "ტორპედოს" ჰქონდა, ეს შევსებაც მოულოდნელი იყო.

რაც შეეხება "ლოკომოტივს", თბილისელებს ტრანსფერი არ განუხორციელებიათ, სამაგიეროდ, მათი ახალგაზრდა შემტევი ზურიკო დავითაშვილი, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა, "რუბინში" გადავიდა.

"ლოკო" საოცარ ფორმაშია, კლუბმა, რომელიც რამდენიმე ტურის წინ გასავარდნ ზონაში იმყოფებოდა, გასულ ტურში "საბურთალოს" სძლია (1:0) და მეხუთე ადგილზე იმყოფება.

ეს კლუბები ერთმანეთს მიმდინარე სეზონში ორჯერ შეხვდნენ, ერთხელ გამარჯვება ქუთაისელთა მხარეს დარჩა, ერთხელ კი თბილისელებმა იმარჯვეს.

ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "ლოკომოტივის" დაპირისპირება 2 ივლისს, 18:00 საათზე, წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ვიტ ჯორჯია-ჩიხურა
გათამაშების აუტსაიდერი "ვიტ ჯორჯია" მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე საჩხერის "ჩიხურას" მიიღებს.

"ვეტერინარები" ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. დისკვალიფიცირებული ფეხბურთელებისა და 50 000 ლარიანი ჯარიმის შემდეგ, "ვიტ ჯორჯიამ" რამდენიმე მოთამაშე დაკარგა, მათ შორის რამდენიმე დღის წინ ცოტნე მოსიაშვილი ქუთაისის "ტორპედოში" გადაბარგდა.

საჩხერის "ჩიხურა" ერთ-ერთია იმათგან, ვინც ევროტურნირებში ჩაერთვება, სოსო ფრუიძის გუნდის მეტოქე ლუქსემბურგული კლუბია.

"ჩიხურას" შემადგენლობაში ცვლილებები არ არის, გუნდი ერთადერთმა ფეხბურთელმა დავით იონანიძემ დატოვა და ის კარიერას ქუთაისის "ტორპედოში" გააგრძელებს.

"ვიტ ჯორჯია" და "ჩიხურა" ერთმანეთს მიმდინარე სეზონში ორჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, მეორე კი საჩხერელთა გამარჯვებით დასრულდა.

მომავალი შეხვედრა 2 ივლისს, 19:30 საათზე მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გაიმართება.

საბურთალო-რუსთავი
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი და გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი "საბურთალო" "მიხეილ მესხზე" "რუსთავს" უმასპინძლებს. "საბურთალო" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქე ტირასპოლის "შერიფი" იქნება.

"საბურთალოს" ბოლო პერიოდში ახალი ტრანსფერი არ განუხორციელებია, რამდენიმე კვირის წინ კი "ზაგლებიეს" თავდამსხმელი გიორგი გაბედავა დაიმატა.

თბილისელთა მეტოქე "შერიფი" კი ერთბაშად 5 ფეხბურთელით გაძლიერდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე "საბურთალოს" ყოფილი მეკარე და კაპიტანი ლაზარე კუპატაძე დაუბრუნდება.

რაც შეეხება "რუსთავს", ქვემოქართლულმა კლუბმა ბოლო სამ ტურში მძიმე მდგომარეობა ოდნავ შეიმსუბუქა და 7 ქულის მოპოვება მოახერხა. ამით ბოლო, მე-10 ადგილი დატოვა და 18 ქულის მოპოვება მოახერხა.

"საბურთალო" და "რუსთავი" მიმდინარე სეზონში ორჯერ შეხვდნენ და გამარჯვება ორივე შემთხვევაში თბილისელებს დარჩათ.

კლუბებს შორის დაპირისპირება 2 ივლისს, 21:30 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

დილა-სიონი
გორის "დილა" და ბოლნისის "სიონი" ის ორი კლუბია, რომელიც ჯერჯერობით ეროვნულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.

პრინციპულ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, კლუბი მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დეკანოიძემ დატოვა, რომელსაც დროებით ირაკლი მოდებაძე შეცვლის.

გორელებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დანაკლისი ჰყავთ - პოლონური "იაგელონიას" საკუთრებაში მყოფი მეკარე ლუკა გუგეშაშვილი, რომელმაც სეზონის პირველი ნახევარი "დილაში" გაატარა, კარიერას ლა ლიგაში აღზევებულ "გრანადაში" განაგრძობს.

რაც შეეხება "სიონს", კლუბი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა, არიან ახალწვეულებიც.

"სიონიდან" მეკარე თორნიკე ზარქუა, მცველი გიორგი გაფრინდაშვილი და ნახევარმცველები დავით რაჟამაშვილი და ლაშა მანაგაძე წავიდნენ.

რაჟამაშვილმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და "სამტრედიაში" გადავიდა.

ასევე ხელშეკრულების გაწყვეტით დაემშვიდობა ბოლნისურ გუნდს ზარქუა, რომელიც მის ღირსებას ჯერ კიდევ მეორე ლიგაში იცავდა და ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას.

მანაგაძე "გაგრაში" 6-თვიანი იჯარით გადავიდა, ხოლო გაფრინდაშვილი კარიერას "მერანში" გააგრძელებს.

"სიონმა" ბათუმის "დინამოდან" მეკარე ოთო გოშაძე და "საბურთალოდან" ნახევარმცველი ბექა გვარაძე დაიმატა.

ამ კლუბებს შორის მიმდინარე სეზონში გამართული ორი დაპირისპირებიდან ერთი "სიონის" გამარჯვებით დასრულდა, მეორე შეხვედრაში გუნდები ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ.

გორის "დილასა" და ბოლნისის "სიონის" დაპირისპირება 3 ივლისს, 19:00 საათზე, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

დინამო(თბ)-დინამო(ბთ)
ტურს ცენტრალური მატჩი დახურავს, სადაც ერთმანეთს ორი "დინამო" დაუპირისპირდება.

თბილისელები ევროპა ლიგისთვის ემზადებიან, ბათუმელების მთავარი მიზანი კი ეროვნული ლიგის ჩემპიონობაა.

თბილისის "დინამომ" ბოლო დღეებში ერთი ტრანსფერი განახორციელა, ჩისკოს გუნდს ქუთაისის "ტორპედოდან" წამოსული გიორგი ქიმაძე შეუერთდა, სამაგიეროდ კლუბი დატოვა უკრაინელმა ლეგიონერმა დმიტრო ივანისენიამ, რომელმაც კარიერას გაგრძელება სამშობლოში, ლუგანსკის "ზორიაში" გადაწყვიტა.

გაძლიერდა ბათუმის "დინამოც" - მამუკა კობახიძისა და ლადო დვალიშვილის შემდეგ, აჭარელებმა ქუთაისის "ტორპედოდან" ლევან გეგეჭკორი დაიმატეს.

აღსანიშნავია, რომ ბათუმელთა რიგები დატოვა გიორგი გადრანმა, რომელმაც პირველ წრეში თბილისის "დინამოს" კარში ერთადერთი გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს სამი ქულა მოუტანა. იმ მატჩის შემდეგ 24 წლის მცველი მოედანზე აღარ გამოსულა.

ის კარიერას, სავარაუდოდ, "ტორპედოში" გააგრძელებს.

თბილისის "დინამოსა" და ბათუმის "დინამოს" დაპირისპირება 3 ივლისს, 21:00 საათზე, "დინამო არენაზე" გაიმართება.

Sportall.Ge
ასევე დაგაინტერესებთ