გასულ სეზონში თავდამსხმელ გიორგი ქვილითაიას "გენტში" სტაბილურად თამაში არ უწევდა, რადგან ახალ გუნდში მისი ტიპის ორი ტარანული ფორვარდი - ალეკსანდერ სიორლოტი და რომან იარემჩუკი დახვდა, თანაც ტრავმა მიიღო და კარგა ხანი ვერ ასპარეზობდა. ახლა კი სიტუაცია შეიცვალა.
სიორლოტი, რომელიც "კრისტალ პალასს" განათხოვრებული ჰყავდა, ლონდონურმა კლუბმა უკან დაიბრუნა, ხოლო იარემჩუკი შესაძლოა, "გალათასარაიში" გადაბარგდეს.
Sport.ua-ს ცნობით, სტამბოლური კლუბი საჩემპიონთალიგოდ უკრაინელით გაძლიერებას აპირებს და ვნახოთ, ამ საქმიდან რა გამოვა.
რაც შეეხება "გენტს", მისი მწვრთნელი იეს ტორუპი ამხანაგურ მატჩებში სხვადასხვა შემადგენლობას ცდის და ბოლო ორ შეხვედრაში - "სენტ ტრუიდენთან" (2:4) და "ალკმაართან" (2:0) ქართველები არ ათამაშა. ამ ორ სპარინგში იარემჩუკმა სამი გოლი გაიტანა.
20 ივლისს "გენტი" ბოლო საკონტროლო მატჩს "რეიმსთან" ჩაატარებს, 28 ივლისს კი ბელგიის ჩემპიონატის პირველ ტურში სტუმრად "შარლერუას" შეხვდება.
შეგახსენებთ, "გენტის" ღირსებას ქვილითაიას გარდა, გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ბერიძე იცავენ.