ბექა მიქელთაძე: ბოლოს და ბოლოს, სახლში ვითამაშებთ და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ

AutoSharing Option
ქართველების "რუბინი" რუსეთის ახლად დაწყებული ჩემპიონატის სენსაციაა და ამაში დიდია ქართული ტრიოს (ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია და ბექა მიქელთაძე) დამსახურება. მიქელთაძის კომპენსირებულ დროში გატანილმა გოლმა ყაზანურ გუნდს "დინამოსთან" გამარჯვება მოუპოვა და მას "ინტერვიუ" ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა გამოცემამ, "იზვესტიამ" ჩამოართვა.

- ისე მოჩანდა, რომ "რუბინისთვის" "დინამოსთან" თამაში ძალიან რთული გამოდგა...
- მართლაც, ძალიან დაძაბული მატჩი იყო. პირველ ტაიმში ჩვენი გუნდის ფეხბურთელმა წითელი ბარათი მიიღო და უფრო გაგვიჭირდა. მიუხედავად ამისა, სეზონში პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ და ძალიან გახარებულები ვართ.

- გასაკვირია, რომ კაცნაკლულ
გუნდს ბოლოს გოლის გასატანად ძალა შემორჩა...
- დიახ, როგორც ვთქვი, რიცხობრივ უმცირესობაში თამაში ადვილი არ არის. თუმცა ამან უკეთესად ასპარეზობის მოტივაცია შეგვძინა. გვესმოდა, ჩვეულებრივზე უფრო მეტად უნდა დავხარჯულიყავით. გოლის გატანით არაჩვეულებრივი ემოციები დაგვეუფლა. ალბათ, ემოციური თვალსაზრისით უფრო ლამაზი გამარჯვების მოპოვების მოგონებაც კი შეუძლებელი იყო.

- პრემიერლიგაში პირველი გატანილი გოლის შემდეგ როგორი ემოციები დაგეუფლათ?
- გამარჯვების გოლის გატანამ ძალიან გამახარა. ახალ გუნდში თავის წარმოჩენა ადვილი არ არის. კარგია, რომ სეზონის დასაწყისშივე გავიტანე გოლი.
- "რუბინისგან" ამას ბევრი არ ელოდა, მით უმეტეს, სეზონის დასაწყისში. რით ახსნით ამას?
- შესაძლოა, არავინ რომ არ ელოდა, სწორედ ამიტომ გამოგვივიდა წარმატებული სტარტი. ვთვლი, რომ "რუბინში" კარგი კოლექტივი შეიკრიბა. გუნდში ბევრი ახალგაზრდაა, დიდი ენერგია და გამარჯვების სურვილი გვაქვს. ყოველ შეხვედრაში ბოლომდე დახარჯვას ვცდილობთ და ჯერჯერობით ეს გამოგვდის.

- "რუბინში" ქართველების შესანიშნავი ბანდა შეიკრიბა. თანამემამულეებთან ერთად თამაში გეხმარებათ?
- რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის კარგია. ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ. ერთად ვთამაშობდით თბილისის "დინამოში". ჩინებული ურთიერთობა გვაქვს და შეიძლება ითქვას, ერთმანეთს ვგრძნობთ. რა თქმა უნდა, მინდა ერთად გავიდეთ მოედანზე, მაგრამ ჯერ ამის საშუალება არ მოგვეცა. ერთად ყოფნა ადაპტაციაში გვეხმარება. ვცდილობთ, ვაჩვენოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია.

- რას მოელით "ახმატთან" მომავალი მატჩისგან?
- მხოლოდ მოგებას და იმედია, ასეც იქნება. მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს, სახლში ვითამაშებთ, ყაზანში. საკუთარ კედლებში, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. "დინამოსთან" რომ არ მოგვეგო, გვეპატიებოდა, მაგრამ სახლში მხოლოდ გამარჯვება გვესაჭიროება.

"რუბინისა" და "ახმატის" მატჩი 29 ივლისს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული