#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

10-ბალიანი სისტემა - თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების შეფასება "გაბალასთან" მატჩში

AutoSharing Option
25 ივლისს, თბილისის "დინამო" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში აზერბაიჯანულ "გაბალას" ესტუმრა და მეტოქე კომფორტული ანგარიშით, 2:0 დაამარცხა.

გარდა სასურველი შედეგისა, თბილისურმა კლუბმა კარგი თამაშიც აჩვენა და გამარჯვება ნამდვილად დამსახურებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

Sportall.ge გთავაზობთ "დინამოს" ფეხბურთელების შეფასებას 10-ბალიანი სისტემის მიხედვით.

ხოსე პერალესი - 7.5 - ესპანელ მეკარეს ნამდვილად ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა. მისი კარის მიმართულებით მეტოქემ 6-ჯერ დაარტყა და "დინამოს" მეკარემ ყველა შემთხვევაში მშვენივრად, უშეცდომოდ იასპარეზა. ის, რომ თბილისურმა კლუბმა სტუმრად გოლგაუშვებლად ითამაშა, დიდწილად მისი დამსახურებაცაა.

ნოდარ იაშვილი -
7.0 - ნოდარ იაშვილი შეტევაში ძალიან აქტიური იყო. მის ცრუმოძრაობებსა და ზუსტ გადაცემას მოჰყვა "გაბალას" კარში პირველი გოლი. შეტევაში ის ნამდვილად ძალიან კარგი იყო, რასაც ვერ ვიტყვით დაცვით ფაზაზე. მან რამდენიმე შეცდომა დაუშვა, ხშირად პოზიციას არასწორად ირჩევდა, რის შემდეგაც წინ გადაკიდებული ბურთი მეტოქეს რჩებოდა.

ვიქტორ მონხილი - 6.5 - ვიქტორ მონხილმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა, პოზიციურადაც შეცდა და საჰაერო ორთაბრძოლაც დათმო, თუმცა იყო რამდენიმე მომენტი, როდესაც სიტუაცია განმუხტა.

დავით კობოური - 6.5 - რამდენიმე შეცდომის მიუხედავად, კარგი მატჩი ჰქონდა დავით კობოურს. რამდენჯერმე კარგი პოზიცია შეარჩია და მეტოქის შეტევაც მარტივად განმუხტა.

გიორგი ქიმაძე - 7.0 - ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა გიორგი ქიმაძემ. აქტიური იყო მარცხენა ფლანგზე და მშვენივრად ამწვავებდა საკუთარი გუნდის შეტევებს. კარგი იყო დაცვით ფაზაშიც.

ნიკა ნინუა - 7.0 - კარგი მატჩი ჰქონდა "დინამოს" ახალგაზრდა ნახევარმცველს. ის მოედნის ცენტრში ძალიან კარგად მოქმედებდა, ამწვავებდა სიტუაციას და დაცვით ფუნქციებსაც ძალიან კარგად ასრულებდა.

გიორგი პაპავა - 7.0 - "დინამოს" გამოცდილმა ნახევარმცველმა, ნინუას მსგავსად, კარგი შეხვედრა ჩაატარა. მოედნის ცენტრი რომ თბილისურ კლუბს ეჭირა, ამაში დიდი წვლილი სწორედ გიორგი პაპავას მიუძღვის.

გიორგი კუხიანიძე - 6.5 - ნორმალური შეხვედრა ჩაატარა გიორგი კუხიანიძემ, რამდენჯერმე სიტუაცია გაამწვავა და კარგი გრძელი გადაცემები გააკეთა.

ნოდარ ქავთარაძე - 6.5 - "დინამოს" ვინგერი შეტევაში აქტიური იყო, მეტოქეს რამდენჯერმე ჯარიმაც ააღებინა, თუმცა გამორჩეული მომენტი არ ჰქონია.

ლევან შენგელია - 7.5 - მიუხედავად იმისა, რომ "დინამოს" ერთ-ერთ მთავარ ლიდერს არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა შეუსრულებია, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო, ის ხშირად მეტოქის რამდენიმე ფეხბურთელს ატყუებდა და რამდენიმე ისეთი გადაცემა გააკეთა, რასაც კარში დარტყმა მოჰყვა.

გარდა ამისა, იყო მომენტები, როდესაც მან დაცვაში ძალიან კარგად ითამაშა და მეტოქის შეტევა განმუხტა.

ლევან კუტალია - 8.0 - "დინამოს" შემტევი თამამად შეგვიძლია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნიოთ. გარდა გატანილი გოლისა, მას რამდენიმე ფაქტობრივად ასპროცენტიანი მომენტი ჰქონდა.

ყველაზე რეალური კი მისი თავური დარტყმა იყო, რომელიც "გაბალას" მეკარემ ახლო მანძილიდან, ფაქტობრივად, სასწაულებრივად მოიგერია.

მთლიანობაში კუტალიას ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა.

ბაქარ ქარდავა - შეფასების გარეშე

არფან დაფე - სენეგალელ მოთამაშეს მოედანზე დიდი დრო არ გაუტარებია, ამიტომ მისი
თამაშის შეფასება რთულია, თუმცა ისეთი ლამაზი და მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, რომ ამის გამო შექება ნამდვილად ეკუთვნის.

კვამე კარიკარი - შეფასების გარეშე

ჩისკო - 8.0 - გამოჩნდა, რომ თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა მოახერხა და რამდენიმე თვის თავზე მშვენიერი გუნდი ჩამოაყალიბა. ჯერ თბილისური კლუბი ეროვნული ლიგის ცხრილის შუიდან სათავეში ამოსწია, შემდეგ კი ევროტურნირებზე სამიდან სამ შეხვედრაში გაიმარჯვა.

რაც შეეხება "გაბალასთან" მატჩს, გუნდს მწვრთნელის ხელი ეტყობოდა. გარდა ამისა, ჩისკომ ცვლილებაც გამოიცნო და მოედანზე გამოსულმა დაფემ ანგარიში ორამდე გაზარდა.

P.S. თქვენი შეფასება კომენტარებში დაგვიწერეთ.

altთბილისის "დინამომ" "გაბალას" სძლია და "ფეიენოორდთან" შეხვედრისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

altმშვენიერია - თბილისის "დინამომ" და "ჩიხურამ" საქართველო უეფას რეიტინგში დააწინაურეს

alt"დინამოს" მწვრთნელი: თბილისში არანაკლებ რთული შეხვედრა გვექნება

altთბილისის "დინამოს" განცხადება: "გაბალაში მატჩმა ნორმალურ გარემოში ჩაიარა"

altდინამო-გაბალას მატჩის ბილეთების გაყიდვა ონლაინ დაიწყო

Sportall.Ge