#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

ვაკო გვილია: შეცვლაზე შესვლისას ჩემი ამოცანა გოლის გატანა იყო

AutoSharing Option
პოლონეთის ჩემპიონატში "ლეგიამ" კელცეში "კორონა" 2:1 ვაკო გვილიას მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით დაამარცხა და ნამატჩევს ქართველმა ლეგიონერმა კლუბის საიტს შემდეგი განუცხადა:

"ეს უდავოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. მთავარია, მოვიგეთ. თამაში გუნდმა მოიგო და არა ინდივიდუალურად რომელიმე ფეხბურთელმა. ჩვენ ვიცით, როგორ გავაუმჯობესოთ თამაში და იმედია, ასეც იქნება.

შეხვედრის წინ ყველაფრისთვის მზად ვიყავით, რაც კი შეიძლებოდა მოედანზე მომხდარიყო. ისევე, როგორც ვარშავაში, ასევე გასვლაზეც ჩვენი მიზანი მუდამ გამარჯვებაა. დღეს ბოლომდე ვიბრძოლეთ და ბოლო წამზე მიზანს მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, გოლის გატანა ადრე უკეთესია,
ვიდრე უკანასკნელ წამებზე. მაშინ უფრო მშვიდად ხარ, მაგრამ როგორც ვთქვი, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.

ვარჯიშებზე ბოლომდე ვიხარჯებით. კვირაში ორი შეხვედრის ჩატარება ადვილი არ არის, მაგრამ საერთო ძალისხმევით წინააღმდეგობების დაძლევას ვცდილობთ. 1:1-ზე შევედი შეცვლაზე და ჩემი ამოცანა გოლის გატანა და 3 ქულის აღება იყო".