#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება დანიასთან მატჩში

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის შეხვედრა საქართველოსა და დანიას შორის ფრედ, 0:0 დასრულდა.

პირველი შეხვედრის შემდეგ ეს შედეგი გარკვეულ პროგრესადაც უნდა მივიჩნიოთ, რადგან თითოეული შეხვედრა უკვე სათამაშო ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. ეს თამაში კი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.

გთავაზობთ ფეხბურთელთა 10-ბალიან შეფასებებს:

გიორგი ლორია - 7 - "ანორთოსისის" მეკარე საკმაოდ დამაჯერებელი იყო. რამდენიმე მომენტში მისმა სწრაფმა რეაქციამ ნაკრები გოლისგან იხსნა. ლორიას ანგარიშზე ექვსი "სეივი" დაფიქსირდა და მშრალად შენახული კარი. თუმცა ერთ მომენტში მასაც ჰქონდა შეცდომა, რასაც შეიძლება სავალალო შედეგი მოჰყოლოდა.

ოთარ კაკაბაძე -
5
- ამ შეხვედრაში ყველაზე სუსტი წერტილი კაკაბაძის ფლანგი იყო. მისი ორთაბრძოლები ბრაიზვაიტთან მუდმივად დანიელის გამარჯვებით და საქართველოს ნაკრების კარებთან სახიფათო მომენტით სრულდებოდა. ოთარი არც შეტევაში გამოირჩეოდა, თუმცა ამის წინაპირობა ისიც იყო, რომ გიორგი ლორია პასებს თითქმის მარჯვენა ფლანგზე არ იძლეოდა. საერთო ჯამში, კაკაბაძეს მეტი მართებს, რადგან დიდი რეგრესი აქვს. ასეთი თამაში მისი კარიერისთვისაც და ნაკრებისთვისაც პრობლემურია.

გურამ კაშია - 7
- "სან ხოსეს" მცველს პირველ ტაიმში განსაკუთრებული დატვირთვა არ ჰქონია, თუმცა მეორე ნახევარში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეტევა განმუხტა. ქართველ მცველს სტაბილურობა მართებს, რადგან ბოლო პერიოდში მოუკლო და გულშემატკივრები მისგან გაცილებით მეტს ელიან.

გია გრიგალავა - 7.5 - როდესაც ვწერდით, რომ გრიგალავას ძირითად შემადგენლობაში ჩასმა შეიძლებოდა, ძალიან დამცინავი დამოკიდებულება იყო მკითხველის მხრიდან. თუმცა შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მცველებს შორის საუკეთესო შეხვედრა აჩვენა. იმის მიუხედავად, რომ ის იდეალურ ფიზიკური ფორმაში არ იმყოფება, საქართველოს ნაკრებისთვის გაუვალი დაცვა გამოდგა. მეტიც, მასთან კონტაქტს დანიელები ერიდებოდნენ. ამას დავუმატოთ ისიც, რომ ხშირად შეტევის დასაწყისი ფაზა გრიგალავა იყო, თუმცა წინ თანაგუნდელები არ უწყობდნენ ხელს. ამ თამაშით გრიგალავამ ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობის მნიშვნელოვანი განაცხადი გააკეთა და ცენტრალურ მცველებს შორის კონკურენცია უფრო გაამძაფრა.

ჯიმი ტაბიძე - 6 - დაცვაში დაკისრებულ მოვალეობას კარგად ართმევდა თავს. ფლანგიდან შეტევების წამოწყება უჭირდა, თუმცა იყო მომენტირ მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს მნიშვნელოვანი ჯარიმა მოინადირა. იმ ფონზე, როდესაც ეს პოზიცია ნაკრებში პრობლემატურია და ხარაბაძე ჯერ თავს ვერ ართმევს დაკისრებულ მოვალეობებს, ტაბიძის ამ პოზიციაზე ხილვა მომავალშიც მოსალოდნელია, თუმცა რიგი კრიტერიუმები ექნება დასახვეწი.

გიორგი აბურჯანია - 6 - "ტვენტეს" ნახევარმცველი მოედანზე ალბათ უბურთოდ ყველაზე მეტს მოძრაობდა. მაქსიმალურად ცდილობდა, მეტოქისთვის ჩაეკეტა სივრცეები და რიგ შემთხვევაში ამას ახერხებდა კიდეც. რაც აკლდა, ეს სიხისტე იყო და მეტი სათამაშო დუელები მეტოქეებთან. ამავდროულად, ხშირად ერიდებოდა შეტევებში წასვლას და მის მიერ ბევრი წამოწყებული შეტევაც არ გვახსოვს.

ოთარ კიტეიშვილი - 8 - მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. ოთარმა ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი სამუშაო გასწია და დიდი როლი მიუძღვის მეტოქის "გაუფერულებაში". ორი შეხვედრაა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ის ძალიან კარგად თამაშობს, როგორც ჩაშლის კომპონენტში - ამავდროულად, შეტევების წამოწყებაში. თუ სტატისტიკას დავუჯერებთ, კიტეიშვილმა ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი ორთაბრძოლა მოიგო. ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზეც თქვა, თუ კიტეიშვილი ასე გააგრძელებს, მისთვის ავსტრიის ჩემპიონატი სათანადო დონე არ იქნებაო, ოთარს კი მომატების დიდი პერსპექტივა აქვს.

თორნიკე ოქრიაშვილი - 5.5 - დიდი უთამაშებლობის პერიოდი მის ასპარეზობაზე აისახა, ამავდროულად, მარჯვენა ფლანგზე თამაში მას არ გამოსდიოდა. შეიძლება ის უფრო ნაყოფიერი ყოფილიყო, მოედნის მარცხენა ნაწილში რომ ეთამაშა, მაგრამ სლოვაკმა პრობლემური პოზიცია მას მიანდო. ტრადიციულად, ძალიან დიდი მონდომებით თამაშობდა, თუმცა არ გამოსდიოდა და თანაგუნდელებიც პასებით ნაკლებად ტვირთავდნენ. აღსანიშნავია, რომ თორნიკემ ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა დაცვაში და "უდინეზეს" მცველ ლარსენს არ მისცა შეტევაში თამაშის გამწვავების საშუალება.  მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ირლანდიასთან სულ სხვა ოქრიაშვილს დააბრუნებს მოედანზე.

ვაკო ყაზაიშვილი - 6.5 - ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია შემტევ ფაზაში. რამდენიმე მომენტში ძალიან კარგად ითამაშა, დრიბლინგით წარმატებულად წაიღო ბურთი. დაცვაშიც არ აგვიანებდა ჩამოსვლას და ეხმარებოდა ჯიმი ტაბიძეს. აქვე, 2-3 ართმევაც ჰქონდა და საერთო ჯამში, კარგი შეხვედრა გამოუვიდა. იონ დალ ტომასონმაც ის გამოარჩია საქართველოს ნაკრებში, თუმცა ვაკოსგან ქართველი გულშემატკივარი უფრო მეტს ელის. თან, ზოგჯერ ეგოისტობს, არადა, სწორი გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში, უფრო დიდ სარგებელს მოუტანს ნაკრებს.

ჯანო ანანიძე - 5.5 - ამ შეხვედრაში პირველი ტაიმი ურიგოდ არ ჩაუტარებია, კვლავ წარმოაჩინა თავისი პასის კულტურა და ბურთსაც კარგად ანაწილებდა. თუმცა მეორე ტაიმში ის მოედნიდან უბრალოდ გაქრა, რადგან ორივე ტაიმში თამაშისთვის მზად არ არის. თუ რატომ დატოვა ვაისმა ანანიძე მოედანზე, საკითხავია. სლოვაკი, ალბათ, მისგან იმის მოლოდინში იყო, რომ რაიმე მნიშვნელოვან პასს გააკეთებდა. ანანიძემ შეხვედრის ბოლოს მნიშვნელოვანი ჯარიმა მოიპოვა, რომლის დარტყმაც თორნიკე ოქრიაშვილს მიანდო.

გიორგი ქვილითაია - 7.0 - იმის მიუხედავად, რომ გოლი არ გაუტანია, ქვილითაიამ ძალიან მაღალი კლასი აჩვენა. მეტოქის მცველებთან ორთაბრძოლებსაც არ ერიდებოდა და იყო რიგი მომენტები, როდესაც რამდენიმე მცველის მიერ დაზღვეულმა ბურთი მკერდზე თავისუფლად მიიღო, შემდეგ კი ამ ყველაფერს გაგრძელება მოუნახა, რაც ნამდვილად შესაშური იყო. ამ პოზიციაზე ქვილითაია ნაკრებში უპირობო ლიდერია და მეტი კონკურენციისთვის სასურველია მის პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელი გამოჩნდეს. საკითხავია, რატომ არის სათადარიგო ის "გენტში"? როდესაც დანიის ნაკრების საკმაოდ ძლიერ მცველებთან ასეთი თამაში შეუძლია, რატომ ვერ შეძლებს იმავეს ბელგიის საშუალო დონის კლუბებთან?

ცვლილებები

ვაკო გვილიასაც და მურთაზ დაუშვილსაც იმდენად მცირე დრო მიეცათ, რთულია მათი შეფასება, რადგან მათ იმ მინიმალურ დროში განსაკუთრებული არც არაფერი შემოუთავაზებიათ.

ვლადიმირ ვაისი - 7 - ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, საბა კვირკველია, დავით ხოჭოლავა და ა.შ. - ეს იმ ფეხბურთელთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც სლოვაკს ამ შეხვედრაში აკლდა, მაგრამ შემადგენლობა იდეალურად იქნა შერჩეული და მათ თავი არ შეურცხვენიათ. ძალიან დიდი კრიტიკაა იმის შესახებ, რომ ფრე მისაღებ შედეგად მივიჩნიეთ და კარებში ერთი ზუსტი დარტყმა კარგ თამაშად. მაგრამ გვავიწყდება, ვინ იყო ჩვენ წინაშე, დანიის ნაკრები "ტრანსფერმარკეტზე" 330 მილიონად არის შეფასებული, ხოლო საქართველოს ნაკრები - მხოლოდ 33 მილიონად.

საქართველოს ნაკრებმა ვაისის ხელმძღვანელობით ითამაშა ყველაზე გამართული შეხვედრა. სლოვაკს არსებული კონტინგენტით ასე კარგად შემადგენლობა არასდროს არ შეურჩევია. ეს გარკვეულწილად კარგიცაა, რადგან თუ ნაკრები სრული შემადგენლობით იქნებოდა, შეიძლება დანიასთან მატჩში ვერც გვეხილა - ოთარ კიტეიშვილი ცენტრალურ ნახევარმცველად, გია გრიგალავა ცენტრალურ მცველად, ჯიმი ტაბიძე დაცვის ფლანგზე და გიორგი აბურჯანია საყრდენ ნახევარმცველად, რადგან ამ ფეხბურთელების ნაცვლად ითამაშებდნენ სხვა ფეხბურთელები.

რა თქმა უნდა, პრობლემაა მომენტების რეალიზება, მაგრამ დანიის ნაკრების ვარსკვლავების განეიტრალება და ტოლ-სწორად თამაშიც შესაბამისი საქმეა. მთავარია, ეს შეხვედრა გამოვიყენოთ პროგრესისთვის, უკვე ირლანდიასთან "წყევლა" მოვიხსნათ და შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით დავასრულოთ.

ვაისის მინუსი იყო ტრადიცული ცვლილებების დაგვიანება, მაგრამ გარკვეულწილად ამაშიც ვერ გავამტყუნებთ. გვახსოვს სამხრეთ კორეასთან მატჩი, სადაც ცვლილებებმა უარესი შედეგი მოიტანა.

altვლადიმირ ვაისი: ჩემთვის დღევანდელი შეხვედრა უფრო სრულყოფილი იყო, ვიდრე ესპანეთთან

altდანიელთა თავკაცი: საქართველოს მხოლოდ ერთი-ორი მომენტი ჰქონდა

altკარგი თამაში, ბრძოლა და საქართველოს ნაკრების დამსახურებული ფრე დანიასთან [VIDEO]

altsofascore.com-მა ფეხბურთელები შეაფასა, საუკეთესოდ გიორგი ლორია დასახელდა

 

Sportall.Ge

ასევე დაგაინტერესებთ