მომგებიანია თუ არა საქართველოს ჩემპიონატის კლუბში ფულის დაბანდება?

AutoSharing Option
საქართველოში არ მოიძებნება ფეხბურთის გულშემატკივარი, რომელსაც წარმატებული და ევროთასებზე მოასპარეზე ქართული კლუბი არ სურდეს. თუმცა უღირს კი ინვესტორს ქართულ კლუბებში თანხების დაბანდება?

წარმატებული კლუბის შესაქმნელად ბევრი რამ არის საჭირო:

  • ინფრასტრუქტურა - მოწესრიგებული სტადიონი, ბაზა, საფეხბურთო აკადემიები.
  • მაღალი კლასის ფეხბურთელები, რომლებსაც მაღალი ანაზღაურება სჭირდებათ.
  • მენეჯერები, რომლებსაც ისეთ საფეხბურთო აგენტებთან აქვთ კავშირი, რომელთაც კლუბში ნორმალური ფეხბურთელის მოყვანა შეუძლიათ და არა ისეთები, რომლებიც "ნაცნობობით" ან "ნათესაობით" დასაქმდნენ.
  • პროფესიონალი მწვრთნელი, სასურველია, უცხოელი, რომელსაც ევროთასების გამოცდილება აქვს, თუმცა ამ შემთხვევაშიც ეს დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. ქართველი მწვრთნელები, რომლებსაც
    ევროთასების გამოცდილება აქვთ, თემურ ქეცბაია და გია გეგუჩაძე არიან. სხვა შემთხვევაში გვყავს მწვრთნელები ევროტურნირების საკვალიფიკაციოს გამოცდილებით. არიან პერსპექტიული მწვრთნელებიც, თუმცა ეს რისკთანაა დაკავშირებული.

ეს სია სრული არ არის, თუმცა ამ ყველაფერს საკმაოდ დიდი თანხა სჭირდება.

საიდან შემოსდით კლუბებს თანხა და რა პერსპექტივა გვაქვს?


  • ბილეთების გაყიდვა
საქართველოში თუ კლუბის გაკეთება გინდა, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, სასურველია, კლუბი რეგიონში აირჩიო, რადგან გულშემატკივართა რაოდენობა შედარებით მეტია. ამ ეტაპზე ამ ფაქტორით გამორჩეული ქუთაისის "ტორპედო" და ბათუმის "დინამოა". თუმცა, როდესაც ამ კლუბების სტადიონებზე ბილეთის ფასი დაწესდება, რა შედეგს მოიტანს ეს ყველაფერი?

მაგალითად, ბოლო ევროტურნირების შესარჩევზე, ქუთაისის "ტორპედომ" ბილეთის ფასი "ორდაბასთან" შეხვედრაში 7 ლარიდან 2 ლარამდე დასწია, თუმცა ეს შეხვედრა თბილისში იყო. მაგრამ გვახსოვს 2018 წელი, როდესაც "ტორპედო" ჩემპიონატის საუკეთესო გუნდი იყო და ევროთასებზე საკუთარ სტადიონზე დაიწყო თამაში, ბილეთის ფასი 4 ლარი იყო და ჩემპიონატთან შედარებით, გულშემატკივართა რაოდენობის კლება შეინიშნებოდა.

ბილეთებს ყიდის თბილისის "დინამოც" ორ ლარად და ხუთ ლარად, მაგრამ შეხვედრაზე გულშემატკივართა რაოდენობა მინიმალურია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ძირითადი ნაწილი ფანკლუბია, რომელიც მატჩებს უფასოდ ესწრება; ამავდროულად, ნაწილი ფეხბურთელთა ოჯახის წევრები და ახლობლებია, ამას დამატებული სტუმრები, შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ კლუბს ამით შემოსავალი არ აქვს.

რა თანხა უნდა დაწესდეს ჩემპიონატში ბილეთის ფასად? ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელოა. მაქსიმალური თანხა, რომელიც კლუბს შეუძლია დააწესოს, ხუთი ლარია - თუმცა ეს გამოიწვევს გულშემატკივართა კლებას. თუ ერთ ან ორ ლარს დააწესებს, ეს კლუბისთვის შემოსავალი ვერ იქნება და მხოლოდ დასუფთავება-საორგანიზაციო სამუშაოებს თუ დაფარავს.

რაც შეეხება ევროტურნირებს, ამ შემთხვევაში ჩვენისთანა პატარა ქვეყნებში მოსახლეობა ერთიანდება და ყველა ერთის ქომაგი ხდება. თუმცა ამ შემთხვევაშიც ბილეთის ფასი ფაქიზი თემაა და მეტოქეზეა დამოკიდებული.

ჩვენზე მოსახლეობით დიდი, ფინანსურადაც უკეთეს მდგომარეობაში მყოფი, მაგრამ სიტუაციურად ახლობელი ქვეყანა აზერბაიჯანია, რომლის საფეხბურთო კლუბ "ყარაბაღში" ბევრი ფული დააბანდეს და შედეგი ევროტურნირებზე მონაწილეობაა. 19 სექტემბერს კლუბმა "სევილიას" უმასპინძლა და ბილეთის ფასები ასეთი იყო: 3, 5, 15, 20, 50 მანათი და "ვი-აი-პი-ში" 100 მანათი - ლართან მიმართებაში კურსი დაახლოებით 1.74-ია. ამ შეხვედრაში ტოფიქ ბაჰრამოვის 30-ათასიანი სტადიონი სრულად გაივსო.

თუმცა ამ შემთხვევაში, როგორც ზემოთ ვახსენე, გულშემატკივართა რაოდენობა და ფასი მეტოქეზეა დამოკიდებული. მაგალითად, ამავე ჯგუფში იგივე ინტერესი არ იქნება "დუდელანჟთან" და "აპოელთან". ამავდროულად, ასეთი შეხვედრა ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ სამია.

  • ტრანსლაციის უფლებები
ტრანსლაციის უფლებების გაყიდვები წამყვანი კლუბებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემოსავალია, რადგან მათი მატჩები არა მხოლოდ თავიანთ ქვეყნებში, არამედ მსოფლიოს გარშემო იყიდება. მაგრამ ამ შემთხვევაში ერთეულ კლუბზე არ არის დამოკიდებული საერთაშორისო გაყიდვები, ჩემპიონატი უნდა იყოს მაღალი დონის და ჰყავდეს რამდენიმე წამყვანი გუნდი.

საქართველოში კი ტელევიზიები ჩემპიონატის მატჩებს არათუ ყიდულობენ, არამედ უფასოდაც არ უნდათ. მიზეზი დაბალი რეიტინგია და ტელევიზიაში თურქული სერიალი უფრო გაყიდვადია, ვიდრე საქართველოს ჩემპიონატი.

ასეთ პირობებში კი ტრანსლაციის უფლებებით მიღებულ შემოსავალზე კლუბის ინვესტორმა არც უნდა იოცნებოს.

  • "ფან-შოპი"
არსებობენ კლუბები, რომლებიც მილიონებს ხარჯავენ ფეხბურთელების ყიდვისას, შემდეგ კი დანახარჯს მისი მაისურების გაყიდვით ფარავენ. ასეთი გუნდები საერთაშორისო ბრენდებია და ჩვენი გადმოსახედიდან, ამის მიღწევა ამ პერსპექტივიდან შეუძლებელი ჩანს.

საკლუბო მაღაზია აქვს თბილისის "დინამოსაც", სადაც მაისური 160 ლარი ღირს. ყოველ შემთხვევაში, ასე წერია კლუბის საიტზე. შეიძლება ეს მაისური ხარისხიანი არის, "ადიდასის" ფირმის უმაღლესი მატერია, თუმცა არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასთან შედარებით, არა მგონია, ბევრი მყიდველი ჰყავდეს.

ლილოს ბაზარზე, ერთ-ერთ მაღაზიაში, ყველა მაღალი დონის საფეხბურთო კლუბის მაისური იყიდება. ფასი - ოცი ლარი, ხარისხი - დაბალი, "სინთეტიკა". ასეთ ფასში მაისურები ყველა საფეხბურთო კლუბში მრავლად გაიყიდება, თუმცა ვერ დატოვებს დიდ ფინანსურ მოგებას. უბრალოდ, უფრო მეტ გულშემატკივარს შეეძლება ატრიბუტიკის ყიდვა. ძვირი ფასებით კი უფრო ნაკლები გაყიდვები იქნება, ესეც ვერ იქნება შემოსავალი ქართული კლუბისთვის.

  • ტრანსფერები
რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ქართული ბაზარი არ არის ევროპისთვის მიმზიდველი, რადგან ჩვენი ჩემპიონატი არც ძლიერი ფეხბურთელების და არც ტალანტების სიმრავლით გამოირჩევა. ეს უკანასკნელი სამწუხარო ფაქტია და უნდა ვაღიაროთ.

ის ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებიც ბოლო წლებში გამოჩნდნენ, ევროპის საშუალო დონის ჩემპიონატების საშუალო სიძლიერის კლუბებში აღმოჩნდნენ, რაც ძალიან ცუდი შედეგია. არადა, ეს ფეხბურთელები ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი სპორტსმენებია.

თბილისის "დინამოს" აქვს ძალიან კარგი საფეხბურთო აკადემია, მაგრამ ამ კლუბმა ნიჭიერი ბავშვების ევროპაში გაშვებით ძალიან მცირე შემოსავალი მიიღო. ეს არა ფეხბურთელების, არამედ კლუბში დასაქმებული ადამიანების ბრალი უფრო მგონია. გაუაზრებელი კონტრაქტები და დაკარგული ფეხბურთელები, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები ფეხბურთელების გაშვებისას, ნაკლებად პროფესიონალი მენეჯერები, არასათანადო პიარი და ა.შ.

ტრანსფერები კლუბისთვის ფინანსური მოგების მისაღებად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. თუმცა კარგი აკადემია ვერ გაყიდის საკუთარ თავს, თუ ზედა ფენებში პროფესიონალები არ იმუშავებენ - კლუბის წარმატებისთვის პროფესიონალი თანამშრომლებია საჭირო.

ამის ნათელი მაგალითია გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც "გენტის" ფეხბურთელი არ უნდა იყოს...

ეს მარტო "დინამოს" პრობლემა არ არის, სხვა კლუბებში უარესი სიტუაციაა, პრესპექტიულ ფეხბურთელებს ერთწლიანი კონტრაქტების გამო უფასოდ კარგავენ.

  • საპრიზო თანხები
ეროვნული ლიგის წინა სეზონში ყველაზე მეტი თანხა "საბურთალომ" გამოიმუშავა, მათმა შემოსავალმა 825 500 ლარი შეადგინა. ეს თანხა არც ისე დიდია, რადგან თუ ძლიერი ლეგიონერის ჩამოყვანა გინდა, ხელფასზე შეიძლება ორი ფეხბურთელის შენახვაც გაგიჭირდეს.

თუმცა კლუბისთვის სულ სხვა ამბავია ევროტურნირებზე მოხვედრა. ჩემპიონთა ლიგა ოცნებად დავტოვოთ, რადგან იქ მოხვედრა ახლანდელი წესებით ურთულესია და ფიქრი ამ ეტაპზე შეუძლებელია. თუმცა საპრიზო ფონდი მაღალია და იქ მოსახვედრად საკმაოდ "მსუნაგი" შესაძლებლობების კლუბები ნადირობენ.

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კლუბს 1.3 მილიონი ევროს გამომუშავება შეუძლია. ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შემთხვევაში კლუბი 2.75 მილიონს იღებს, მოგებაში - 570,000 ევროს, ხოლო ფრის შემთხვევაში - 190,000 ევროს. ჯგუფიდან გასული პირველადგილოსანი 1.5 მლნ ევროს იღებს, მეორეადგილოსანი - ერთ მილიონს.

ევროტურნირებიდან შემოსული თანხა გარკვეულწილად ამოიღებს დანახარჯს, თუმცა იქ მოსახვედრად დიდი ფულის გაღებაა საჭირო, ქართული "სულით" და "აბა, ბიჭებოთი" ეს ამბავი არ ხდება.

  • სპონსორი
ეროვნულ ლიგაში კლუბებს ასე თუ ისე სპონსორები ჰყავთ, თუმცა დღესდღეობით, არცთუ ისე დიდ თანხებთანაა დაკავშირებული ან გუნდების საჭიროების უზრუნველყოფა, რის საფუძველზეც კომპანია სანაცვლოდ რეკლამას იღებს.

სამწუხარო ფაქტია, რომ სპონსორთა უმრავლესობა ტოტალიზატორებია, თუმცა კლუბებს რა უნდა მოსთხოვო, როცა "საზოგადოებრივი მაუწყებელი" უწევს მათ რეკლამირებას. სპონსორობის ამბებში ჩართულია სამშენებლო კომპანიებიც, თუმცა დიდი რაოდენობით არა.

თუ ინვესტორი კარგ კლუბს გააკეთებს, სპონსორები გამოჩნდება, თუმცა ამ საკითხზეც შესაბამისი განათლების მქონე პიროვნებებმა უნდა იმუშაონ და არა ყოველმა მეორემ.

საერთაშორისო კომპანიების მიერ ქართული კლუბების დაფინანსების პრეცედენტი ევროტურნირებზე ხშირი ასპარეზობის შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს.

დასკვნა - ღირს ქართულ კლუბში ფულის დაბანდება?

ენთუზიაზმით გაკეთებულ კლუბებს ბოლოს კარგი შედეგი ძირითადად არ მოჰყვება. პერსპექტივა საქართველოს ჩემპიონატში საკმაოდ დაბალია და ამის გამოა, რომ ინტერესი მინიმალურია. ნათქვამია, რომ ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, რადგან როდესაც თანხას აბანდებ გუნდში, ჩემპიონატის სხვა კლუბებიც უნდა გიწყობდნენ ხელს.

როდესაც გსურს ძლიერი ფეხბურთელის ჩამოყვანა, ის არ ჩამოვა, როდესაც ნახავს თბილისის ცარიელ სტადიონებს, რეგიონების მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას. თუმცა მას თუ შესთავაზებ არსებულზე გაორმაგებულ ხელფასს, ის ჩამოვა, მაგრამ შენი ბიუჯეტიდან უფრო მეტი თანხა წავა.

რისკი დიდია, შანსი - მცირე, არჩევანი - არც ისე დიდი. თუმცა ამ ყველაფერს ბაზრის კვლევა და უფრო მეტი სტრატეგია სჭირდება. ფაქტია, ჩამოთვლილი ექვსი პუნქტიდან, მხოლოდ ორში შეუძლია საქართველოს ჩემპიონატში კლუბს გარკვეული თანხის მიღება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ პროფესიონალებისთვის იქნება საქმე ჩაბარებული.

altრეგიონში მხოლოდ სომხეთს ვჯობნით - სად რამდენი ადამიანი ესწრება ლიგის მატჩებს?

altპრემიები და საპრიზოები - რამდენი გამოიმუშავეს 2018 წელს კლუბებმა საქართველოში

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 19 /
ფული არ არის იმდენად შუაში რამდენადაც დილეტანტიზმთან გვაქვს საქმე დაწყებული პარლამენტიდან და რითაც გინდა დაამთავრე. დილეტანტს გინდა მილიარდი მიეცი მეორე დღეს აღარ ექნება
გრიგოლ1408
14:58 25-09-2019
1
მამუკა ჯუღელისნაირი დაბალი დონის აგენტების გამოა ქართული ფეხბურთი ჭაობში. ჩაჩავას მსგავსს ადამიანს ნორმალური ბიზნესმენი ფულს არ ანდობს. ახალი და სანდო კადრებია საჭირო, რომ ინვესტორის ნდობა მოიპოვო.
ლუკა
12:48 25-09-2019
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული