#ვითიბისპორტი

წყალბურთი

ევრო 2020: საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მეტოქეთა ვინაობა გაირკვა

AutoSharing Option
წყალბურთელ ვაჟთა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 12 იანვრიდან უნგრეთის დედაქალაქი უმასპინძლებს.

ბუდაპეშტში ევროპის 16 საუკეთესო ნაკრები მოიყრის თავს. შეჯიბრების ასე ადრე გამართვა იმით არის გამოწვეული, რომ 2020 საოლიმპიადე წელია და ევროპელებს თამაშებისთვის საკვალიფიკაციო ტურნირიც ექნებათ გასამართავი.

2018 წელს ბარსელონაში (ესპანეთი) ევროპის ჩემპიონობა სერბეთმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში მასპინძლებს სძლია. მესამე-მერვე ადგილებზე, შესაბამისად, ხორვატია, იტალია, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუსეთი და უნგრეთი გავიდნენ. საქართველოს ნაკრები ჯგუფში იტალიასთან (3:14), უნგრეთსა (5:12) და გერმანიასთან (9:10) დამარცხდა, მომდევნო ორ შეხვედრაში კი თურქეთსა (15:10) და სლოვაკეთს
(8:6) სძლია და მე-13 ადგილი დაიკავა.

2020 წლის ევროპირველობის რვა ადგილი უკვე განსაზღვრულია. დანარჩენი 8 ადგილისთვის ბრძოლაში შარშანდელი ჩემპიონატის მე-9-მე-16 ადგილოსნებს ხუთი გუნდი დაემატა და წილისყრით ისინი შესარჩევი ტურნირის ოთხ ჯგუფში გადანაწილდნენ:

A ჯგუფი (მასპინძელია საქართველო): გერმანია, საქართველო, შვეიცარია
B ჯგუფი (სლოვაკეთი): საფრანგეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, ბელორუსი
C ჯგუფი (მალტა): რუმინეთი, მალტა, პორტუგალია
D ჯგუფი (ჰოლანდია): ჰოლანდია, თურქეთი, ლიეტუვა

ფინალურ ეტაპზე ჯგუფიდან ორ-ორი გუნდი გადის.

A ჯგუფის თამაშები თბილისში, 11-13 ოქტომბერს გაიმართება. შვეიცარია შედარებით სუსტი გუნდია, ამიტომ დასკვნით ეტაპზე მეოთხედ მოხვედრა არ უნდა გაგვიჭირდეს. მთავარი ამოცანა გერმანიის დამარცხება იქნება, რადგან ამ შემთხვევაში ფინალური რაუნდის წილისყრისას უკეთეს ჯგუფში მოხვედრის შანსი გვექნება. სასურველია, ჩემპიონატზე 12 საუკეთესო გუნდში მოვხვდეთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადის საგზურისთვის ვიბრძოლოთ.

ევროპის შესარჩევი ტურნირისთვის ინტენსიურ მზადებას აგვისტოს მეორე ნახევრიდან დავიწყებთ. თითქმის გადაწყეტილია, რომ თბილისის "დინამო", რომელიც მთლიანად საქართველოს ნაკრების წევრებით დაკომპლექტდება, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს" - უთხრა "ლელოს" საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რევაზ ჩომახიძემ.

Sportall.Ge