ჭიდაობა

ძიუდო

საქართველოს ნაკრებმა "ევროპის ღია თასზე" 4 მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 4 მედლით - 2 ოქროთი, თითო ვერცხლ-ბრინჯაოთი და გუნდური მეორე ადგილით დაასრულა გამოსვლა ავსტრიულ ობერვარტში, "ევროპის ღია თასზე".

ჩემპიონები ონისე სანებლიძე (100) და ონისე ბუღაძე (+100) გახდნენ, ვერცხლი გიორგი ქავთარაძემ (+100) მოიპოვა, ბრინჯაო - დავით ოზბეთელაშვილმა (100).

ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი კიდევ ორმა ჩვენებურმა დაკარგა: გიგა გიგაური (81) და გიორგი პაპუნაშვილი (90) მეხუთეზე გავიდნენ. გუნდურ ჩათვლაში ჩვენები მხოლოდ ერთი ბრინჯაოთი ჩამორჩნენ აზერბაიჯანს. სამაგიეროდ, გაუსწრეს მესამეზე გასულ იაპონიას.

მძიმე წონაში გამართულ ფინალში უძლიერესი ბუღაძე გამოდგა, ვინც გამოცდილებით აჯობა
ქავთარაძეს და დაამტკიცა, რომ ამ რანგის შეჯიბრებებისთვის მაღალი დონეა, თან, ნაკრებს კარგი რეზერვი ეზრდება.

შეიძლება ითქვას, სანებლიძეც დაბრუნდა, რადგან ახალ წონაში პირველ დიდ გამარჯვებას მიაღწია და წონის გამოცვლით გამოწვეული ჩავარდნაც დაძლია. ამ გამარჯვების მოსაპოვებლად მას სულ 26 წამი დასჭირდა გერმანელ დანიელ ჰერბსტის დასამარცხებლად, ვისაც ზედა ჩავლებიდან კარგად გამოჰკრა გარედან და ტომარასავით დააგდო ტატამზე.

ოზბეთელაშვილმა ბრინჯაოსთვის შეხვედრაში იპონით იოლად დაჯაბნა კოტდივუარელი კრემე კოფი კობენა. გიგაურს ავსტრიაში ფრანგული ბარიერი ექცა დაუძლეველად:

ნახევარფინალში ნიკოლას შილართან მარცხის შემდეგ დამამშვიდებლის ფინალი დიმიტრი ტავარეს გომესთან წააგო. პაპუნაშვილი ბრინჯაოსთვის პაექრობაში იტალიელ დომენკო დე გუიდასთან დამარცხდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"