ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი: 4 ქართველი მედლებისთვის იბრძოლებს!

AutoSharing Option
18 ოქტომბერს მაროკოში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 ქართული ძიუდოისტი ფინალურ ბლოკში იასპარეზებს.

ლაშა ბექაური და ვლადიმერ ახალკაცი ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ, ხოლო მარიამ ჭანტურია და ტატო გრიგალაშვილი - ბრინჯაოსთვის.

ფინალური ბლოკი 19:00 საათიდან დაიწყება.

ლაშა ბექაური (90) ნახევარფინალში იაპონელ კოსუკე მაშაიამას შეხვდა და იპონით დაამარცხა. ბექაური ფინალში უნგრელ როლანდ გოზს შეხვდება.

აქამდე ბექაურმა კორეელ იუეპ ჰანს, არგენტინელ მარიანო კოტო-ბერსიერსა და უზბეკ მუზაფარბეკ ტურობოიევს მოუგო.

მიხეილ ბექაური (90) პირველივე შეხვედრაში პოლონელ სებასტიან ოლდაკთან დამარცხდა.

მარიამ ჭანტურია ნახევარფინალში (70) იაპონელ მამი ასაჰის
შეხვდა და იპონით წააგო. ამის შემდეგ ჭანტურია ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ფრანგ მორგან ფერეოლს შეხვდება.

აქამდე ჭანტურიამ მაროკოელი ოულაია ჰაირი, ვენესუელელი ელიანა აგილარი და უზბეკი შოხისტა ნაზაროვა დაამარცხა.

რაც შეეხება 81 კგ წონით კატეგორიას, ორი ქართველი ძიუდოისტი, ვლადიმერ ახალკაცი და ტატო გრიგალაშვილი - ნახევარფინალში გავიდა.

ახალკაცი ნახევარფინალში ბრაზილიელ გილერმე შმიდტს დაუპირისპირდა და იპონით მოუგო. ახალკაცი ფინალში რუსეთის წარმომადგენელ დავით კარაპეტიანს შეხვდება.

გრიგალაშვილი ნახევარფინალში რუსეთის წარმომადგენელ დავით კარაპეტიანს შეხვდა და სამწუხაროდ, წააგო. აღსანიშნავია, რომ კარაპეტიანს ვაზარი მას შემდეგ მისცეს, რაც გდება გრიგალაშვილის დაწყებულ მოძრაობას მოჰყვა. შემდეგ ქართველმა მეტოქე ვაზარზე დააგდო.

მოვლენები ისე განვითარდა, რომ გრიგალაშვილის წამოწყებულ ილეთზე იპონი ისევ კარაპეტიანს ჩაუთვალეს. მსაჯმა გამეორებით გადაამოწმა, მაგრამ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

გამომდინარე აქედან, გრიგალაშვილი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელ მურად ფატიევს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამწუხაროდ მარიამმა ბოლოსკენ ყურადღება მოადუნა, ძირიათდი დროის დამთავრებას 5 წამი აკლდა და იაპონელს ორი გაფრთხილება ჰქონდა... ამ ტურნირზე ტატო ძალიან მაგრად გამოიყურება, რუსების ამ სომეხ ფალავნსაც მოუგებდა, მაგრამ იჩქრა...აი საერთოდ რათ უნდოდა ამ სარისკო გდების წამოწყება, მარტივად მოუთავებდა რომ არ ეჩქარა..წარმატებები ოთხივეს!!!
პაატა
18 ოქტომბერი 2019 17:16
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული