აკი ბაშოს შეჯამება 10 დღის შემდეგ - ბრძოლები, რომლებიც ტოჩინოშინს ელის

AutoSharing Option
აკი ბაშოს 10 დღე მიილია. ვინ არის ფავორიტი და რა ბრძოლები ელის ტოჩინოშინს, შევეცდებით, ნათლად წარმოგიჩინოთ.

ტოჩინოშინს, იგივე ლევან გორგაძეს 6 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს. შესაბამისად, მას კიდევ 5 არანაკლებ რთული ბრძოლა აქვს დარჩენილი.

ლევან გორგაძე ტრავმის შემდეგ ფორმაში ვერ შევიდა და ამ ბაშოზე არასტაბილურად ასპარეზობს. ქართველმა ფალავანმა ორი მოსალოდნელი მარცხი განიცადა იოკოძუნა კისენასოტოსთან და ოძეკ გოეიდოსთან, კომოსუბ ტაკაკეიშოსთან და ნაგოია ბაშოს ტრიუმფატორ სეკივაკე მიტაკეუმთან მარცხი ნამდვილად სიურპრიზი იყო.

ტოჩინოშინს ამ ბაშოზე 8 გამარჯვება სჭირდება, რადგან კადობანშია ჩაყენებული და
მაკე-კოშის (უარყოფითი ბალანსის) დაფიქსირების შემთხვევაში ოძეკის ტიტულს დაკარგავს.

ქართველის ბრძოლები აკი ბაშოზე:


მისი ხვალინდელი მეტოქე იოკოძუნა კაკურიუა, რომელთანაც ქართველს მკვეთრად უარყოფითი ბალანსი აქვს 2:22-ზე, თუმცა ერთხელ ლევანმა, წელს ის უკვე დაამარცხა.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, როცა კაკურიუ ფანტასტიკურ ფორმაშია და ლევანი არასტაბილურად ასპარეზობს, ქართველის გამარჯვების შანსი მინიმალურია. მიუხედავად იმისა, რომ თანრიგი ერთი დღით ადრე დგება, ლევანს აუცილებლად შეახვედრებენ ანალოგიურად დაუმარცხებელ იოკოძუნა ჰაკუჰოს და ოძეკ გოეიდოს მძლეველ ოძეკ ტაკაისუს, რომელსაც ამ ბაშოზე მხოლოდ ერთი მარცხი აქვს. პირდაპირ ვთქვათ, ამ ბრძოლებში ლევანის გამარჯვების შანსი არცთუ ისე დიდია, მაგრამ უკეთესის იმედი გვქონდეს.

თუმცა ლევანს კიდევ ორი ბრძოლა აქვს მარაგში, რომლებშიც აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს. რადგან გორგაძე უფრო დაბალი რანგის სუმოისტებს უკვე შეხვდა, მისი მეტოქეები, სავარაუდოდ, მესამე მაეგაშირები შოდაი (5-5) და ენდო (1-9) იქნებიან. მაგრამ არ გამოვრიცხოთ, მეტოქედ აბი მასატორა დაუდგინონ, რომელიც მეოთხე მაეგაშირაა და დადებითი ბალანსი აქვს (6:4).

ამავდროულად, შოდაისგან ნაცუ ბაშოზე ჰიკიოტოშის ილეთიც გვახსოვს და ტოჩინოშინისთვის წართმეული იმპერატორის თასის მოპოვების შანსიც.

აკი ბაშოს მთავარი ფავორიტები მონღოლები არიან, 10-10 გამარჯვებით იოკოძუნები ჰაკუჰო და კაკურიუ ლიდერობენ. დიდი ალბათობით, მათი ბრძოლის შემდეგ გადაწყდება, თუ ვინ მოიპოვებს იმპერატორის თასს. ბოლოს კაკურიუმ დაამარცხა ჰაკუჰო.

მათი მთავარი მდევარი ოძეკი ტაკაიასუა, რომელსაც 9 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს. იოკოძუნა კისენასოტო კი საჩემპიონო ბრძოლებს ვერ აჩვენებს, მას უკვე ორი მარცხი აქვს და ნაკლებად სავარაუდოა, ამ ბაშოზე ტრიუმფს მიაღწიოს, თან იმ ფონზე, რომ მაღალი წოდების მქონე მხოლოდ ტოჩინოშინს შეხვდა და დარჩენილი 5 ბრძოლიდან, ორ ოძეკთან მოუწევს შეხვედრა და ორ იოკოძუნასთან.

აკი ბაშოს ლიდერთა რეიტინგი ასეთია:

  1. კაკურიუ - 10:0
  2. ჰაკუჰო - 10:0
  3. ტაკაიასუ - 9:1
  4. კისენასოტო - 8:2
  5. გოეიდო - 8:2
  6. რიუდენი - 8:2
  7. ტაკანოია - 8:2
  8. ასანოიამა - 7:3
  9. ჰოკუტოფუჯი - 7:3
  10. იოშიკაძე - 7:3
  11. ტოჩინოშინი - 6:4

რაც შეეხება მეორე ლიგას, გაგამარუს 5 გამარჯვება და 5 მარცხი აქვს. მას დარჩენილი 5 ბრძოლიდან 3-ში გამარჯვება მართებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მესამე ლიგაში გადაინაცვლებს. ხვალ მისი მეტოქე ჯურიო ლიგის მეოთხე ნომერი კიოკუშუჰო იქნება, რომელთანაც ქართველს უარყოფითი ბალანსი 7:11-ზე აქვს.

შესაბამისად, ძალიან დაძაბული და დატვირთული 5 დღე გველის, აკი ბაშოს პირდაპირ ტრანსლაციას კი ჩვენს საიტზე ნახავთ.

altაკი ბაშო. X დღე: ტოჩინოშინმა კაისეი დოჰიოდან გადაიყვანა! [VIDEO]

altტოჩინოშინი და სხვები - 5 დღე მიილია, ვინ რამდენი გამოიმუშავა აკი ბაშოზე?

ასევე დაგაინტერესებთ