ტოჩინოშინი: რა ვქნა ახლა, გამიჭირდა და გავაკეთე, ნუ დამძრახავთ, ძალიან მიჭირდა

AutoSharing Option
18 ივნისს თბილისში, კავკასიის უნივერსიტეტში ტოჩინოშინმა, იგივე ლევან გორგაძემ სტუდენტებთან და პრესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

ტოჩინოშინმა დამსწრე საზოგადოებას პირველად კონიაკით სავსე ჭიქით მიმართა, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა მიაწოდა.

"როგორც ხედავთ, კავკასიის უნივერსიტეტი ტრადიციებს არ არღვევს და შარშანდელივით ისევ კონიაკით შეგვეგება. დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის.

სპორტი არაფერია, თუ გულშემატკივარი არ გყავს. ზუსტად გულშემატკივრებშია მთელი ძალა და სიყვარული, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ვგრძნობ თქვენგან და ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას".

ტოჩინოშინმა ბაშოს შეჯამებაზე საუბარი ერთი წლის წინანდელი ჩამოსვლის ამბით დაიწყო.

"საქართველოში
ჩამოსვლისას შარშანაც სეკივაკე ვიყავი. ახლაც სეკივაკე ვარ, რადგან ოფიციალური ბანძუკე ჯერ არ გამოქვეყნებულა.

ამ ერთი წლის მანძილზე რამდენიმე ტრავმა მივიღე. საქართველოდან დაბრუნებულმა ნაგოიას ბაშოზე 5 ბრძოლიდან ყველა მოვიგე, მე-6 დღეს მარჯვენა ფეხის თითი მოვიტეხე და ბაშოს გამოტოვება მომიწია.

მქონდა წაგებები, მოგებები, შემდეგ ბაშოზე როგორღაც დადებითი ბალანსი ვაჩვენე, თუმცა ბოლოს მაინც დავკარგე ოძეკის ტიტული.

ძალიან განვიცდიდი ოძეკის სტატუსის დაკარგვას, მაგრამ ღმერთის წყალობით მაისის ბაშოზე შევძელი ოძეკის ტიტულის დაბრუნება. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმები ამ ბაშოზეც მქონდა, მარტისგან განსხვავებით, ახლა უკეთ ვიყავი მომზადებული.

10 დღის მერე, როცა ბალანსი 9:1-ზე მქონდა, ვფიქრობდი, რომ ჩემპიონი გავხდებოდი, მაგრამ ენდოსთან შეხვედრის დროს ნატკენი მარჯვენა მუხლი დამიზიანდა.

ერთადერთი, რაც მთელი მქონდა, მენისკს ვგულისხმობ, ისიც დამიზიანდა და ბოლო 5 დღე სრულიად განსხვავებულად წარიმართა. სამწუხაროდ, ჩემპიონობაც დავკარგეთ.

არავის დავძრახავ და ვიტყვი, რომ პატარ-პატარა შეცდომები დაუშვეს. ცხოვრებაში ყველას ეშლება, მაგრამ რაღა ჩემს შემთხვევაში შეეშალათ (იცინის)?!

ასანოიამასთან ბრძოლის შემდეგ ძალიან ბევრი გულშემატკივარი დამხვდა კლუბთან და მეუბნებოდნენ: "შენ გამარჯვებული ხარ, შენ ოძეკი ხარ".

რეალურად კი ორი შეხვედრა მქონდა დარჩენილი, თან იოკოძუნა კაკურიუ და ოძეკი ტაკაიასუ და ყველა ფიქრობდა, რომ წავაგებდი ამ ორ ბრძოლასაც, მაგრამ ღმერთის წყალობითა და თქვენი გულშემატკივრობის წყალობით ოძეკის წოდება დავიბრუნეთ.

აქვე ძალიან ბევრ ადამიანს ბოდიში მინდა მოვუხადო. ძალიან ბევრი გულშემატკივარი მიკავშირდება სოციალური ქსელით და ვერ ვაერხებ ყველასათვის პასუხის გაცემას.

სამწუხაროდ, არ მაქვს იმდენი დრო, რომ სათითაოდ ყველას გიპასუხოთ, ჩაგეხუტოთ და მადლობა გადაგიხადოთ. ახლა გიხდით ყველას მადლობას თბილი სიტყვებისა და გულშემატკივრობისთვის."

ტოჩინოშინი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ასანოაიამასთან მარცხს, როცა მსაჯებმა წაგება ჩაუთვალეს.

"მე არავის ვაბრალებ. შეიძლება მსაჯებმა დაუშვეს შეცდომა, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩემი ბრალი იყო. ისეთი შეხვედრები წავაგე, რომლებიც არ იყო წასაგები. მაგრამ მუხლზე პრობლემა მაქვს. წყალი მიდგება მუხლში, თუმცა 6 თვის განმავლობაში ნემსი არ გამიკარებია.

ენდოსთან დაცემის შემდეგ ისე მტკიოდა, რომ წავედი საავადმყოფოში და ვთხოვე ექიმს, რომ წყალი ამოეღო, თორემ დაძინებას ვერ ვახერხებდი. ამის შემდეგ ტკივილი კი მომეხსნა, მაგრამ ძალა დამეკარგა. ასე ხდება ხოლმე, სპორტსმენებმა კარგად იციან.

საქართველო უცვლელია, სადაც უნდა წახვიდე, რამდენი წელიც უნდა იცხოვრო. 14 წელია იაპონიაში ვცხოვრობ. ამის მიუხედავად, აქ რომ ჩამოვდივარ, სულ სხვა ჰაერია, სულ სხვა გემო აქვს წყალს, ხალხიც სულ სხვანაირია.

14 კი არა, 24 წელი რომ გავიდეს, ის სიყვარული, რაც ჩემშია საქართველოს მიმართ, არასდროს წაიშლება. გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას და მალე გამთლიანებული გვენახოს.

სუმოს ფედერაციაში ამბობენ, რომ სამურაები ვართო. რაღაც მხრივ, ვეთანხმები კიდეც. სუმოში 15 და 23 წლამდე ასაკში შეიძლება ადამიანმა დაიწყოს სუმოისტის კარიერა.

ერთი ფაქტია გამოსაყოფი: სუმოს კლუბში არ შეიძლება იყოს 1-ზე მეტი უცხოელი. ჩვენდა სამწუხაროდ კი, სუმოში ძალიან ბევრი მონღოლია. სამწუხაროდ იმიტომ, რომ რამდენიმე წლის წინ ქართველი ბიჭები ჩამოვიდნენ, უნდოდათ სუმოს ჭიდაობა, მაგრამ ვერცერთმა კლუბმა ვერ მიიღო, რადგან უცხოელები ყველგან იყვნენ. ახლაც ასეა, ყველა კლუბშია უცხოელი და იქ, სადაც არ არის, უბრალოდ ხელმძღვანელს არ სურს ეს. ამიტომ ხდება, რომ სუმოში უცხო ქვეყნიდან არც ისე ბევრი ადამიანია".

დონალდ ტრამპის ჩამოსვლა განსაკუთრებული დღე იყო იაპონიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკასთან დიდი ომი გადაიტანეს, იაპონელებს ამერიკელები უყვართ. განსაკუთრებით, 40 წლამდე ასაკის ადამიანებს. მოხუცები, კი რომლებიც მოესწრნენ იმ ომს, მიიჩნევენ, რომ ამერიკა მათ სასტიკად მოექცა. თუნდაც, ოქინავას კუნძული რომ ავიღოთ, იმდენი ხანი ბატონობდნენ მანდ ამერიკელები, თუმცა ბოლოს მაინც დაუბრუნეს. ეს რუსეთი კი არ უბრუნებს იმ კუნძულებს, არც ჩვენ გვიბრუნებს.

დავუბრუნდები სპორტულ ნაწილსაც, მართლაც განსაკუთრებული დღე იყო. ხალხი იმასაც ამბობდა, რომ ადამიანები ასანოიამას კი არა, დონალდ ტრამპის საყურებლად მივიდნენო.

აღსანიშნავია, რომ სუმოში დროს დიდი მნიშვენოლობა ენიჭება. როგორც წესი, არასდროს ირღვევა განრიგი, მაქსიმუმ 2-3 წუთი გადასცდეს. თუმცა იმ დღეს, შიმპანის შეცვლისას 15 წუთი დაგვიანდა, 15 წუთი ველოდებოდით გამოსვლას და როგორც გავიგე, ასეთი რამ სუმოს ისტორიაში არასდროს მომხდარა.

კაკურიუსთან შეხვედრას რაც შეეხება... დასამალი არაფერი მაქვს, ჩემიანები ხართ, საქართველოში ვარ, ჩემს ტერიტორიაზე. თავიდანვე, წინა დღისითვე ვფიქრობდი, რომ ჰენკა უნდა გამეკეთებინა. მსგავს რამეს იშვიათად ვაკეთებ, მაგრამ, რა ვქნა ახლა, გამიჭირდა და გავაკეთე. ნუ დამძრახავთ, ძალიან მიჭირდა. თქვენ რა უფრო გაგიხარდებოდათ, რომ მეჭიდავა და წამეგო თუ ოძეკის წოდება რომ დამებრუნებინა?

მსგავსი რამის კეთებას სულ ვერიდები, გამოცლა ჩემი სტილი არაა და რა ვქნა, სხვა გზა აღარ იყო.
ყველა შეხვედრას განვიცდი, ყველა შეხვედრაზე მიცემს გული, თუმცა არის ისეთი ბრძოლებიც, რომლებშიც იმაზე მეტად მიცემს გული, ვიდრე უნდა მიცემდეს.

ბევრი განსაკუთრებული ბრძოლა მქონდა, თუმცა ყველაზე მეტად მაინც 10 წლის წინანდელი შეხვედრა მახსენდება, როცა ოძეკი პირველად დავამარცხე. ის ოძეკი ჰარუმაფუჯი იყო.
ჰაკუჰოსთან მოგებული ბრძოლაც ერთ-ერთი განსაკუთრებული იყო ჩემს კარიერაში. იქამდე 25 გამრთულ შეხვედრაში ყველა წაგებული მქონდა.

განწყობა ბავშვობიდან არ შემცვლია. სპორტზე შესვლის დღიდან დღემდე ის ემოციები მაქვს. თუმცა, ძალიან მიჭირს წარმოვიდგინო კარიერის ბოლო. შემიძლია ვთქვა, რომ ახლაც არც კი წარმომიდგენია ის დღე, როცა აღარ ვიჭიდავებ. სპორტი ჩემი ცხოვრებაა. საქმეს, რომელსაც აკეთებ, რომელიც გიყვარს, ის შენი ცხოვრებაა. უკვე 30 წელს გადავცდი და ვგრძნობ, რომ მიახლოვდება ის დღე, როცა სპორტიდან უნდა წავიდე.

არ ვიცი, როდის იქნება ეს, რამდენიმე თვესა თუ წელში. დასასრული ცხოვრებაში ყველაფერს აქვს, მაგრამ არ მინდა ვიფიქრო ამაზე. ჯერჯერობით კიდევ შემიძლია ჭიდაობა და სანამ მუხლი მომცემს ჭიდაობის საშუალებას, იქამდე ვიჭიდავებ. ვიცი, რომ გული არასდროს მიღალატებს.

ვინ იყო ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე? მიჭირს დასახელება. თუმცა იმას ვიტყვი, რომ ტანით პატარა მეტოქეებთან მიჭირს ჭიდაობა. არა მხოლოდ სუმოში, ძიუდოშიც ასე იყო. მირჩევნია, რომ მაღალსა და დიდწონიან მოჭიდავეს შევხვდე.

არასდროს მიფიქრია რომელიმე სპორტსმენზე, რომ ნეტა ამის მსგავსად გავაკეთო, ნეტა ამისნაირი გავხდე. მიფიქრია, რომ ამის მსგავსი მიღწევები მქონდეს-მეთქი, მაგრამ არასდროს მიმიბაძავს სხვისთვის.

ბრძოლისწინა რიტუალი ჩემი ბრძოლიდან მოდის. არ მიფიქრია, რომ ვინმესგან გამორჩეული ვყოფილიყავი. არც ვიცი, როგორ მოხდა ეს, მაგრამ ჩემგან მოდის, ჩემი შინაგანი განწყობაა მხოლოდ.

ძალიან რთული იქნება იაპონიაში კლუბის დაფუძნება და მასწავლებლად მუშაობა. იცით, რატომ? იმიტომ, რომ მე საქართველოში მინდა ცხოვრება. იაპონიაში კლუბის გაკეთებას მხოლოდ თანხები სჭირდება. მაგრამ ერთხელ მოვდივართ ქვეყანაზე, ქართველ კაცად დავიბადე, საქართველოში გავიზარდე, ახლა კი ვცხოვრობ იაპონიაში და ჩემი სპორტი სუმოა, მაგრამ არ მინდა იქ ცხოვრება, მინდა დავბრუნდე საქართველოში ჩემს ოჯახთან და ქართულ მიწაზე მინდა ვიცხოვრო.

ლევან ცაგურია ჩემი მეგობარია, ვძმაკაცობთ. 14 წლის წინ საერთოდ არ ვიცნობდი მას, მაგრამ ვმეგობრობდი მის ძმასთან. თუმცა, ლევანის დამსახურებაა, რომ დღეს მე სუმოისტი ვარ.

2005 წელს ერთ-ერთ იაპონურ უნივერსიტეტში ვემზადებოდი სუმოში. სულ 3-თვიანი ვიზა მქონდა. იქ ჩასვლიდან 1 თვეში შევხვდი ლევანს და მან მითხრა: "თუ შენ შეძლებ, თუ გაუძლებ აქ ცხოვრებას, დარჩი იაპონიაში". 14 წელია ვუძლებ და მადლობა ლევან ცაგურიას.

მონღოლებიდან ჰაკუჰოსა და ტამავაშის გამოვარჩევ, ორივე მათგანთან ვმეგობრობ, ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს. ის (ჰაკუჰო) მხოლოდ სპორტსმენი არ არის, ის დიდი პიროვნებაა. მე მას, როგორც ადამიანს, უდიდეს პატივს ვცემ და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემპიონი ძალიან ბევრჯერ გახდა. ის თავმდაბალი და წესიერი პიროვნებაა.

ქართველ სუმოისტ ფანებზე მსმენია კი არა, ეს ყველაფერი შესისხლხორცებული მაქვს და ამ ყველაფერს მეც განვიცდი. ვუყურებ თქვენს გულშემატკივრობას, თქვენს შეკრებას და ეს ყველაფერი ძალიან დიდი ძალაა ჩემთვის. ერთი შეძახილი, ორი სიტყვაც კი უდიდესი სტიმულია ჩემთვის.

მიუხედავად იმისა, რომ წერა-კითხვა ბავშვობიდან არ მიყვარდა (იცინის), ძალიან ბევრ კომენტარს ვკითხულობ და დიდ მადლობას გიხდით ყველას.

ბარუტო ყველაზე ძლიერი სუმოისტი იყო, არა მხოლოდ ახლა, არამედ ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი. ერთხელ, დოჰიოზე რომ ამიტაცა ხელში, ზევით არსებული ნათურების სითბო მაგრძნობინა.

რაც შეეხება ტაკაკეიშოს დამარცხების ფორმულას. ბაყაყი ხომ იცით? დახტუნავს, დახტუნავს, დახტუნავს და უნდა დაიჭირო რა. თუ დაიჭერ, ყველაფერი დამთავრებულია.

იჩინოჯოსთან შეხვედრის შემდეგ სულ ძალიან დაღლილი ვარ. ძალიან კარგი ბიჭია იჩინოჯო, თავის ტანთან შედარებით (იცინის). ყველას აქვს ცრურწმენები, მეც მაქვს და აი, ახლა რომ მკითხეთ, სულ უგებ იჩინოჯოსო, უცებ გულში გავივლე, შეიძლება შემდეგი წავაგო-მეთქი. კარგი ბიჭია, კარგი სპორტსმენია და წარმატებები მინდა ვუსურვო.

მე 18 წლის ვიყავი, როცა სუმოს ჭიდაობა დავიწყე. ასაშორიუ ჩემს კლუბში ხშირად მოდიოდა სავარჯიშოდ. სუმოს სამყაროში, ჩემი აზრით, ჰაკუჰო უდიდესი იოკოძუნაა. როცა ვარჯიში დაწყებულია და ჰაკუჰო მოდის, ყველას უხარია, ყველა თავისებურად გამოხატავს ამას. ხოლო, როცა ასაშორიუ მოდიოდა, ყველა ჩუმდებოდა, ირგვლივ ხმა არ ისმოდა. თუმცა ის საოცარი მოჭიდავე იყო, უამრავი ილეთი ჰქონდა და ძალიან მრავალფეროვანი იყო".
მკითხველის კომენტარები / 20 /
"მიზანი ამართლებს საშუალებას"? გული დამწყდა. მერჩია ეთქვა, ასე მოხდა, უცბად გადავწყვიტეო.
ნინო
14:08 26-06-2019
0
> მაგრამ ღმერთის წყალობითა და თქვენი გულშემატკივრობის წყალობით ოძეკის წოდება
> დავიბრუნეთ

რამდენი წლის განათლებაა აქვს ლევანს? ისე ლაპარაკობს რომ თვითონ არაფერი გაუკეთებია.

ქართველო ამერიკელი
05:31 26-06-2019
2

სიახლეები პოპულარული