ჭიდაობა

თავისუფალი

ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში: არასრული გუნდით

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ აგვისტოს, ფინურ ტამპერეში ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება, რომელშიც თავდაპირველად თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან.

ჩვენი ნაკრები ამ ტურნირზე არასრული და გადახალისებული გუნდით გამოვა: მონაწილე არ გვეყოლება 50 კილოგრამში, 66-ში კი ქუთაისელი მირზა სხულუხია სამტრედიელმა ივერიკო ჯულაყიძემ ჩაანაცვლა. მწვრთნელ ბელდუხ გავაშელს ეს ცვლილება იმთავითვე ჰქონდა დაგეგმილი, ბოლო შეკრებაზე კი 55-ში ევროპის წლევანდელი პრიზიორი, გორელი თემურ ვანიშვილი ყვარლელი რობერტ დინგაშვილით ჩაანაცვლა.

დღეს ტამპერეში 50, 60, 74 და 96 კილოგრამების ფალავნები გამოვლენ. გულშემატკივარს შეხვედრების ლაივ-სთრიმით ნახვა ამ ბმულზე შეუძლია.

60-ში ჩვენი
ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი, სამტრედიელი ედემი ბოლქვაძე ამერიკელ მიჩელ სტივენ კეესთან იჭიდავებს, მოგების შემთხვევაში კი თურქი უტკუ დოგანისა და ჩინელი იუონგუანგ ხუს წყვილში უკეთესი შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ჩვენებურმა დოგანს ერთი თვის წინ ევროპის ჩემპიონატზე დაძაბულ ბრძოლაში 8:7 მოუგო, თუმცა მაინც ძნელ ჯგუფშია: მის მხარეს მოხვდნენ აზერბაიჯანელთა წლევანდელი ევროპის ჩემპიონი ალი რაჰიმზადე, სომეხი და უკრაინელი ფალავნები. ევროპის პირველობაზე ბოლქვაძე უკრაინელთა მომავალ ფინალისტ ანდრეი იაცენკოსთან დამარცხდა, თუმცა ახლა მის ნაცვლად არტემ ჯელემას აჭიდავებენ.

74 კილოგრამში ევროპის ფინალისტი, ამბროლაურელი ავთანდილ კენჭაძე საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახ ჟაკსილიკ სულთანს დაეჭიდება, მოგების შემთხვევაში კი მეტოქედ სომეხ ჰრაირ ალიხანიანსა და ბელორუს იაჰორ აკულიხს შორის უმჯობესი ეყოლება.

ევროპის ჩემპიონატზე ჩვენებურმა სომეხთა სხვა ფალავანს მოუგო, ბადის მის მხარეს კი თურქთა ევროპის მესამეპრიზიორი მუჰამეტ ლუფტი ქუჩუკილდირიმი და რუსი ფალავანი მოხვდნენ, ოღონდ რუსებმა ევროპის ჩემპიონი ახლა სხვა ათლეტით შეცვალეს. აზერბაიჯანის, ირანის, უკრაინის წარმომადგენლებიც აქეთ არიან და კენჭაძეს მართლაც სულთნის მადლი ჰფარავდეს!

96-ში ევროპის მოქმედი ჩემპიონი, მცხეთელი გივი მაჭარაშვილიც საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებმება პაექრობებში იაპონელ ტაკაში იშიგუროსთან შეხვედრით. მეორე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ერთ-ერთ სავარაუდო მეტოქედ ისევ იტალიელი სიმონე იანატონი ეყოლება, ვინც ევროპირველობის ფინალში დაუნანებლად არახუნა აქეთ-იქით ტომარასავით და წამებში მოუგო წმინდად. ვნახოთ, ამჯერადაც შედგება თუ არა ეს პაექრობა - საამისოდ იტალიელმა უკრაინელი ალექსანდრ ჰიმიშლი უნდა დაჯაბნოს.

მაჭარაშვილის მხარეს ძლიერი ქვეყნებიდან ამერიკელი, აზერბაიჯანელი და ირანელი მოჭიდავეებიც არიან, თუმცა აზერბაიჯანელებს ამჯერად ევროპის პრიზიორ მაგომედრასულ გაზიმაგომედოვის ნაცვლად (ჩვენებურმა ევროპაზე ამასაც მოუგო) ალიმაგომედ ალიკმაევი ჰყავთ.

სხვა წონებში ჩვენგან, დინგაშვილის (55) და ჯულაყიძის (66) გარდა, ხარაგაულელი ევროპის წლევანდელი მესამეპრიზიორი ზაურ ბერაძე (84) და მცხეთელი ზურაბ ურთაშვილი (120) გამოვლენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"