ჭიდაობა

თავისუფალი

ქართველმა მოჭიდავეებმა კიევის ტურნირზე 11 მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
კიევში დასრულდა "სახელოვან უკრაინელ მოჭიდავეთა და მწვრთნელთა მემორიალი", რომელშიც წარმატებით გამოვიდნენ ჩვენი თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები.

ჩვენებმა იქ 11 მედალი მოიპოვეს - 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. ხარისხობრივად უფრო უკეთ "ბერძენ-რომაელები" გამოვიდნენ - ორივე ოქრო მათი ნადავლია, რასაც ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაოც დაუმატეს, მაგრამ "თავისუფლებმა" უფრო მეტი - 6 მედალი მოიპოვეს: 3-3 ვერცხლი და ბრინჯაო.

ბერძნულ-რომაული ნაკრებიდან ჩემპიონები ოლიმპიური და ევროპის მედალოსანი შმაგი ბოლქვაძე (72) და ახალგაზრდა ლევან ქავჟარაძე (67) გახდნენ. მეორეზე ნუგზარ წურწუმია (55) და
ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (82) გავიდნენ, ხოლო ბრინჯაო იაკობ ქაჯაიამ (130) მოიპოვა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან ფინალში თეიმურაზ ვანიშვილი (57), ევროპის ფინალისტი ბექა ლომთაძე (61) და ოლიმპიური პრიზიორი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (125) დამარცხდნენ, ხოლო მესამეზე ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის სამგზის ტრიუმფატორი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65), ირაკლი მწითური (92) და გიორგი მეშვილდიშვილი (125) გავიდნენ.

ამის მიუხედავად, ცოტა უცნაური ტურნირიც გამოვიდა, რადგან დამარცხდა ჩვენი ლიდერების უმრავლესობა. თუმცა ამაში დიდი როლი მსაჯთა ფაქტორმაც ითამაშა - ეს რომ არა, შედეგი უკეთესი იქნებოდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"