დავით მოძმანაშვილს დოპინგის მოხმარების გამო ოლიმპიურ ვერცხლის მედალს ჩამოართმევენ

AutoSharing Option
დავით მოძმანაშვილს ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე მოპოვებულ ვერცხლის მედალს ჩამოართმევენ. ეს ინფორმაცია საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გაავრცელა.

"თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით მოძმანაშვილს, რომელიც 2017 წლიდან უზბეკეთის სახელით გამოდის და ვისაც 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მძიმე წონაში (120 კგ) დაკავებული მეორე ადგილისთვის ვერცხლის მედალი გადაეცა, დისკვალიფიკაცია მიესაჯა.

საქმე ის არის, რომ უახლესი სამეცნიერო ანალიზის მეთოდებით 2012 წელს აღებული სინჯების საკონტროლო შემოწმებისას, მოძმანაშვილის სინჯს დადებითი პასუხი აღმოაჩნდა დეჰიდროქლორმეთილტესტოსტერონზე (ტურინაბოლი).

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) სადისციპლინო კომისიამ, რომელიც დენის ოსვალდის (თავმჯდომარე), გუნილა
ლინდბერგისა და ხუან ანტონიო სამარანჩი-უმცროსის შემადგენლობით შედგება, დაასკვნა:

დავით მოძმანაშვილმა დაარღვია ლონდონის XXX ოლიმპიური თამაშებისთვის გაწერილი IOC-ის ანტისადოპინგო წესები და შედეგად მიესაჯა დისკვალიფიკაცია, კონკრეტულად კი - ლონდონის თამაშებზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 120 კილოგრამ წონით კატეგორიაში. მოძმანაშვილს უნდა ჩამოერთვას მედალი და დააბრუნოს.

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა (საჭიროების შემთხვევაში, უზბეკეთის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან კოორდინაციაში) გადაწყვეტილება სისრულეში უნდა მოიყვანოს. გადაწყვეტილება ძალშია მისი გამოქვეყნებისთანავე.

სუფთა ათლეტების დაცვა და დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) უმთავრესი პრიორიტეტია, როგორც ეს გაწერილია ოლიმპიური დღის წესრიგი-2020-ში, რაც ოლიმპიური მოძრაობის მომავლისთვის IOC-ის ერთგვარი სახელმძღვანელო რუკაა.

რა თქმა უნდა, ამ ბრძოლას უერთდება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიც, რომელმაც ბოლო წლებში არაერთი ქმედითი ნაბიჯები გადადგა და პრევენციული ღონისძიებები განახორციელა დოპინგის გამოყენების აღსაკვეთად, იმისთვის, რომ კიდევ უფრო გამკაცრდეს სასჯელი აკრძალური პრეპარატების გამოყენებისთვის და ეს აისახოს საქართველოს კანონმდებლობაში", - იტყობინება საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული